
შოიგუმ მობილიზაცია დასრულებულად გამოაცხადა, ხოლო კადიროვი გაგრძელების შესახებ იუწყება
31/10/2022 11:45:51 კავკასია
ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა რესპუბლიკაში სამობილიზაციო ღონისძიებების გაგრძელების შესახებ განაცხადა.
"ახმატის" სახელობის სპეცრაზმის მებრძოლებთან შეხვედრაზე კადიროვმა აღნიშნა, რომ ჩეჩნეთში "გამოძახება დაიწყება".
„ახლა დაიწყება გამოძახება და თუ ის [ჯარისკაცი] უკვე ჩარიცხული იქნება რომელიმე პოლკში ან ბატალიონში, არ მოუწევს ჯარში წასვლა. ის იქნება თავისიანებს შორის, ჩეჩნებთან. სხვა შემთხვევაში, წაგიყვანთ სადმე, რომელიღაც დივიზიაში, ბრიგადაში და შენი ახლობლები ვერ გაიგებენ, სად ხარ“, - თქვა კადიროვმა ჩეჩნეთში რაზმის მებრძოლებთან შეხვედრისას.
28 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მობილიზაციის ღონისძიებების დასრულების შესახებ მოახსენა. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში 300 ათასი ადამიანი გაიწვიეს.
შოიგუმ ასევე განაცხადა, რომ დამატებითი გაწვევა არ იგეგმება. მისი თქმით, ჯარი კონტრაქტორებისა და „მოხალისეების“ ხარჯზე დაკომპლექტდება.
მობილიზაციის დასრულების შესახებ განკარგულებას ხელს მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტი აწერს. კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე დღემდე არ გამოქვეყნებულა მსგავსი დოკუმენტი.
მანამდე კადიროვი უკრაინის ომში რესპუბლიკის 300-400 ათასი მოსახლის გაგზავნის შეთავაზებით გამოვიდა. ეს ჩეჩნეთის მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედია.
ხოლო 22 სექტემბერს კადიროვმა განაცხადა, რომ რესპუბლიკაში მობილიზაცია არ იქნება. მან ეს იმით ახსნა, რომ უკრაინის ომის დროს რესპუბლიკამ „გადაჭარბებით შეასრულა გეგმა“.