
რუსული პოლიტიკა აფხაზეთში: “დაყავი და იბატონე”-დან “დააშინე და შთანთქე”-მდე
31/10/2022 15:32:35 კონფლიქტები
“პურისა და სანახაობის” მანკიერი პოლიტიკა, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 123 წელს რომში წარმოიშვა, არაერთი საზოგადოებისთვის დღესაც აქტუალურია. ზოგიერთი პოლიტიკოსები XXI საუკუნეშიც კი არ თაკილობენ საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოპოვებას არა სხვებზე უკეთესი სახელმწიფო სამსახურითა თუ სახელმწიფო პოლიტიკით, არამედ პრობლემებიდან ხალხის ყურადღების გადატანით, რისთვისაც მოსახლეობის ყველაზე მდაბიო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება გამოიყენება. იქ, სადაც მოქალაქეთა უმრავლესობა მზადაა, უფრო მაღალი, მათ შორის სახელმწიფო ინტერესები უგულებელჰყოს, სადაც სამოქალაქო ვალი პრიორიტეტების სიის ბოლოშია, პოპულიზმი და მოსყიდვა შეიძლება, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ეფექტურად მუშაობდეს. მაგრამ მუდმივი ამქვეყნად არაფერია, გარკვეული მომენტისთვის ეს პრაქტიკა ეფექტურობას კარგავს და მაშინ მის ადგილს იკავებს ძალაუფლების დაკარგვის შიში, მის კვალდაკვალ კი – ხალხის დაშინების მცდელობები. აშინო – საყვარელი საქმიანობაა მმართველებისა, რომელთაც აღარაფერი რჩებათ მოსახლეობისთვის “პურისა და სანახაობის” სახით წარსადგენად. დაშინება მათ არსენალში დარჩენილი ერთადერთი იარაღია ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ომგამოვლილი საზოგადოებების დაშინებისთვის კი ახალ ომზე უკეთეს თემას ვერ მოძებნი: გაააქტიურე მტრის ხატი (გარე მტრის, შიდასი, ან ორივესი ერთდროულად), დათესე არარსებული საფრთხის შიში – და აკეთე, რაც გინდა!
სწორედ ეს ხდება დღეს აფხაზეთში. დე ფაქტო ხელისუფლება დაუღალავად აშინებს ხალხს ახალი ომით. “მტრად”, ტრადიციისამებრ, თბილისია წარმოჩენილი, მაგრამ ამჯერად არა იმ ხელისუფლების სახით, რომელიც ბოლო ხანებში დიდად აღარც ნიღბავს რუსეთისადმი ლოიალობას, არამედ პროდასავლური ოპოზიციის. ამ უკანასკნელს აფხაზურ საზოგადოებას წარუდგენენ “რადიკალურ ნაციონალისტებად”, რომელთაც “დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნისკენ უბიძგებს”. მერე რა, რომ არც ერთ ქართველ ოპოზიციონერს არასოდეს მოუწოდებია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ძალისმიერი გზით აღდგენისკენ; მერე რა, რომ თავად დე ფაქტო ხელისუფლების უკვე არაერთ წარმომადგენელსაც კი აქვს გამოთქმული ის აზრი, რომ “საქართველოს მხრიდან აგრესია ამ ეტაპზე ძალზე ნაკლებ სავარაუდოა”, - დამშინებლებისთვის ხომ მთავარი მიზნის მიღწევაა და არა არგუმენტების სიმყარე.
“საქართველოს მხრიდან შესაძლო აგრესიის” სოუსში წარუდგენენ ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობას რუსულ მობილიზაციაში ადგილობრივთა ჩაბმის მცდელობასაც. დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ბოლო ორი-სამი კვირის განმავლობაში ამ მიმართულებით განსაკუთრებით გააქტიურდა: აკეთებს დამზაფრავ განცხადებებს, მონაწილეობს “ტერიტორიული თავდაცვის შტაბის” სხდომებში, გამოდის მოწოდებებით, “ძირითადი ძალისხმევა სამობილიზაციო მზადყოფნის ასამაღლებლად მიიმართოს”, ხვდება ქალაქებისა და რაიონების ადმინისტრაციების წარმომადგენლებს ხსენებული მიმართულებით გატარებული სამუშაოს შედეგიანობის დასადგენად, ცდილობს, სამობილიზაციო ღონისძიებების დაფინანსებაში ადგილობრივი ბიზნესიც ჩართოს...
