
G20-ის სამიტზე პუტინის დასწრების შემთხვევაში, უკრაინა მასში მონაწილეობას არ მიიღებს
03/11/2022 16:25:42 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი G20-ის სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს თუ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იქნება. ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ “დიდი ოცეულის” სხვა წევრების მონაწილეობას თვალს არ ადევნებს.
“ჩემი პირადი და უკრაინის პოზიცია იმაშია, რომ თუ რუსეთის ფედერაციის ლიდერი მიიღებს მონაწილეობას, მაშინ უკრაინა არ მიიღებს მონაწილეობას”, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, უკრაინა მომავალი სამიტისთვის ემზადება და აღნიშნა, რომ დღეს სამიტისთვის მზადების საკითხი მასპინძელი ქვეყნის, ინდონეზიის, პრეზიდენტთანაც განიხილა.
“ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვპატიჟეს. კიდევ ვნახავთ, რამდენიმე დღე დარჩა”, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოლეჰ ნიკოლენკომ „დიდ ოცეულს“ (G20) მოუწოდა, გარიცხოს რუსეთი და გააუქმოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიწვევა G20-ის სამიტზე, რომელიც მომავალ თვეში გაიმართება ბალიში.
მისი თქმით, პუტინის საჯარო აღიარება, რომ მან განკარგულება გასცა, სარაკეტო დარტყმები განეხორციელებინათ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, იმას ნიშნავს, რომ „მისი ხელები სისხლშია გასვრილი“ და რომ „მას უფლება არ უნდა მიეცეს, მსოფლიო ლიდერებთან იჯდეს ერთ მაგიდასთან“.
ცნობილია, რომ სამიტზე მიწვეულნი არიან უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები. საეჭვოა, ზელენსკი სამიტზე გაემგზავროს, მათ შორის, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე. იყო საუბარი, რომ სამიტზე შესაძლოა, შედგეს რუსეთისა და აშშ–ის პრეზიდენტების შეხვედრა, თუმცა ამერიკელ დიპლომატებს ეეჭვებათ, ამას ჯო ბაიდენი დასთანხმდეს.