რუსეთ-უკრაინის ომში ბელარუსის ჩასათრევად საფუძვლის მზადება გააქტიურდა

04-11-2022 23:34:39 ანალიზი

“კიევი ბელარუსის დედაქალაქში არეულობების მოწყობას გეგმავს, რომელიც ქვეყანაში სრულმასშტაბიან შეჭრაში შეიძლება, გადაიზარდოს” – ირწმუნებოდა დღეს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საკითხთა და თანამემამულეებთან კავშირის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინე ზატულინი.

ამ სრულიად სადეზინფორმაციო თეზისის საფუძვლად მან ბელარუსის საზღვარზე ვითომდა მომხდარი ის “ინციდენტები” გამოიყენა, რომელთა შესახებ ცრუ ინფორმაციაც ორიოდ დღით ადრე მინსკმა გაავრცელა და “უკრაინის შეიარაღებული ძალების პროვოკაციად” შეაფასა.

“ნათელია, რომ უკრაინა ბელარუსის მიმართ მტრული სახელმწიფოა, ისევე, როგორც რუსეთთან მიმართებაში. რუსეთთან მას ომი უკვე აქვს, ბელარუსთან ომისთვის კი აშკარად აქტიურად ემზადება” – განაცხადა ზატულინმა.

აქ უნდა აღინიშნოს მის მიერ სიტყვა “ომის” გამოყენებაც: რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისთანავე კანონი მიიღო და უკრაინისადმი თავისი აგრესიის “ომად” მოხსენიება დასჯადად აქცია. ოფიციალურად ომი რუსეთს უკრაინისთვის ამ დრომდე არ აქვს გამოცხადებული და სრულმასშტაბიან შეჭრას უკვე 8 თვეა, “სპეცოპერაციად” მოიხსენიებს, მიუხედავად იმისა, რომ მობილიზაციაც კი აქვს გამოცხადებული და მისი პირველი ეტაპიც დაასრულა.

რუსმა დეპუტატმა “ნევროტულობის გამოვლინებად” შეაფასა 2 ნოემბერს თითქოსდა მომხდარი ეპიზოდი, რომელიც ბელარუს-უკრაინის საზღვართან, გომელში “უკრაინული უპილოტოს ხელში ჩაგდებას” უკავშირდებოდა. საუბარია ბელარუსი მესაზღვრეების მტკიცებაზე, თითქოს მათ ხელთ ჩაიგდეს დრონი, რომელსაც უკრაინელები დაზვერვისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების ჩამოგდებაში ვარჯიშისთვის იყენებდნენ.

თავისი სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული მტკიცებების კიდევ ერთ საფუძვლად ზატულინმა გამოიყენა მინსკის მორიგი სიცრუე, თითქოსდა 29 ოქტომბერს უკრაინელი სახედროების ჯავშანტრანსპორტიორი ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე არსებულ საკონტროლო-გამშვებ პუნქტს მიუახლოვდა. ეს ინფორმაცია, კერძოდ, ლუკაშენკოს არალეგიტიმური ხელისუფლების სასაზღვრო კომიტეტმა გაავრცელა და იქვე შეაფასა “კიევის პროვოკაციად”.

“უკრაინა შიშობს, რომ ბელარუსი შეუერთდება რუსულ ჯარს, რომელიც უკრაინაში იბრძვის. უკრაინამ (და შესაძლოა, პოლონეთმაც) შესაძლოა, სცადოს გარკვეული ზეგავლენის მოხდენა ბელარუსზე, […] მაგალითად, ბელარუსი პოლიტიკური ემიგრანტების ჩაყვანა პოლონეთიდან ან ლიტვიდან”, — დასძინა ზატულინმა, თუმცა რითაა გამყარებული ეს მისი ვარაუდები, არ დაუკონკრეტებია.

