Accentnews.ge
" სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ გიორგი მამალაძის საქმეზე მტკიცებულებები სწორად იყო მოპოვებული და ბრალეულობის საკითხი ეჭვქვეშ არ დაუყენებია"

" სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ გიორგი მამალაძის საქმეზე მტკიცებულებები სწორად იყო მოპოვებული და ბრალეულობის საკითხი ეჭვქვეშ არ დაუყენებია"

03/11/2022 11:20:44 სამართალი

სტრასბურგის სასამართლომ გიორგი მამალაძის სარჩელზე ძირითად ნაწილში მისი ბრალეულობის სტატუსი დაადასტურა და იგივე დატოვა. უფრო მეტიც, ევროსასამართლომ დაადგინა, რომ მტკიცებულებები სწორად იყო მოპოვებული და ასევე, ამ მტკიცებულებების მის წინააღმდეგ გამოყენების პროცედურა არ იყო ხარვეზიანი, – ამის შესახებ პროკურატურაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გიორგი მამალაძის საქმეზე, „მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ“ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განაცხადეს.

მისი ცნობით, სასამართლომ გიორგი მამალაძის სარჩელზე ორი დარღვევა დადგინა, რაც საჯარო მოხელეების მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევასა და სასამართლო პროცესის დახურვასთან არის დაკავშირებული.

„შესაბამისად, გიორგი მამალაძის ბრალეულობასთან დაკავშირებით არავითარი კითხვის ნიშნები არ არსებობს. გარდა ამისა, როგორც ევროსასამართლო ასკვნის, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტი არ დარღვეულა, რაც გულისხმობს გამოძიების პროცესში სამხილების მოპოვებასა და გამოყენებას. რაც შეეხება დარღვევებს, შესაბამისი უწყებები საჭიროების შემთხვევაში სათანადო რეაგირებას მოახდენენ. ამასთან ერთად, მამალაძეს მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარი ეთქვა, ხოლო კომპენსაციის სახით მოთხოვნილი დაახლოებით 800 000 ლარის ნაცვლად სახელმწიფოს 9 000 ლარის გადახდა დააკისრა“, – განაცხადეს პროკურატურაში.

დღეს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით,

  • არ დარღვეულა კონვენციის მე-6 მუხლის I პუნქტი მტკიცებულებების მოპოვებისა და გამოყენების ნაწილში, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ დაირღვა სამართლის პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარების გამო;
  • სტრასბურგის სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი (უდანაშაულობის პრეზუმფცია);
  • სასამართლოს დავალებით, სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს მამალაძეს 9418 ლარი. ასევე, ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება, დეკანოზ მამალაძეს დაეკისროს ხარჯის სახით.

"უარყოფს განმცხადებლის დარჩენილ მოთხოვნას სამართლიანი დაკმაყოფილების შესახებ", - აღნიშნავს სასამართლო.

სტრასბურგის სასამართლოში მამალაძე დავობდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის I (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და მე-2 (უდანაშაულობის პრეზუმფცია) პუნქტის საფუძველზე.

მამალაძე ზიანის ანაზღაურებას 376 304 ლარის ოდენობით ითხოვდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წელს, თბილისის აეროპორტში დააკავეს. თავდაპირველად იყო ვერსია, თითქოს დეკანოზი მაღალი იერარქის მკვლელობას გეგმავდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ განაცხადა, რომ სასულიერო პირს პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა ჰქონდა დაგეგმილი.

2017 წლის 5 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S