
ჩრდილოეთ ოსეთიდან მობილიზებულმა ზაპოროჟიეს რაიონში არეულობა მოაწყვეს
04/11/2022 07:21:20 ევროპა
უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ ვასილიევკაში ჩრდილოეთ ოსეთიდან მობილიზებულმა ოთხმა ნასვამმა პირმა13 ძროხა დაკლა და რუს სამხედროს ესროლა.
ტელეგრამ–არხ "ბაზას" ცნობით, მობილიზებულებმა ფერმაში, სადაც ისინი იყვნენ განთავსებული, ძროხები დახოცეს, მეპატრონე სახლიდან გააძევეს და რუსი სამხედროები სცემეს. შემდეგ ფერმაში დასაქმებულებს მანქანა მოპარეს, გავიდნენ გზაზე, სადაც, ერთ-ერთ ბლოკზე მათი გაჩერება სცადეს, თუმცა მობილიზებულებმა ცეცხლი გახსნეს და დაჭრეს რუსი სერჟანტი. საბოლოოდ მაინც მოახერხეს მათი დაკავება. ტელეგრამ–არხმა მათი ვინაობა გაასაჯაროვა.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელმა სერგეი მენიაილომ დაადასტურა და თქვა, რომ მათ გამო რცხვენია და რომ ისინი პასუხს აგებენ.
ამასთან, მისი თქმით, „მას შემდეგ, რაც ისინი კონკრეტულ სამხედრო ფორმირებებში მოხვდნენ, მათზე უშუალოდ მათი მეთაურები არიან პასუხისმგებელნი“.
მოგვიანებით მენიაილომ თქვა, რომ მან გაგზავნა ჩრდილოეთ ოსეთის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და რესპუბლიკის სამხედრო კომისარი უკრაინაში ოსი სამხედრო მოსამსახურეების განლაგების ადგილებზე: ”მათი ამოცანაა, ნახონ, როგორ არიან აღჭურვილი ჩვენი ბიჭები, როგორ არის ორგანიზებული მათი ყოფნა საბრძოლო მისიების არეალში“. მომხდარს ადგილზევე გამოიძიებენ.
ოქტომბრის შუა რიცხვებში ჩრდილოეთ ოსეთიდან მობილიზებულებმა, გაგზავნილმა ზაპოროჟიეს რეგიონში, ჩაწერეს მიმართვა და დაიჩივლეს აღჭურვილობის არარსებობის შესახებ: „აქ დაგვყარეს, პოზიციებზე დაგვაყენეს, მაგრამ ამავდროულად თითქმის არ გვაქვს ავტომატები, ღამის ხედვის მოწყობილობები, დრონები. რაციებიც არ გვაქვს, ამიტომ გვანადგურებენ აქ". კიდევ ერთმა თქვა, რომ მათ დაპირებული ანაზღაურება არ მიუღიათ.