აღსანიშნავია, რომ 10 ოქტომბერს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთთან ერთობლივი რეგიონული საჯარისო დაჯგუფების ჩამოყალიბების შესახებ განაცხადა. შემდგომში ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ დააზუსტა, რომ მასში 9000 რუსი სამხედრო ჩაერთვება, ბელარუსში იგეგმება ასევე 170 ტანკის, 200 საბრძოლო ჯავშანმანქანის, 100 მმ-იანი კალიბრის 100 ერთეული ნაღმმტყორცნისა და სხვა შეიარაღების გადასროლა. სამინისტრომ ტექნიკისა და ცოცხალი ძალის ბელარუსში ჩაყვანის მიზნად წვრთნები დაასახელა, მაგრამ ქვეყნის დიქტატორმა მმართველმა ლუკაშენკომ ორიოდ დღეში განაცხადა, რომ “ეს აუცილებელია უკრაინის ტერიტორიიდან იმ დარტყმების პრევენციისთვის, რომელთა მზადების შესახებ არაოფიციალური არხებით გახდა ცნობილი”. არადა, მანამდე, ომის თვეების განმავლობაში ბელარუსი დიქტატორი ირწმუნებოდა, რომ მისი ქვეყანა უკრაინასთან ომში მონაწილეობას არ მიიღებდა, მიუხედავად იმისა, რომ სისტემატიურად რთავდა რუსეთს ნებას, უკრაინის ტერიტორია ბელარუსიდან ებომბა.

თავის მხრივ უკრაინა და მისი დასავლელი პარტნიორები ბოლო თვეებში სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებდნენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინის ფრონტზე განცდილი წარუმატებლობის ფონზე ცდილობდა, ეიძულებინა ლუკაშენკო, უშუალოდ ჩაება ბელარუსი ომში. ამის შესახებ G7-ის ამასწინანდელ სამიტზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც განაცხადა და “დიდი შვიდეულის” წევრებს მოუწოდა, უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე დამკვირვებლების მისია განათავსონ.

ცოტა ხნის წინ უკრაინულმა დაზვერვამ გაავრცელა მონაცემები იმის შესახებ, რომ რუსეთმა ბელარუსულ ბაზებზე ირანული წარმოების კამიკაძე-უპილოტოები განათავსა, მინსკი კი რუსულ ჯარს იარაღითა და საბრძოლო მასალით ამარაგებს, თუმცა შეიარაღებულ კონფლიქტში უშუალო ჩაბმისგან კვლავინდებურად ფეხს ითრევს.

ანალიტიკოსები კი თვლიან, რომ მოსკოვი და მინსკი ამჟამად ცდილობენ, კიევის ყურადღება გაფანტონ და ამ გზით შეაფერხონ უკრაინელთა წარმატებული კონტრშეტევა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად.

საომარი აქტივობის მონიტორინგის ცენტრ «Беларускі Гаюн»-ის დამფუძნებელი ანტონ მოტოლკო დარწმუნებულია, რომ ბელარუსის მიერ მეორე ფრონტის გახსნა და უკრაინაზე თავდასხმა “სრული სიგიჟე იქნებოდა”, თუმცა ასეთ შესაძლებლობას ბოლომდე მაინც ვერ გამორიცხავს. მისი აზრით, უფრო მეტია ალბათობა იმისა, რომ რუსეთი ბელარუსში მობილიზებულებს წვრთნისთვის გზავნიდეს, რაც საკმარისი იქნება საიმისოდ, რომ აიძულონ კიევი, სამხედრო რესურსების ნაწილი ბელარუსთან საზღვრისკენ გადაამისამართოს.

თუ ლუკაშენკო ბელარუსების ფრონტზე გაგზავნის ბრძანებას გასცემს, “ადამიანები უბრალოდ უკრაინელთა მხარეს გადავლენ საბრძოლველად”, – თვლის ბელარუსული ოპოზიციის ლიდერ სვეტლანა ტიხანოვსკაიას უფროსი მრჩეველი ფრანტიშეკ ვეჩორკო. მისი თქმით, “ცალკეულ ბელარუსებს შესაძლოა, რუსული უკანონო გასამხედროებული ფორმირება “ვაგნერი” იბირებდეს, მაგრამ რეგულარული არმია უკრაინაში არ გაიგზავნება, რადგან ლუკაშენკომ მშვენივრად იცის, რომ ბელარუსები უკრაინელების წინააღმდეგ რუსების მხარეს არ იომებენ”. მისივე აზრით, ერთობლივი რეგიონული სამხედრო დაჯგუფების ჩამოყალიბება ბელარუსში რუსული ჯარის ყოფნის ლეგალიზებასა და უკრაინაზე ზეწოლას ემსახურება იმ მიზნით, რომ უკრაინული ძალების ნაწილი იძულებული გახადონ, კონტრშეტევას მოსწყდნენ.

