
საია 5 ივლისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს: "ეს არის ღირსების საქმე"
07/11/2022 08:46:28 სამართალი
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 5 ივლისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 2021 წლის 5 ივლისს მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ ევროკონვენციის 4 მუხლი დაირღვა, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლება და წამების აკრძალვა.
გარდა ამისა, საიას განცხადებით, გამოძიება არაეფექტურია და ამ დრომდე დაუსჯელია ყველა ორგანიზატორი.
"16 მედიის წარმომადგენლის სახელით მივმართეთ ევროსასამართლოს 5 ივლისს საქმეებთან დაკავშირებით. მივმართეთ იქიდან გამომდინარე, რომ ამ დრომდე ჩვენ ვხედავთ, გამოძიება 5 ივლისის საქმეებზე არის არაეფექტური. არაეფექტურია როგორც უშუალოდ მოძალადეების ნაწილში, რომლებიც არ არიან ყველანი დასჯილი, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ იყოს მოძიებული სათანადო და საჭირო მტკიცებულებები, ყველა მოძალადე არ ყოფილა დასჯილი ამ დრომდე და რაც ერთ ერთი ყველაზე საგანგაშოა ისაა, რომ არც ერთი ორგანიზატორი ამ დრომდე სისხლის სამართლის პასუხისგებაში არაა მიცემული მაშინ, როდესაც არაერთი საჯარო და ღია მტკიცებულება არსებობს მათი მხრიდან შესაბამისი დანაშაულების ჩადენისა. პროკურატურა უბრალოდ არაფერს აკეთებს ამ ნაწილში", – განაცხადა საიას ხელმძღვანელმა ნიკა სიმონიშვილმა ბრიფინგზე.
მან ამ საქმეს ღირსების საქმე უწოდა:
"ეს არის ღირსების საქმე არამარტო მედიის წარმომადგენლებისთვის, არამედ მთლიანად სამოქალაქო სექტორისა და ქვეყნისთვის. ამიტომ, მივმართეთ ევროსასამართლოს ევროკონვენციის 4 მუხლით გათვალისწინებული უფლების დარღვევასთან დაკავშირებით. მათ შორისაა როგორც გამოხატვის თავისუფლება, ისე წამების აკრძალვა და შესაბამისად გვაქვს იმედი, რომ ამ მუხლებთან დაკავშირებით დადგინდება სტრასბურგის სასამართლოს მიერ დარღვევა".