Accentnews.ge
რას არგებს აფხაზეთს კუხო, “საკავშირო სახელმწიფო” და მოსკოვის მიერ ინიცირებული საინტეგრაციო პროცესები

რას არგებს აფხაზეთს კუხო, “საკავშირო სახელმწიფო” და მოსკოვის მიერ ინიცირებული საინტეგრაციო პროცესები

29/10/2022 19:09:24 კონფლიქტები

სანამ რუსეთი და მისი ლიდერი ფაქტობრივად მთელი მსოფლიოს თვალში საბოლოოდ ყალიბდებიან “კოჭლ იხვად“, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წევრები მოსკოვის საამებლად გაუთავებლად იმეორებენ იმას, რაც პუტინს ნაიარევ გულზე მალამოდ ედება და ცდილობენ, იგივე დააჯერონ აფხაზეთის მოსახლეობასაც.

ასე, მაგალითად, აფხაზეთის “საგარეო საქმეთა მინისტრმა”, კრემლის მიერ ხელდასულმა ინალ არძინბამ მოსკოვში მორიგი ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ “წარმოებს კონსულტაციები რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში აფხაზეთის გასაწევრიანებლად” და რომ მოსკოვის მიერ ევრაზიის სივრცეში ინიცირებულ საინტეგრაციო პროცესებს “ძალიან ბევრი უჭერს მხარს”.

“ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი პროექტია, მიმზიდველი როგორც ეკონომიკური, ისე ეროვნული უსაფრთხოების გარანტირების კუთხით. ჩვენ ყურადღებით ვსწავლობთ საინტეგრაციო გაერთიანებებს, ევრაზიული ინტეგრაციის მსვლელობას და სამომავლოდაც გავაგრძელებთ სვლას ამ მიმართულებით", - განაცხადა არძინბამ “РИА Новости”-სთვის მიცემულ ინტერვიუში იმ კითხვის საპასუხოდ, რომელიც “საკავშირო სახელმწიფოსთან” აფხაზეთის შესაძლო მიერთებას ეხებოდა.

“მინისტრმა” ისაუბრა ასევე “აფხაზეთის დაინტერესებაზე”, განავითაროს ურთიერთობები კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასთან (კუხო), რომელმაც, მისი მტკიცებით, “უკვე არაერთგზის დაამტკიცა თავისი ეფექტურობა რუსეთის ლიდერობის პირობებში”.

და ეს ყველაფერი – ფართო განხილვებისა და ყოველგვარი შეთანხმების გარეშე აფხაზურ საზოგადოებასთან, რომელიც საინტეგრაციო პროცესებთან მიმართებაში ერთსულოვნებას სულაც არ ავლენს. რა გასაკვირია? - არძინბასთვის ხომ, ისევე, როგორც რუსეთის ხელმძღვანელობისთვის, მოსკოვის სურვილი კანონია. ასე თვლიდა კრემლი სსრკ-ის დროს, რომლის დაშლა პუტინმა უკვე არაერთგზის შეაფასა “XX საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ შეცდომად”. ასე თვლის კრემლი დღესაც: რუსეთის პრეზიდენტი, უშვებს რა მართლაც რომ საბედისწერო შეცდომას, ცდილობს, ძალით აღადგინოს საბჭოთა იმპერია, რომლის სუბიექტებიც, მისი ხედვით, ისევ და ისევ, მხოლოდ “რუსული ინტერესების ზონას” უნდა წარმოადგენდნენ.

მაგრამ მოდით, მოვწყდეთ არძინბა-კრემლისეულ ვირტუალურ რეალობას და ვნახოთ, სინამდვილეში რა ხდება რუსეთის, მის მიერ ინიცირებული საინტეგრაციო პროცესების “მხარდამჭერების”, კუხო-სა და მასში რუსეთის “ლიდერობის” ირგვლივ.

