
ევროპარლამენტის არჩევნების წინ ლე პენისა და მაკრონის პარტიები ლიდერობენ
21/05/2019 11:50:23 სხვა, მსოფლიო
ევროპარლამენტის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე საფრანგეთში ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანება“ (ყოფილი „ეროვნული ფრონტი“) და საპრეზიდენტო პარტია „წინ, რესპუბლიკა!“ ლიდერობენ. მარინ ლე პენის პარტიას გამოკითხულთა 23,5% უჭერს მხარს, ხოლო ემანუელ მაკრონის პარტიას – 23, – იუწყება ინსტიტუტი IPSOS.
ამასთან, როგორც ინსტიტუტის ყოველთვიური გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, მაკრონის პარტიის რეიტინგი მყარად ნარჩუნდება, ხოლო ლე პენის გაერთიანებისა 1%–ით არის გაზრდილი.
მესამე ადგილზე 13%–ით მემარჯვენე პარტია „რესპუბლიკელებია“. საფრანგეთის სოციალისტური პარტია 5%–იან ბარიერს მცირედით ლახავს, სხვა პარტიების რეიტინგები კი მაქსიმუმ, 1%–ს შეადგენს. მათ შორისაა „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობაც, – იუწყება IPSOS–ის მონაცემებზე დაყრდნობით საერთაშორისო ფრანგული რადიო.
ცნობისთვის: ევროპარლამენტის არჩევნები 26 მაისისთვის არის დაგეგმილი.