გოზმანი: „ყველაზე საშინელი, რაც ჩვენს ქვეყანას, რუსეთს შეიძლება, დაემართოს, ეს ამ ომში გამარჯვებაა! რეჟიმი განწირულია!“

03-11-2022 13:14:11 კომენტარი

რუსი პოლიტოლოგი, აქტივისტი, კრემლის პოლიტიკის აქტიური კრიტიკოსი ლეონიდ გოზმანი დარწმუნებულია, რომ უკრაინის ომში რუსეთის მარცხი თავად ამ უკანასკნელის ინტერესშია.

„ცეცხლის ამჟამად შეწყვეტა, პუტინისთვის იქნება ხელსაყრელი. ვფიქრობ, ეს ომი იმ მხარის გამარჯვებით უნდა დასრულდეს, რომელიც თავს იცავს. სამწუხაროდ, აგრესორი ჩვენი ქვეყანაა და ჩვენდა სამარცხვინოდ, აგრესორმა მარცხი უნდა იწვნიოს. ვფიქრობ, ეს თავად ჩვენი ქვეყნის ინტერესებშიცაა. ყველაზე საშინელი, რაც ჩვენს ქვეყანას შეიძლება, დაემართოს, ეს ამ ომში გამარჯვებაა. რადგან ამ ომში გამარჯვება ნიშნავს არა მხოლოდ უკრაინისთვის კოლონიალურ სტატუსს, ძალიან დიდ მსხვერპლს, ეს ჩვენთვის ნიშნავს, რომ ჩვენ და ჩვენი შთამომავლებიც იქნებიან დევნილები ან შეშლილი ხელისუფლების მონები. ამდენად, სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი, როგორც ქვეყნის და ერის გამარჯვება ნიშნავს ამ საომარი მანქანის და სახელმწიფოს მარცხს. თუ პუტინი შეძლეს, გარდატეხა მოახდინოს ამ ომში, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ტრაგედია იქნება, რადგან მაშინ ეს რეჟიმი კიდევ დიდხანს შეძლებს არსებობას. შესაძლოა, არასწორია, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ეს რეჟიმი ჩამოიშლება არა ჩვენი დარტყმებით [დევნილობაში მყოფი რუსების – რედ.], არამედ შიდა პრობლემებით და უკრაინელების დარტყმებით“,– ამბობს გოზმანი.

თუმცა, ის დარწმუნებულია, რომ უშუალოდ დევნილობაში მყოფი მოქალაქეების აქტიურობა მომავლისთვისაა მნიშვნელოვანი:

„როდესაც რეჟიმი ის ჩამოიშლება (იმედი მაქვს, რომ ამას მოვესწრები, რადგან შინ დაბრუნება მსურს. მე არ ვარ ემიგრაციაში, მე დევნილი ვარ ჩემი ქვეყნიდან), დარჩება დაშლილი ქვეყანა, რომელსაც აღდგენა სჭირდება. და თუ ამას არ გავაკეთებთ, ახალი პუტინი მოვა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ახალ რუსეთში, რომელიც პუტინის შემდეგ იქნება, იქნებიან არა მხოლოდ ისინი, რომლებიც ჩვენთან ერთად გამოდიოდნენ აქციებზე, არამედ ის რამდენიმე მილიონიც, რომლებიც ამბობენ – „ყირიმი ჩვენია!“, გულწრფელად უჭერენ მხარს პუტინს. მათ ექნებათ ხმის უფლება, მცდელობა, ტახტზე ახალი პუტინი მოიყვანონ“.

გოზმანი ფიქრობს, რომ რეჟიმმა პოტენციალი ამოწურა და რომ ის განწირულია, თუმცა ამბობს იმასაც, რომ თავად პროცესი მძიმე იქნება:

„ამ სისტემას ერთი დიდი სისუსტე აქვს – ბოლო წლებია, არაფერი გამოსდით. ჩანს, რომ ომი მარცხისკენ მიდის, ეკონომიკა სულ უფრო და უფრო უარესდება, ქვეყანას ათასობით ადამიანი ტოვებს. დიახ, უცნაურია, რომ პუტინი ხმებს კვლავ აგროვებს, მაგრამ არ სარგებლობს ავტორიტეტით და ინტერესით. როდესაც პირდაპირი ეთერის მეშვებით გამოდის, ამას არავინ უსმენს. როდესაც ბოლოს ვიყავი ფედერალურ ტელევიზიაში, მისი მიმართვის განსახილველად მიმიწვიეს. გზაში ვიყავი, როდესაც ის საჯარო მიმართვით გამოდიოდა და დავიწყე თვალიერება, ხალხი თავიანთი გაჯეტების მეშვეობით ადევნებდა თუ არა მას თვალს. ვერც ერთი ასეთი ადამიანი ვერ ვიპოვე. ის აღარაა საინტერესო, მის სიტყვებს აღარ ელიან, ტექნოლოგიური ჩამორჩენა ძლიერდება, არაფერი გამოსდით. ნახეთ რა სამარცხვინო იყო „მარცვლეულის საქმე“ [უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტის შეთანხმება – რედ.]: თქვეს, „გამოვდივართ მარცვლეულის საქმიდან“, უპასუხეს, „ჯანდაბაშიც წასულხართ! გადით, ჩვენ თქვენს გარეშე გავაგრძელებთო“, შემდეგ თქვეს, „ჩვენ არ გამოვდივართ მარცვლეულის საქმიდან“. ყოჩაღ, ბიჭებო! ტვინი საერთოდ არ გაქვთ?! ისინი არასწორად აფასებენ რეალობას. მათ ომი დაიწყეს, რადგან რეალურად სჯეროდათ, რომ უკრაინელები წინააღმდეგობას არ გაწევდნენ. ეს არის სისტემა, რომელსაც არ აქვს ეკონომიკური, ადამიანური, მორალური, პოლიტიკური პოტენციალი. იმის თქმა, რომ ამ სისტემაში ბევრი ადამიანია დაინტერესებული მისი შენარჩუნებით, სწორი არაა: ბევრია, ვისაც ამ სისტემის ეშინია. დიახ, არიან ისეთებიც, რომელთაც მსგავსი ინტერესი აქვთ, მაგალითად, პატრუშევი, მაგრამ ის დაინტერესებულია ნორმალური ცხოვრებითაც. ჩვენს შეშლილ სულთანს „სამოთხეში“ მოხვედრა სურს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ „სამოთხეში“ მისი გარემოცვა სჭირდებათ. ვფიქრობ, პუტინის მიმართ მაღალ ეშელონებში მხარდაჭერა ეცემა კატასტროფულად და არა იმიტომ, რომ იქ მორალური ადამიანები არიან. პუტინს რომ გაემარჯვა, სამ–ოთხ დღეში აეღო კიევი, როგორც გეგმავდა, მხარს დაუჭერდნენ, მაგრამ ხედავენ, რომ აგებს, ავტორიტარ ლიდერს კი წაგებას არასდროს პატიებენ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს სისტემა განწირულია. სხვა საქმეა, რომ მომაკვდავ დინოზავრს კუდის მოქნევით ათასობით ადამიანის მოკვლა შეუძლია, მაგრამ მას მომავალი არ აქვს, თავადვე ვერ ხედავენ ამ მომავალს და ვერ ლაპარაკობენ ამაზე. ამდენად, ისინი განწირულნი არიან და ეს კარგი ამბავია, მაგრამ ეს რომ რთული პროცესი იქნება – ცუდი“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები