Accentnews.ge
თორნიკე მამალაძე: "მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გამოუშვას მამა გიორგი პატიმრობიდან"

თორნიკე მამალაძე: "მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გამოუშვას მამა გიორგი პატიმრობიდან"

03/11/2022 12:02:25 სამართალი

მსჯავრდებული გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება და წერს, რომ ახლა მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები და გაათავისუფლოს დეკანოზი.

„პირველ რიგში უღრმესი მადლობა ყველას, ვისაც გულით და გულწრფელად გაუხარდა ჩვენი დღევანდელი წარმატება! ეს გამარჯვება ეკუთვნის ჩემ ძმას, ჩვენს ოჯახს, აბსოლუტურად ყველა ადვოკატს, რომლებიც საქმისწარმოების სხვადასხვა ეტაპზე ჩართულნი იყვნენ მამა გიორგი მამალაძის საქმეში, ჟურნალისტებს, ადგილობრივ თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, უფლებადამცველებს. მოცემულ ეტაპზე მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები სამართლიანობის აღსადგენად, გამოუშვას მამა გიორგი პატიმრობიდან და მისცეს მას საშუალება იზრუნოს საკუთარ ოჯახსა და ჯანმრთელობაზე. უნდა გვესმოდეს, რომ ჩემი ძმის მდგომარეობა არის უმძიმესი! მისი პატიმრობაში დატოვებით შესაძლოა დადგეს უმძიმესი, ლეტალური შედეგიც კი! ეს კი არც სახელმწიფომ და არც საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას!”, –აცხადებს თორნიკე მამალაძე.

დღეს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით,

  • არ დარღვეულა კონვენციის მე-6 მუხლის I პუნქტი მტკიცებულებების მოპოვებისა და გამოყენების ნაწილში, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ დაირღვა სამართლის პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარების გამო;
  • სტრასბურგის სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი (უდანაშაულობის პრეზუმფცია);
  • სასამართლოს დავალებით, სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს მამალაძეს 9418 ლარი. ასევე, ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება, დეკანოზ მამალაძეს დაეკისროს ხარჯის სახით.

"უარყოფს განმცხადებლის დარჩენილ მოთხოვნას სამართლიანი დაკმაყოფილების შესახებ", - აღნიშნავს სასამართლო.

სტრასბურგის სასამართლოში მამალაძე დავობდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის I (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და მე-2 (უდანაშაულობის პრეზუმფცია) პუნქტის საფუძველზე.

მამალაძე ზიანის ანაზღაურებას 376 304 ლარის ოდენობით ითხოვდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წელს, თბილისის აეროპორტში დააკავეს. თავდაპირველად იყო ვერსია, თითქოს დეკანოზი მაღალი იერარქის მკვლელობას გეგმავდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ განაცხადა, რომ სასულიერო პირს პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა ჰქონდა დაგეგმილი.

2017 წლის 5 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S