Accentnews.ge
„რა სურს აფხაზეთის ორად გაყოფილ საზოგადოებას - მშვიდობა თუ ომი?“

„რა სურს აფხაზეთის ორად გაყოფილ საზოგადოებას - მშვიდობა თუ ომი?“

01/11/2022 14:09:41 კონფლიქტები

მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომმა ნათლად გვიჩვენვა ყველას, რომ კრემლს აქვს კონკრეტული მიზნები აფხაზებთან და აფხაზეთთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვს აქვს ძალიან რთული სამხედრო, პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური პრობლემები, არ იკმარა აფხაზების ჩართვა ე.წ „სამხედრო ოპერაციაში“ და ზეწოლით ცდილობს ცნობილი ბიჭვინთის აგარაკების მითვისებას, აიბგაზე საუბარი კი ზედმეტია. აქედან ნათლად ჩანს რუსეთის ზრახვები აფხაზეთთან დაკავშირებით. ის გეგმავს მის სრულ ანექსიას და სწორედ, ამის წინაპირობას წარმოადგენდა კანონპროექტების ჰარმონიზაციის შესახებ დადებული ხელშეკრულება. ამ გეგმების სისრულეში მოსაყვანად კრემლმა აფხაზეთში მიავლინა სურკოვის პროტეჟე ინალ არძიმბა (ამჟამინდელი დეფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი). რუსეთი არ აპირებს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან თანაბარ უფლებიან პარტნიორობას და ეს ნათლად გამოჩნდა დონეცკის, ლუგანსკის და სხვა უკრაინის ოლქების ჯერ აღიარებით და შემდგომ ანექსიით. აქედან გამომდინარე, დღეს როგორც არასდროს ქართულ - აფხაზურ საზოგადოებას გვჭირდება მეტი კომუნიკაცია და მეტი ურთიერთგაგება იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ჩვენი საერთო მტრის მოსალოდნელი პროვოკაციები. ამის საპირწონედ ჩვენ უნდა დავანახოთ მსოფლიო თანამეგობრობას, რომ შეგვიძლია ერთმანეთთან დიალოგი, საერთო ენის გამონახვა და თანამშრომლობა მიუხედავად ჩვენს შორის არსებული სხვადასხვა პრობლემური საკითხებისა.

ცოტა ხნის წინ, საპარლამენტო ტრიბუნიდან, შეკითხვაზე პასუხად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გააჟღერა მოსაზრება აფხაზებთან პირდაპირი დიალოგის შესახებ. ვფიქრობთ, რომ ეს გზავნილი მნიშვნელოვანია, მაგრამ უმჯობესი იქნებოდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელწმიფო მინისტრის აპარატს ეფიქრა ამ მიმართულებით და ქმედითი ნაბიჯებიც გადაედგა. მიგვაჩნია, რომ ის ძმობა რომელიც გვაკავშირებს ჩვენ და ითვლის რამდენიმე ათას წელს, შესძლებს გადალახოს ჩვენს შორს არსებული პრობლემები, რათა ვაშენოთ ერთიანი, ძლიერი და მშვიდობიანი მომავალი.

აფხაზეთში 90-იან წლებში დაწყებულმა შეიარაღებულმა კონფლიქტმა და მისმა შედეგებმა უკვე დროა გვაპოვნინოს პასუხი კითხვაზე - რა სურს აფხაზეთის ორად გაყოფილ საზოგადოებას, იქ, ოკუპირებულ აფხაზეთში ქართველებთან ურთიერთობის ნორმალიზების კონტექსტში განსხვავებული შეხედულებებისა და მოსაზრებების მქონე ჩვენს მოქალაქეებს და აქ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დევნილობაში მცხოვრებ ქართველებს და აფხაზებს, რომლებიც წლებია საკუთარ სახლებში მშვიდობიან და ღირსეულ დაბრუნებას ელოდებიან.

განვლილმა 30-მა წელმა ნათლად დაგვანახა, რომ საზოგადოების უდიდეს ნაწილს ნამდვილად სურს მშვიდობა და განვითარება, მაგრამ ამავდროულად არსებობს სინდრომული ''ომის შიში'', რომელსაც სხვადასხვა ფაქტორები და მიზეზ-შედეგობრივი კავშირები განაპირობებს. ეს შიში უფრო ხელოვნურადაა გამოწვეული და შესაბამისად, ამის დაძლევაც სავსებით რეალურია თუ ერთმანეთან კომუნიკაციას შეძლებს მშვიდობისა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული ქართულ-აფხაზური საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც არცთუ ისე ცოტაა და რომელსაც შეუძლია, ''ომის შიშით'' შეპყრობილებს დაანახოს მშვიდობის მშენებლობის შესაძლებლობები და ევროპული მომავლის პერსპექტივები. გვჯერა, რომ ერთად თანაცხოვრებისა და ომის შედეგების გამოცდილების მქონე ჩვენ საზოგადოებებს მხოლოდ მშვიდობიანი განვითარება აინტერესებს და არა შემდგომი თაობებისთვის სიცოცხლისა და მომავლის მოსპობა. არსებული უიმედო რეალობა უნდა შეიცვალოს ახალი საკომუნიკაციო არხების გაჩენით და გრძელვადიანი, კარგად გააზრებული სამშვიდობო პოლიტიკის შექმნით.

იმის გათვალისწინებით, რომ კონფლიქტი ნეგატიურად და არასასურველად აღიქმება, საჭიროა მსჯელობა იმაზეც, ხომ არ უნდა გადავაფასოთ შეხედულებები კონფლიქტის და მისი მოსალოდნელი შედეგების შესახებ ახლად შექმნილ რეალობასთან მიმართებაში? არა მარტო მშვიდობიანი დიალოგის უალტერნატივობა უნდა შევაფასოთ და დავაფასოთ, არამედ არსებული რესურსებიც. მშვიდობისკენ გადადგმული არა მოჩვენებითი, არამედ რეალური ნაბიჯები აფხაზეთს და აფხაზეთის საზოგადოებას ნამდვილად გააერთიანებს. კონფლიქტის მოგვარების აქტიური ფაზა ჭირდება ენგურის ორივე მხარეს მცხოვრებ საზოგადოებებს. სამწუხაროა, რომ არც ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას და იქ არსებულ ოპოზიციურ ძალებს, არც ჩვენს ლეგიტიმურ ხელისუფლებას და ოპოზიციას არ აღმოაჩნდა გონივრული ხედვა, რეალური სურვილი შეეცვალა სტრატეგიული გარემო და წარემართა პრაგმატული სამშვიდობო პროცესი. აქედან გამომდინარე, უკვე დროა, სწორედ იმ ორად გახლეჩილმა საზოგადოებამ, რომელსაც სურს მშვიდობა და განვითარება, თვითონ გამონახოს ურთიერთობების ნორმალიზების გზები და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება შეუქცევად პროცესად აქციოს.

ავტორი: “მოძრაობა აფხაზეთისთვის” ლიდერი ნუკრი ნოდია

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და ის შესაძლოა არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S