უკრაინის ომმა რუსეთს უმძლავრესი სარეპუტაციო დარტყმა მიაყენა, თანაც არა მარტო დასავლეთის, არამედ პოსტსაბჭოთა ქვეყნების თვალშიც. დიახ, მათი ლიდერები პუტინს ჯერ კიდევ ხვდებიან, მაგრამ ყოველი ახალი შეხვედრა კიდევ უფრო მეტად ააშკარავებს რუსეთის ფედერაციის როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური რეპუტაციის შელახულობას: პირველ შემთხვევაში - უკრაინაში განცდილი კრახის, ხოლო მეორეში - დასავლეთის სანქციებისა და პუტინის მცდელობების გამო, ყველა ჩაითრიოს იმ “რუხ” პარალელურ იმპორტში, რომელში მონაწილეობის მზადყოფნაც ამასწინათ, სხვათა შორის, ღიად დაადასტურა აფხაზეთის “პრეზიდენტმა” ასლან ბჟანიამ.

იმ ქვეყნებისთვისაც კი, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში რუსეთს პარტნიორად განიხილავდნენ, პუტინი ახლა “კოჭლი იხვია”: მას შესაძლოა, ჯერ კიდევ ესაუბრონ, მაგრამ არა როგორც “უფროს ძმას”, როგორადაც ამასწინათ აფხაზეთში “სანახევრო” ვიზიტით ჩასული ბელარუსის დიქტატორი მმართველი ალექსანდრე ლუკაშენკო წარმოაჩენდა. პუტინს თანასწორ პარტნიორადაც კი აღარ განიხილავენ და მით უფრო უსაფრთხოების გარანტად.

დაახლოებით ერთი თვის წინ, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამარყანდის სამიტზე ნათელი გახდა, რომ რუსეთისა და მისი ლიდერის წონა მნიშვნელოვნადაა შემცირებული. ამასწინათ ასტანაში გამართულმა “რუსეთ-ცენტრალური აზიის” სამიტმა კი საბოლოოდ გააფორმა ახალი რეალობა: რუსეთი რეგიონისთვის ლიდერი აღარაა.

ამის მტკიცებულებად, სხვა ყველაფერთან ერთად, იქცა ტაჯიკეთის დღემდე მდუმარე პრეზიდენტის - ემომალი რახმონის საქციელიც: მან პუტინი საჯაროდ დატუქსა, სსრკ-ის დაშლის მიზეზები შეახსენა და დუშანბეს მიმართ პატივისცემა მოსთხოვა.

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის გავლენის მნიშვნელოვან შემცირებაზე მეტყველებს იმ კონფლიქტების განახლებაც, რომელთა დარეგულირებაშიც მოსკოვი ერთ დროს თავს საკვანძო მოთამაშედ პოზიციონირებდა. კერძოდ, რუსეთმა ვერ მოახდინა გავლენა ყირგიზეთსა და ტაჯიკეთზე, რომელთა შორისაც მრავალწლიანი პაუზის შემდეგ 2022 წლის სექტემბერში შეიარაღებულმა დაპირისპირებამ იფეთქა. კუხო-ს წევრ ამ სახელმწიფოებს შორის კონფლიქტის განახლება ამავდროულად რუსეთის თაოსნობით შექმნილი და მოქმედი ამ ბლოკის შეუმდგარობის მორიგ მტკიცებულებად იქცა.

უნდა აღინიშნოს, რომ კუხო-ს ქმედითუნარიანობისა და არსებობის გაგრძელების მიზანშეწონილების ირგვლივ კითხვები ბოლო წლებში უკვე არაერთგზის დასმულა, თანაც არა მარტო სხვა წევრ ქვეყნებში, არამედ თავად რუსეთშიც. ასე, მაგალითად, 2020 წლის ზაფხულში, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარების მორიგი ესკალაციის ფონზე რუსული “Независимая газета” წერდა: “გვიწევს იმის კონსტატაცია, რომ არ არსებობს არც ერთი მაგალითი, კუხო-ს მონაწილეობა მიეღოს მსგავსი დაპირისპირებების დარეგულირებაში, არადა, კონფლიქტი ბევრი იყო. ამჟამინდელმა ესკალაციამ კვლავ აქტუალურად აქცია კითხვა, რამდენად ქმედითუნარიანია ეს სტრუქტურა და ვის სჭირდება იგი. რეალური მუშაობა წევრი ქვეყნების ინტერესების დასაცავად და კონფლიქტების მოსაგვარებლად მინიმალურია”.

