
უკრაინაში ინსპექტირებისთვის ამერიკელი სამხედროების ჯგუფია დისლოცირებული
01/11/2022 13:19:00 ევროპა
უკრაინაში დისლოცირებული ამერიკელი სამხედროების მცირე ჯგუფი აწარმოებს ინსპექტირებას, რათა დარწმუნდნენ, რომ უკრაინის არმია მკაცრ აღრიცხვას აწარმოებს დასავლეთის ქვეყნებიდან მიღებული იარაღის,– ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა.
როგორც განიმარტა, ინსპექტირებას ახორციელებს კიევში აშშ-ის სამხედრო ატაშე და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლები. წესების მიხედვით, მათ არ შეუძლიათ ინსპექტირების ჩატარება ფრონტის ხაზთან და მოქმედებენ იქ, სადაც, პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, „სიტუაცია იძლევა საშუალებას“. უკრაინელი ოფიციალური პირები სრულად თანამშრომლობენ ამერიკელ ინსპექტორებთან.
ეს შემოწმება ტარდება კამპანიის ფარგლებში, რომლის დროსაც დასავლეთის დედაქალაქებს სურთ, დარწმუნდნენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გადაცემული თანამედროვე დასავლური იარაღი არ მოხვდება რუსეთის არმიის, მისი მოკავშირეების ან ექსტრემისტული ჯგუფების ხელში. ამ კამპანიის დაწყება გასულ კვირას სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა. ის ტარდება კონგრესის წევრების მოთხოვნის საპასუხოდ, რომლებიც თეთრი სახლისგან ანგარიშს ითხოვენ, კონკრეტულად რისთვის გამოიყენება გამოყოფილი მილიარდობით დოლარის სამხედრო დახმარება უკრაინაში.
Associated Press-ის ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტმა მოამზადა უკრაინასთან გრძელვადიანი ჩართულობის გეგმა, რომელიც გააძლიერებს თანამედროვე იარაღის, განსაკუთრებით სარაკეტო და საჰაერო თავდაცვის სისტემების გამოყენებაზე ერთობლივ კონტროლს და გააძლიერებს უსაფრთხოების ზომებს ქვეყნის საზღვრებზე, რათა თავიდან იქნეს აცილებული იარაღი პოტენციური კონტრაბანდა. უკრაინამ მიიღო ათასობით პორტატული საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო სისტემა, რომელთა მიმართაც შეიძლება, დიდი ინტერესი იყოს ექსტრემისტული ჯგუფებისგან.