
სოფლის მეურნეობის მინისტრი განმარტავს, რამდენი ლარით დაუსუბსიდირებს მთავრობა ფიზიკური პირს თხილს
31/10/2022 08:15:57 პოლიტიკა, ეკონომიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია განმარტავს, რამდენი ლარით დაუსუბსიდირებს მთავრობა ფიზიკური პირს თხილს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
მისი თქმით, ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0.2 ჰა-დან 3 ჰა-მდე თხილის ფართობი აქვს, თითოეულ ჰექტარზე 500 ლარის დახმარებას მიიღებს.
მინისტრის განმარტებით, აღნიშნული თანხა აგრობარათებზე ქულების სახით დაერიცხებათ.
„მთავრობის გადაწყვეტილებით, დავეხმარებით სექტორს და ყველა ფიზიკურ პირს, რომელიც სარგებლობს 0,2 ჰა-დან 3 ჰა-მდე თხილის ფართობით, აქვს საკუთრებაში, ან სარგებლობაში, ჩვენ მივცემთ 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით 500 ლარის ოდენობით დახმარებას, რომელთაც ისინი აგრობარათების, ქულების სახით მიიღებენ და შეძლებენ სხვადასხვა საქონლის შესასყიდად გამოყენებას, რომელიც თხილის მოვლისთვისაა საჭირო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად შევუწყობთ ხელს თხილის მოსავლის რაოდენობის ზრდას და ასევე, ხარისხის გაუმჯობესებას ქვეყანაში", – განაცხადა მინისტრმა.
გარდა ამისა, შამუგიამ 3 ჰა-დან ზემოთ თხილის ფართობის მქონე ფერმერებისთვის გარკვეული შეღავათები დააანონსა:
"უნდა ითქვას, რომ 3 ჰა-დან ზემოთ თხილის ფართობის მქონე ფერმერებისთვისაც გავაკეთებთ გარკვეულ შეღავათებს და მათ მივცემთ საშუალებას, ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტის საბრუნავი საშუალებებით და დავუფინანსებთ, დაახლოებით, 8%-ის ფარგლებში სესხის პროცენტს.
ვფიქრობთ, ეს ღონისძიებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ხარისხიანი თხილის მოსავლის მიღებას. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ პროცესი წარიმართება შემდეგნაირად: ჩვენ აღვრიცხავთ თხილის ყველა მოსარგებლეს, შესაბამისი სამსახურების და ადგილობრივი ხელისუფლების, მუნიციპალიტეტების აქტიური ჩართულობით, ჩვენ გავაკეთებთ და შევაგროვებთ მონაცემებს, რომლის ფარგლებშიც გვექნება სრული ინფორმაცია, თუ რა ფართობის თხილს ფლობს ფიზიკური თუ იურიდიული პირი. ასევე ჯიშებზე გვექნება ინფორმაცია, რაც შემდეგში შესაბამისი ანალიზის გაკეთების და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას მოგვცემს თხილის სექტორის მხადრაჭერისთვის“.