სომხეთ-აზერბაიჯანის უკანასკნელმა შეიარაღებულმა დაპირისპირებამ კი საბოლოოდ გაანადგურა რუსეთის, როგორც კუხო-ს ლიდერისა და სამხედრო პარტნიორის რეპუტაცია. რუსეთმა ხომ კვლავ მარტოდ დატოვა სამხედრო თვალსაზრისით ბევრად ძლიერი აზერბაიჯანის წინაშე სომხეთი – ქვეყანა, რომელიც ამჟამად ამ ორგანიზაციას თავმჯდომარეობს. ერევანმა კუხო-ს უკვე მეორედ მიმართ სამხედრო დახმარების თხოვნით, რომელიც ამ ორგანიზაციის წესდებით ამჯერად უდავოდ ეკუთვნოდა, თუმცა მის ნაცვლად მიიღო მხოლოდ განცხადება “კონფლიქტის დიპლომატიური გზებით მოგვარების აუცილებლობის” შესახებ. ვითარების დეესკალაცია ერევანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ მოხერხდა. შემდგომში სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შუამავლობა აშშ-მა და ევროკავშირმა იკისრეს. შედეგად პრაღაში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის შეთანხმება იქნა მიღწეული – პირველი ამ კონფლიქტის ისტორიაში, რომელიც რუსეთის მონაწილეობის გარეშე მოხერხდა.

რა გასაკვირია, რომ ზემოთხსენებულის შემდეგ ყირგიზეთმა ამასწინათ კუხო-ს ოქტომბრისთვის დაგეგმილი სამხედრო წვრთნები გააუქმა, სომხეთმა კი ამ ბლოკის ეგიდით წვრთნებში მონაწილეონაზე უარი განაცხადა და ამასთანავე, სულ უფრო აქტიურად განიხილავს კუხო-ს დატოვებას, საგარეო პოლიტიკის დივერსიფიკაციასა და დასავლეთთან სამხედრო თანამშრომლობის დაწყებას?

კუხო-სა და მასში რუსეთის “ლიდერობაზე” საუბრისას გასათვალისწინებელია ყაზახეთის პოზიციაც. “დიახ, პრეზიდენტი ტოკაევი ჯერ-ჯერობით ლავირებას ცდილობს, მაგრამ გარკვეულ მომენტში ყაზახეთს აუცილებლად მოუწევს, გადაწყვიტოს, დარჩეს თუ არა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა და კუხო-ში, რომელიც, არსობრივად, არასოდეს ავლენდა ეფექტურობას”, - ამბობენ ყაზახი ექსპერტები. ამასთან, მათი შეფასებით, მიმდინარე წლის იანვრიდან, როცა კუხო-მ (არსობრივად კი პუტინმა) მხარი დაუჭირა ქასიმ-ჟომარტ ტოკაევს შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში, ეს უკანასკნელი ყოველმხრივ ცდილობდა, გათავისუფლებულიყო პუტინის მევალის იმიჯისგან, უკრაინის ომმა კი ტოკაევს ამის შესაძლებლობა მისცა. “ასტანის სამიტი – ეს სწორედაც რომ ტოკაევის მცდელობა იყო, შეეთავაზებინა საკუთარი დღის წესრიგი. ეს ყაზახეთის პატრონაჟით მოქმედი ერთგვარი პლატფორმაა, რომელიც მზადაა, მეტ-ნაკლებად ქმედითუნარიან საერთაშორისო ორგანიზაციად ჩამოყალიბდეს და მეტიც, შესაძლოა, ერთგვარი კონკურენციაც კი გაუწიოს რუსეთის გავლენას პოსტსაბჭოთა სივრცეში. ტოკაევი ეცდება, გააძლიეროს თანამშრომლობა “შანხაის თანამშროლობის ორგანიზაციასა” და “თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციასთან” [“თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოსთან” – რედ.]” – თვლიან ექსპერტები.

