
იუსტიციის სამინისტრო – სტრასბურგის გადაწყვეტილების შესახებ: "დადასტურდა, რომ ციანიდის „ჩადებას“ ადგილი არ ჰქონია"
03/11/2022 10:48:06 სამართალი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეხმიანება და აცხადებს, რომ "მომჩივნის პრეტენზია მორალური კომპენსაციის მინიჭების თაობაზე ევროსასამართლომ არ დააკმაყოფილა".
სამინისტროს ცნობით, სტრასბურგმა არ დაადგინა დარღვევა მომჩივნის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების, მტკიცებულებათა მოპოვების გარემოებებისა („ნატრიუმის ციანიდის“) და მათი სანდოობის კუთხით.
"სტრასბურგის სასამართლომ გიორგი მამალაძის განაჩენი კანონიერად მიიჩნიაადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი კანონიერად მიიჩნია და მომჩივნის პრეტენზია მორალური კომპენსაციის მინიჭების თაობაზე არ დააკმაყოფილა.სტრასბურგის სასამართლოს წინაშე გიორგი მამალაძე დაობდა, რომ დაირღვა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მტკიცებულებების („ნატრიუმის ციანიდის“) მოპოვების გარემოებების გამო. იგი, აგრეთვე, ასაჩივრებდა მის მიმართ მიმდინარე სასამართლო პროცესის სრულად დახურვის საკითხს და ამტკიცებდა, რომ გენერალური პროკურატურისა და თანამდებობის პირების განცხადებების საფუძველზე დაირღვა მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია.სტრასბურგის სასამართლომ მომჩივნის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების, მტკიცებულებათა მოპოვების გარემოებებისა („ნატრიუმის ციანიდის“) და მათი სანდოობის კუთხით დარღვევა არ დაადგინა. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენა ეროვნულ დონეზე საგამოძიებო ორგანოსა და სასამართლოების დასკვნები მომჩივნის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე. საგულისხმოა, რომ სტრასბურგის სასამართლო დაეთანხმა მთავრობის პოზიციას, რომლის თანახმადაც, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გამორიცხულია მომწამლავი ნივთიერების „ჩადება“, როგორც ამას მომჩივანი ამტკიცებდა. ამასთან, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ გიორგი მამალაძის განაჩენი ეფუძნება საქმეში არსებულ არაერთ სხვა მტკიცებულებას, როგორიცაა მოწმეთა ჩვენებები, აუდიო- და ვიდეომასალა, კომპიუტერული მონაცემები და სხვა.რაც შეეხება მომჩივნის სხვა მოთხოვნებს, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის მიმართ წარმოებული საქმის სხდომების სრულად დახურვა არ იყო მკაცრად აუცილებელი. კერძოდ, ევროპული სასამართლოს შეფასებით, შიდა სასამართლოების მიერ სათანადოდ არ იყო დასაბუთებული, თუ რატომ არ შეიძლებოდა სხდომის ნაწილის საჯაროდ ჩატარება. ევროპულმა სასამართლომ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად მიიჩნია ერთობლიობაში მომჩივნის წინააღმდეგ ცალკეული საჯარო განცხადებების გაკეთება და პროკურატურის მხრიდან საქმის მასალების ნაწილის საჯაროდ გამოქვეყნება, მაშინ, როდესაც დაცვის მხარის მიმართ გამოყენებულ იქნა ინფორმაციის გაუთქმელობის ვალდებულება.აღსანიშნავია, რომ ხსენებული დარღვევები არის პროცედურული ხასიათის და გავლენას არ ახდენს განაჩენის კანონიერებაზე, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა თავად ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის საქმისწარმოება მთლიანობაში იყო სამართლიანი, მომჩივნის ჩხრეკა იყო კანონიერი და ციანიდის „ჩადებას“ ადგილი არ ჰქონია", – აცხადებს იუსტიციის სამინისტრო.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით,
- არ დარღვეულა კონვენციის მე-6 მუხლის I პუნქტი მტკიცებულებების მოპოვებისა და გამოყენების ნაწილში, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ დაირღვა სამართლის პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარების გამო;
- სტრასბურგის სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი (უდანაშაულობის პრეზუმფცია);
- სასამართლოს დავალებით, სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს მამალაძეს 9418 ლარი. ასევე, ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება, დეკანოზ მამალაძეს დაეკისროს ხარჯის სახით.
"უარყოფს განმცხადებლის დარჩენილ მოთხოვნას სამართლიანი დაკმაყოფილების შესახებ", - აღნიშნავს სასამართლო.
სტრასბურგის სასამართლოში მამალაძე დავობდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის I (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და მე-2 (უდანაშაულობის პრეზუმფცია) პუნქტის საფუძველზე.
მამალაძე ზიანის ანაზღაურებას 376 304 ლარის ოდენობით ითხოვდა.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წელს, თბილისის აეროპორტში დააკავეს. თავდაპირველად იყო ვერსია, თითქოს დეკანოზი მაღალი იერარქის მკვლელობას გეგმავდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ განაცხადა, რომ სასულიერო პირს პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა ჰქონდა დაგეგმილი.
2017 წლის 5 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.