Accentnews.ge
რუსებმა არტილერია გაიტანეს ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროდან - სარდლობა „სამხრეთი“

რუსებმა არტილერია გაიტანეს ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროდან - სარდლობა „სამხრეთი“

31/10/2022 06:25:09 ევროპა

რუსეთის ჯარებს არტილერია დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან ხერსონის ოლქში გადააქვთ, იუწყება უკრაინის ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“.

„საოკუპაციო ჯარების ნაწილებმა დაიწყეს მზადება ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროდან საარტილერიო იარაღის შესაძლო სხვა რაიონებში გადაყვანისთვის“, - ნათქვამია მოხსენებაში.

უკრაინის სარდლობის განცხადებით, ოკუპანტები ხერსონის რეგიონის მცხოვრებლებს უქმნიან შეუსაბამო საცხოვრებელ პირობებს და სასწრაფო ევაკუაციის კამპანიას ახორციელებენ.

„საოკუპაციო ხელისუფლებამ გათიშა ელექტროენერგია და წყალი, ინტერნეტზე წვდომა, აშინებს მოსახლეობას უკრაინის შეიარაღებული ძალების სარაკეტო თავდასხმებით, აწარმოებს სასწრაფო ევაკუაციის კამპანიას. თავად ოკუპანტებს უპირველეს ყოვლისა, მედპერსონალი და ოპერატიული სამსახურები გამოჰყავთ. ადგილობრივ მეწარმეებს მოეთხოვებათ, სასწრაფოდ მოახდინონ პროდუქტების რეალიზება, მაღაზიები და ბაზრობები დაკეტილია“,– აღნიშნავს სარდლობა.

30 ოქტომბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხერსონის მახლობლად დასახლებულ პუნქტებში რუსული არმია იღებს ზომებს თავდაცვისთვის მოსამზადებლად.

მანამდე, 29 ოქტომბერს, ბრიტანულმა დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსეთს, სავარაუდოდ, სურს დააჩქაროს ტემპი ოკუპირებული ხერსონიდან გასასვლელად.

უკრაინის პრეზიდენტმა იტალიურ გამოცემასთან თქვა, რომ რუსული ჯარები არ აპირებენ ხერსონიდან უკან დახევას, თუმცა მათ საინფორმაციო ოპერაცია მოაწყვეს, თითქოს უკრაინამ იქ ჯარები სხვა მიმართულებიდან გადაიყვანა.

მანამდე, ხერსონის რაიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის ფონზე, საოკუპაციო ძალები ირწმუნებოდნენ, რომ ქალაქს არაფერი ემუქრებოდა და შეტევა შეჩერდებოდა. თუმცა, ეს რიტორიკა შეიცვალა. სერგეი სუროვიკინმა, რომელიც ახლახან დაინიშნა უკრაინაში რუსული ძალების მეთაურად, 18 ოქტომბერს განაცხადა, რომ ხერსონთან დაკავშირებით „რთული გადაწყვეტილებების მიღება არ გამოირიცხება“ და მოსახლეობას წასვლისკენ მოუწოდა.

უკრაინული მხარის ცნობით, ხერსონში თითქმის ყველა რუსული „ინსტიტუცია“ დაიხურა და ე.წ. „ლიდერები“ კიდევ უფრო ადრე წავიდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S