
„ყველაზე სასტიკი ბრძოლებია“: უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრი დაასახელეს
03/11/2022 07:32:44 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამჟამად ყველაზე სასტიკი ბრძოლები დონეცკის რეგიონში მიმდინარეობს.
”მინდა, აღვნიშნო მე-10 ცალკეული სამთო–თავდასხმის და 79-ე ცალკეული საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ბრიგადების მებრძოლები მტრის თავდასხმებს მტკიცედ იგერიებენ სწორედ იქ, დონეცკის რეგიონში. განსაკუთრებით მძიმეა ამ დღეებში იქ - ყოველდღიურად ათობით რუსული თავდასხმა ხდება. ჩვენი ბიჭები მტკიცედ დგანან და არც ერთ სანტიმეტრს არ თმობენ. ეს არის ნამდვილი გმირობა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა 2 ნოემბერს საღამოს ვიდეომიმართვაში.
მან ასევე ახსენა ხარკოვის რეგიონი, ლუგანსკის ოლქი, ქვეყნის სამხრეთი, საზღვრებზე არსებული მდგომარეობა.
„ჩვენ ვამაგრებთ ჩვენს პოზიციებს ყველგან და ვმუშაობთ მთავარ მიზანზე - უკრაინული მიწის სრულ გათავისუფლებაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პაველ კირილენკომ ადრე განაცხადა, რომ რუსული ჯარები ცდილობენ „დონეცკის რეგიონის ქალაქები მიწიდან აღგვან“. მისი თქმით, რუსული ჯარები იერიშს ახორციელებენ „ყველა ტიპის იარაღის, მძიმე არტილერიის, შორი მოქმედების არტილერიის, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების გამოყენებით“.
იმ ფაქტის შესახებ, რომ ყველაზე ინტენსიური ბრძოლები ახლა მიმდინარეობს დონეცკის ოლქის ბახმუტსა და სოლედარში, სადაც უკრაინელი სამხედროები დღეში ათობით რუსულ თავდასხმას იგერიებენ, განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა:
„ამ კვირის ეპიცენტრი არის ბახმუტი, სოლედარი და ზოგადად დონეცკის მიმართულება. აქვე უნდა ითქვას, რომ მტერი დღეში, ზოგჯერ, ათეულობით შეტევას ახორციელებს და ჩვენ მათ ვიგერიებთ. იქ, ფაქტობრივად, ერთგვარი ორმხრივი მოძრაობაა ორივე მხრიდან. თუ ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში მტერი ახერხებს ოდნავ წინსვლას, უკრაინის თავდაცვის ძალების მხრიდან არის მყისიერი რეაქცია და ჩვენ მყისიერად ვიბრუნებთ ყველა ტერიტორიას. ეს ყველაფერი დინამიურად ხდება“, - თქვა მალიარმა 2 ნოემბერს უკრაინის ეროვნული ტელემარათონის ეთერში.
მისი თქმით, უკრაინა მიწის „არც ერთ სანტიმეტრს არ დათმობს“:
„მიმდინარე პროცესი აქტიური საომარი მოქმედებებია –მტრისაქტიური მცდელობები, მიაღწიოს დონეცკის ოლქის საზღვრებს და იქ გრძელდება სასტიკი ბრძოლები... იქ ძალიან რთული თავდაცვა მიმდინარეობს“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
მან ასევე დასძინა: „თუ ზოგადად ფრონტზე არსებულ ვითარებაზე ვისაუბრებთ, მაშინ ეს შეგვიძლია, დავახასიათოთ როგორც მზადება ჩვენი ტერიტორიების განთავისუფლებისთვის და უკვე გათავისუფლებულ ტერიტორიებზე გამაგრება“.
„მიმდინარეობს სტაბილიზაციის ღონისძიებები. ეს არის ძალიან სერიოზული ზომები ყველა თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების ჩართულობით. ამიტომ, ახლა ეს არის რეალურად მთავარი ამოცანა“, - განაცხადა მან.
იხილეთ ასევე: რუსეთის შეტევა მოგერიებულია 12 დასახლებულ პუნქტთან - უკრაინის გენშტაბი