New Geopolitics Research Network-ის (კიევი) დირექტორ მიხეილ სამუსის გათვლით, ბელარუსის მხრიდან თავდასხმის საფრთხემ შესაძლოა, გარკვეულწილად შებოჭოს რამდენიმე უკრაინული ბრიგადა – დაახლოებით 30 000 მებრძოლი, რომლებსაც სხვა შემთხვევაში უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში კონტრშეტევაში შეეძლოთ მონაწილეობა. ამასთანავე, მისი ვარაუდით, რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი დაჯგუფება შესაძლოა, ერთგვარ საფარად გამოიყენებოდეს რუს მობილიზებულთა ფორმირებების ბელარუსში გადასროლისთვის.

ამ აზრს ემხრობიან ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსებიც, რომელთა აზრით, რუსეთი შესაძლოა, ბელარუსულ სამხედრო ბაზებს ახალმობილიზებულთა წვრთნისთვის იყენებდეს. ამასთან, მათი გათვლით, მოსკოვი ახალმობილიზებულებს მოკლე დროში შემტევ ძალად მაინც ვერ აქცევს. “უკრაინული დაზვერვის ამასწინანდელი მონაცემები იმის შესახებ, რომ ბელარუსმა რკინიგზით ყირიმში მყოფ რუსულ ჯარს 492 ტონა იარაღი და სამხედრო ტექნიკა გაუგზავნა და კიდევ რამდენიმე შემადგენლობის გაგზავნას გეგმავს, იმ ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ მოსკოვი, როგორც ჩანს, ბელარუსში შემტევ დაჯრუფებას არ ქმნის”, - თვლიან ISW-ში.

«თუ ბელარუსში ჯარი გაიგზავნება, უნდა ვნახოთ, სად განთავსდება იგი და რა შესაძლებლობების დემონსტრირებას მოახდენს. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება იმის შეფასება, ემუქრება თუ არა უკრაინას თავდასხმის საფრთხე ბელარუსული მიმართულებიდან” – ამბობს პოლონეთის სამხედრო საკონსალტინგო კომპანია Rochan Consulting-ის სპეციალისტი კონრად მუზიკა. მისივე თქმით, ჯერ-ჯერობით ბელარუსი ჯარების კონცენტრაციას არ ახდენს და მისი პოზიცია კვლავინდებურად თავდაცვითად გამოიყურება, თუმცა მინსკის ბოლოდროინდელი მუქარანარევი რიტორიკა შესაძლოა, პროლოგი იყოს პროვოკაციებისთვის, რომლებიც შემდგომ ომში ბელარუსის ჩართვას შეიძლება, დაედოს საფუძვლად.

მინსკში აშშ-ის ყოფილი ელჩის დენიელ სპეკჰარდის განცხადებით, რუსულ ჯარს ცოცხალი ძალა ისედაც არ ჰყოფნის, ამდენად, კიდევ ერთი ფრონტის გახსნა უაზრობაა, თუმცა დასავლეთთან თავის ომში მოსკოვი ყოველთვის რაციონალურად როდი აზროვნებს. “კრელს ახასიათებს აზროვნების აღმოსავლური სტილი: კიდევ ერთი ფრონტის გასახსნელად პროვოკაციაა საჭირო, ეს კი ნიშნავს, რომ ბელარუსს სხვა გამოსავალი არ აქვს, თუ არა ამ ომში რუსეთს შეუერთდეს” - დასძენს სპეკჰარდი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები