
გია ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, რომ საპარლამენტო არჩევნებში გოგი ოთხმეზურთან ერთად მიიღოს მონაწილეობა
18/10/2019 14:19:40 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ისტორიკოსს გოგი ოთხმეზურთან ერთად მიიღოს.
"გიორგი ოთხმეზურს ხშირად ვხვდები, ბავშვებიდან ვიცნობ. ალბათ, ერთად მივიღებთ მონაწილეობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. მუდმივად გვაქვს შეხვედრა. ერთად ვართ დიდი ხანია. 30 ნოემბერს, „სოციალ-დემოკრატების“ ყრილობას ჩავატარებთ, ჩვენს პროგრამასა და გუნდს წარვადგენთ. შესაძლებელია, ჩვენს გუნდში ვიხილოთ, ოთხმეზურიც და სხვებიც“, – განუცხადა ჟურნალისტებს ჟორჟოლიანმა.
ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის არიან მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი (ერთ–ერთი მათგანი ისტორისოს გიორგი ოთხმეზურის შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძეა) და ერთი ძებნილი. პრეზიდენტმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.