მაშ რა აძლევს ყოველივე ზემოთთქმულის ფონზე აფხაზეთის “საგარეო საქმეთა მინისტრს” საფუძველს, “ეფექტურად” და პერსპექტიულად თვლიდეს კუხო-ს – ორგანიზაციას, რომლიდანაც ყველა გარბის? ან რუსეთის რომელ “ლიდერობაზე” ესაუბრება იგი ხალხს?

და ვინაა ის “მრავალი”, ვინც, ინალ არძინბას მტკიცებით, “მხარს უჭერს რუსეთის მიერ ინიცირებულ საინტეგრაციო გაერთიანებებს”? პოსტსაბჭოთა ქვეყნების ლიდერებიდან ხომ მხოლოდ ერთია დარჩენილი, ვინც მზადაა, პუტინი კვლავინდებურად “უფროს ძმად” განიხილოს. ეს ბელარუსის არალეგიტიმური მმართველი ლუკაშენკოა, - “პრეზიდენტი”, რომელმაც საკუთარი ხალხისთვის ცეცხლის გახსნის ბრძნებით, ბელარუსის ტერიტორიიდან მშვიდობიანი უკრაინელების დაბომბვის ნებართვითა (რისთვისაც, ადრე თუ გვიან, საერთაშორისო ტრიბუნალი არ ასცდება) და ამასთანავე, განწყობების ხშირი ცვლით გაითქვა სახელი.

რაც შეეხება “საკავშირო სახელმწიფოს” არაღიარებულ/ნაწილობრივ აღიარებულ პოტენციურ წევრებს, რუსეთის წარმომადგენლები ბოლო დრომდე ამ ხარისხში მთიან ყარაბაღს განიხილავდნენ, მაგრამ სომხეთ-აზერბაიჯანის უკანასკნელი შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა. “საკავშირო სახელმწიფოს” პოტენციურ წევრებად განიხილებოდნენ ასევე ე.წ. დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკები, მაგრამ პუტინმა ისინი “რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში მიიღო” და ამდენად, “საკავშირო სახელმწიფოს” ცალკე წევრობა მათ ცხადია, აღარ უწერიათ. ვინღა რჩება? - აფხაზეთი და ე.წ. “სამხრეთ ოსეთი”? როგორც ჩანს, მათ გულისხმობდა ინალ არძინბა იმ “მრავალში”, ვინც თურმე, “მხარს უჭერს რუსეთის მიერ ინიცირებულ საინტეგრაციო გაერთიანებებს”...

ამასაც რომ თავი დავანებოთ, თავად საბჭოთა იმპერიის “საკავშირო სახელმწიფოს” სახელით აღორძინების ინიციატორის მომავალი დგას დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ. დამოუკიდებელი რუსი ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ევროპული ტიპის უზარმაზარი იმპერიული წარმონაქმნის სახით არსებობის გაგრძელება რუსეთს ნამდვილად აღარ უწერია. ის, რადაც პუტინმა საკუთარი ქვეყანა აქცია, აწი მხოლოდ “მსოფლიოს ლიბერალური ინფექციისგან გათავისუფლებისთვის მებრძოლი” ორი-სამი ავტორიტარული ქვეყნის ავანგარდში შეიძლება, წარმოვიდგინოთ. მაგრამ ამგვარ ტოქსიკურ ერთობაშიც კი რუსეთს წამყვანის როლი აღარ ერგება (მაგალითად, ეკონომიკური თვალსაზრისით იგი ლიდერობას ჩინეთს დაუთმობს).

ასე, რომ თუკი აფხაზური ხელმძღვანელობა მოსკოვისთვის პირადი ერთგულების მტკიცების მცდელობებს შორის პაუზებში ოდნავ მაინც ფიქრობს აფხაზეთის მომავალზე, დროა, გააცნობიეროს რეალობა: პუტინის რუსეთი – ეს არის ტოქსიკური პარტნიორი მომავლის გარეშე. ეს ის პარტნიორი არაა, რომელსაც მომავალი უნდა დაუკავშირო – გინდ ეკონომიკური, გინდ სამხედრო და გინდ პოლიტიკური.

ეკა ცანავა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S