არანაკლებ აქტიურად თესავს “ქართული რევანშის” შიშს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბაც. კრემლის მიერ ხელდასმული ეს ახალგაზრდა მოხელე დაუღალავად ცდილობს აფხაზეთის მოსახლეობის დარწმუნებას “ომის მაღალ ალბათობაში”, პარალელურად კი ვითომდა ქართულ სპეცსამსახურებზე მუშაობაში “ამხელს” ყველასა და ყველაფერს – დაწყებული არასამთავრობო ორგანიზაციებით, დამთავრებული კლიმატური ცვლილებების კონტროლის ხელსაწყოებით.
და აი, ამ მუქ ფონზე მოულოდნელად სქელ თეთრ ძაფად ჩნდება დე ფაქტო მთავრობის თანხმობა ენგურის გადასასვლელზე “დიუთი ფრის” რიგით მეორე მაღაზიის გახსნაზე. გამოდის, მმართველი გუნდი ერთის მხრივ, ხალხს “ქართველების მორიგი აგრესიით” აშინებს და “წინასაომარი სამობილიზაციო ღონისძიებების გაძლიერების” ბრძანებას გასცემს, ამავდროულად კი დე ფაქტო საზღვარზე დაუბეგრავი ვაჭრობის ობიექტს ხსნის?!
“ეს ყველაფერი არ ჯდება ერთიან ლოგიკაში. თუ ომის საფრთხე რეალურია, რომელი ჭკუათმყოფელი მეწარმე ჩადებს ფულს საქართველოსთან საზღვარზე ამ ობიექტის ორგანიზებაში?! იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი ხელისუფლება საფრთხეს მიზანმიმართულად “ბერავს”, რათა მასზე გადაიტანოს მოსახლეობის ყურადღება ისეთი საჭირბოროტო საკითხებიდან, როგორიცაა რუსეთისთვის ბიჭვინთის ტერიტორიის ნაწილის, ასევე ენერტეგიკული და სხვა სტრატეგიული ობიექტების გადაცემა, მიწისა და უძრავი ქონების უცხოელებზე გასხვისების დაშვება და ა.შ.” – აცხადებს აფხაზი ექსპერტი ახრა არისთავა და იქვე დასძენს, რომ “ომის საფრთხის შესახებ განცხადებები სერიოზული არგუმენტებით უნდა იყოს გამყარებული”.
“მოსახლეობის შიშებით მიზანმიმრთულ თამაშზე” მიუთითებს ანალიტიკოსი ასტამურ კაკალიაც. “მედია აჭრელებულია ადამიანურ შიშზე მოთამაშე აპოკალიპტური სათაურებით. მე კი ვთვლი, რომ აფხაზეთის უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყანა არასოდეს ყოფილა ესოდენ უსაფრთხოდ. ჩვენს საზღვრებს რუსული ჯარი იცავს, თანაც არც ოფიციალურ თბილისს აქვს სამხედრო ავანტიურებში ჩაბმის სურვილი, არც საქართველოს მოსახლეობას, რომლის რიტორიკა ალბათ, არასოდეს ყოფილა ესოდენ მშვიდობიანი […]. სადღეისოდ და თვალსაწიერ მომავალში აფხაზეთი მშვიდი სავანეა გეოპოლიტიკური ფრონტის განაპირას. გონიერებას რომ ვიჩენდეთ, უნდა ვსარგებლობდეთ ამ მშვიდობიანი ამოსუნთქვის საშუალებით სახელმწიფო აღმშენებლობისთვის, მაგრამ ამის ნაცვლად უმუშევარი სახალხო მასების ფობიებზე ვთამაშობთ. არადა, ადამიანებმა ისედაც იმდენი გადაიტანეს! დღეს შიდა პრობლემებიდან ყურადღების გადასატანად მათი დაშინების მცდელობა ალბათ, მომგებიანი სტრატეგიაა, მაგრამ მხოლოდ მოკლევადიანი” – წერს კაკალია Facebook-ში პირად გვერდზე.
