
რუსეთს დღე-ღამეში 1,4 მლნ ბარელი ნავთობი რჩება გაუსაღებელი
01/11/2022 14:55:54 მსოფლიო
რუსეთს დღე-ღამეში 1,4 მლნ ბარელი ნავთობი რჩება გაუსაღებელი. ჩინეთის, ინდოეთისა და თურქეთის გარდა, მოსკოვმა ნავთობის ახალი მყიდველები ამ დრომდე ვერ მოიძია, - იუწყება Bloomberg.
მისივე ინფორმაციით, ივლისიდან მოყოლებული, რუსული ნავთობის სადღეღამისო საზღვაო მიწოდებები დაახლოებით სამ მილიონ ბარელს შეადგენს, მათგან 740 ათასი ბარელი ჯერ კიდევ მიემგზავრება ევროპისკენ, მაგრამ დაახლოებით ერთ თვეში 5 დეკემბრისთვის ევროკავშირში რუსული ნავთობის საზღვაო მიწოდებებზე ემბარგო ამოქმედდება, ხოლო კიდევ ერთ თვეში ევროპა (უნგრეთისა და სლოვაკეთის გამოკლებით) თითქმის სრულად იტყვის უარს მილსადენის რუსული ნავთობის შესყიდვაზე, რის შემდეგაც მოსკოვს დღე-ღამეში დაახლოებით 1,4 ბარელი ნავთობი დაჩება არარეალიზებული.
ომის დაწყების შემდეგ მთავარი მყიდველები ჩინეთი, ინდოეთი და თურქეთი გახდნენ. ამ ქვეყნებში საშუალო სადღეღამისო მიწოდების მოცულობამ პიკს ივნისში მიაღწია და 2,2 მილიონ ბარელს შეადგენდა, თუმცა ოქტომბრისთვის ეს მონაცემი მნიშვნელოვნად - 380 ათას ბარელამდე შემცირდა.
დაახლოებით ამავე მოცულობის (370 ათასი ბარელი) გადის ქვეყნიდან ტანკერებით, რომლებიც დანიშნულების ადგილს არ უთითებენ. როგორც წესი, ეს ტანკერები ინდოეთში ჩერდებიან, - აღნიშნავს Bloomberg-ი.
გამოცემის გათვლით, რუსეთმა რომ ევროპაში ვერგაყიდული ნავთობის ჩინეთზე, ინდოეთზე და თურქეთზე გადამისამართება მოახერხოს, ამ ქვეყნებმა შესყიდვები ორი მესამედით უნდა გაზარდონ, რაც ნაკლებ სავარაუდოა ამ ბაზრებისთვის მსოფლიო ექსპორტიორებს შორის მაღალი კონკურენციის გათვალისწინებით. ასე, მაგალითად, რუსეთმა დიდი ფასდაკლებების წყალობით ივნისში ჩინეთისთვის ნავთობის მიწოდების კუთხით საუდის არაბეთს გადაუსწრო, მაგრამ უკვე აგვისტოში ამ უკანასკნელმა პირველობა დაიბრუნა. თანაც, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩინეთი ყოველთვის მიმწოდებელთა დივერსიფიცირებული ბაზის ქონის მომხრე იყო.
გარდა ამისა, ამ მოცულობების რუსული ნავთობის ევროპული ბაზრიდან აზიურზე გადამისამართებისთვის მოსკოვს დამატებითი ტანკერები დასჭირდება, ეს კი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა: ბოლო თვეებში ტრეიდერები აქტიურად ყიდულობენ ტანკერებს, რომლებიც რუსული ნავთობის გადაზიდვას ემბარგოს პირობებშიც შეძლებდნენ, მაგრამ რამდენად საკმარისი რაოდენობით იქნება ასეთი ტანკერები - უცნობია, - დასძენს გამოცემა.