
JTEC-ში დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა საერთაშორისო კურსი დასრულდა
30/10/2022 07:17:10 თავდაცვა
NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა (IOCT) საერთაშორისო კურსი დასრულდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
"კურსი, რომელშიც მონაწილეობას ხუთი ქვეყნის 14 წარმომადგენელი იღებდა, ორ ფაზად ჩატარდა. თეორიულ ნაწილში მსმენელები დამკვირვებელ-მაკონტროლებლის ფუნქციებსა და მოვალეობებს, ასევე ოპერატიული გარემოს ცვლადებსა და მოქმედების შემდგომი მიმოხილვის ჩატარების მეთოდებს გაეცნენ.პრაქტიკული ფაზა სამხედროებმა ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე გაიარეს, სადაც კურსანტებს შესაძლებლობა მიეცათ საწვრთნელი ხაზები მოეწყოთ და ოცეულის ზომის რეალურ ქვედანაყოფზე დაკვირვება განეხორციელებინათ. ხუთდღიან სწავლებას ქართველ ინსტრუქტორებთან ერთად ლიეტუველი ოფიცრები უძღვებოდნენ.მსმენელებს კურსის გავლა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ მიულოცა და წარმატებები უსურვა. JTEC-ში ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ"- ნათქვამია ინფორმაციაში.