დიახ, ეს ყველაფერი, რაღა თქმა უნდა, გამიზნული თამაშია. დავიწყოთ იმით, რომ დასავლეთს, რომელიც ვითომდა “ომისკენ უბიძგებს საქართველოს”, “მეორე ფრონტი” არაფერში სჭირდება – პირიქით: თბილისსა და სოხუმს (ანდაც თბილისსა და ცხინვალს) შორის რომ ვითარება დაიძაბოს, ახალ “ცხელ წერტილზე” ყურადღების გადმოტანა მოუწევს არა მარტო რუსეთს, არამედ დასავლეთსაც, რომელიც ამჟამად უკრაინაზეა კონცენტრირებული. გარდა ამისა, მსგავსი რამ რომ მოხდეს, დარტყმის ქვეშ, სხვა ყველაფერთან ერთად, მოექცევა ევროპის ენერგომომარაგების სამხრეთ კავკასიის რეგიონზე გამავალი ის ალტერნატიული გზებიც, რომლებმაც მიმდინარე ომის პირობებში რუსეთის მიერ საკუთარი ენერგორესურსების იარაღად გამოყენების ფონზე დასავლეთისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.
გარდა ამისა, თავად საქართველოშიც მართლაც რომ არავის სურს ომი – არც ხალხს, არც ხელისუფლებას, არც ოპოზიციას. თბილისში სადღეისოდ დაკავებულები არიან სულ სხვა საკითხებით, რომლებზეც დიდწილად იქნება დამოკიდებული ქვეყნის მომავალი: სასწორის ერთ მხარესაა მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის იმ ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის რეალიზება, რომელიც უკვე არაერთგზის დადასტურდა და კონსტიტუციაშიც აისახა, ხოლო მეორე მხარეს – მმართველი პარტიის მიერ ძალაუფლების შენარჩუნება. ვადა, რომელიც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებისთვის აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესასრულებლად განესაზღვრა, ნელ-ნელა იწურება, “ქართული ოცნება” კი ათასგვარი საბაბით ამ დრომდე აფერხებს მათ აღსრულებას, რადგან შესრულების შემთხვევაში ძალაუფლებას თუ სრულად არა, დიდწილად მაინც დაკარგავს. თბილისში გამართულმა მრავალათასიანმა მიტინგებმა დაარწმუნა მმართველი ძალა, რომ ხალხი არ აპირებს, “ქართული ოცნების” უკან მდგომი ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესების გამო ქვეყნის პროდასავლური კურსიდან გადახვევას შეეგუოს. და აი, ამ უკანასკნელმა, მშვენივრად უწყის რა, რომ 12 რეკომენაციის შეუსრულებლობის გამო საქართველო კანდიდატის სტატუსს კვლავ ვერ მიიღებს, გადაწყვიტა, წინასწარ შეაგუოს მოსახლეობა მმარველი ძალის ამ მორიგ კრახს ანტიდასავლური ელექტორატის გაზრდის საშუალებით. ხოლო რაკი “ოცნების” ყველა შესაძლო პოპულისტურმა ნარატივმა დრო უკვე მოჭამა, მმართველმა ძალამ ძალაუფლების შესანარჩუნებლად მის არსენალში დარჩენილი ერთადერთი იარაღის გამოყენებას – დაშინებას მიჰყო ხელი. სწორედ ამიტომ ჟღერს “ქართული ოცნების” წარმომადგენლების, ასევე მასთან აფილირებული მრავალრიცხოვანი “ექსპერტების”, ტროლებისა თუ მედიის ხრიდან გაუთავებელი დეზინფორმაცია “მეორე ფრონტსა” და “დასავლეთის მიერ საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაზე”.
რაც შეეხება რაიმე რეალურ სამხედრო მზადებას, ერთადერთი, რისთვისაც საქართველო უნდა ემზადოს, თანაც ბევრად უფრო ენერგიულად, ვიდრე დღეს, ეს რუსეთის მხრიდან შესაძლო მორიგი თავდასხმაა. ბოლო თვეების განმავლობაში ხომ ყველას არაერთგზის გვსმენია მოსკოვიდან, რომელიც უკრაინულ ფრონტზე წარუმატებლობას წარუმატებლობაზე განიცდის, საკმაოდ არაორაზროვანი მინიშნებები კრემლის ანექსიურ გეგმებზე რიგი პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ. ამასწინათ ეს გეგმები წამოსცდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს დიმიტრი მედვედევსაც, რომელმაც “რუსეთის შემადგენლობაში შეყვანის” კონტექსტში არა მარტო სოხუმი და ცხინვალი, არამედ მთლიანად საქართველო და ყაზახეთიც ახსენა. მთელი რიგი ადგილობრივი და უცხოელი სამხედრო ექსპერტების აზრით, მსგავსი განცხადებებისა და სხვა ფაქტორების ფონზე საქართველოს ჰმართებს, გაცილებით აქტიურად ატარებდეს სამხედრო წვრთნებს, გაცილებით ენერგიულად იძენდეს აუცილებელ შეიარაღებას, ზრუნავდეს მოსახლეობის შესაბამის მომზადებაზე, თავშესაფრების მოწყობაზე და ა.შ., მაგრამ რეალურად, ჯერ-ჯერობით ამ მიმართულებით არავითარი აქტიური მოქმედება არ შეიმჩნევა, - “ქართული ოცნება” კვლავ კრემლის “არგაღიზიანების” პოლიტიკით შემოიფარგლება და მხოლოდ იმ გეგმიურ ერთობლივ წვრთნებს მართავს, რომლებზე უარის თქმაც მეტისმეტად აშკარა მტკიცებულება იქნებოდა მის მიერ ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევის.
ასე, რომ აფხაზეთი საფრთხეს არა თბილისის მხრიდან, არამედ ჩრდილოეთიდან უნდა ელოდოს. და სულაც არაა შემთხვევითი რუსეთისგან “აფხაზეთის სუვერენიტეტის დაცვისაკენ” მოწოდებები, რომლებიც ბოლო დროს სოხუმში ხშირად ისმის. აფხაზურ საზოგადოებაში ბევრმა გააცნობიერა, რომ თავის დროზე კრემლს შესანიშნავად გამოუვიდა მოქმედება პრინციპით “დაყავი და იბატონე”, რომ თითქმის 30-წლიანი “მეგობრობის” შედეგად რუსეთმა მოახერხა, აფხაზეთი მასზე თითქმის სრულად დამოკიდებულ ტერიტორიად ექცია, ახლა კი მოსკოვისთვის, როგორც ჩანს, დადგა დრო, იმოქმედოს პრინციპით “დააშინე და შთანთქე”: დააშინოს მოსახლეობა “ქართული რევანშით”, მერე კი გამოუცხადოს, რომ “აფხაზეთის უსაფრთხოება დაცული იქნება მხოლოდ რუსეთის შემადგენლობაში”, ან თუ მთლად რუსეთის არა, იმ “საკავშირო სახელმწიფოსი”, რომელში გაერთიანებასაც ესოდენ აქტიურად ლობირებენ ასლან ბჟანია, ინალ არძინბა და აფხაზეთში არა აფხაზური, არამედ რუსული ინტერესების სხვა გამტარებლები.
საბედნიეროდ, მათგან განსხვავებით, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის სამოქალაქო ვალი, რომელიც სტატიის დასაწყისში ძველი რომის პოლიტიკის კონტექსტში ვახსენე, პრიორიტეტების სიის ბოლოში არაა. რუსეთთან ნებაყოფლობით ინტეგრაციას აფხაზები არ სთანხმდებიან. მათი უმრავლესობა არც ომის გამოგონილი საფრთხით დაშინებას ჰყვება. ეს კი ნიშნავს, რომ მოსკოვის მოლოდინის საპირისპიროდ, აფხაზეთის შთანთქმა არც ისე მარტივი იქნება.
ეკა ცანავა