
მაკრონმა კიევსა და მოსკოვს მოუწოდა, არ დააყენონ რადიკალური პირობები მოლაპარაკებებისთვის
08/11/2022 08:17:48 ევროპა
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ უკრაინის კონფლიქტი მხოლოდ მოლაპარაკებების გზით შეიძლება, გადაწყდეს და მოუწოდა კიევსა და მოსკოვს, არ დააყენონ რადიკალური წინაპირობები. ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რა პირობებში და როგორ მოხდება ეს, უკრაინა გადაწყვეტს. ამის შესახებ მაკრონმა ეგვიპტეში გაეროს კლიმატის 27-ე კონფერენციის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ემანუელ მაკრონმა არაერთხელ გამოთქვა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ რუსული შმოჭრის დაწყების შემდეგ. ამასთან, მან არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის ინტერესებშია. ოქტომბრის ბოლოს ვატიკანში მაკრონმა სთხოვა რომის პაპ ფრანცისკეს, დაერეკა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, მოსკოვის პატრიარქ კირილთან და აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენთან, რათა ეცადა უკრაინაში ომის შეჩერება.
რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები მაისში შეწყდა. ოქტომბრის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც კრემლმა უკრაინის ოთხი რეგიონი რუსეთის ნაწილად გამოაცხადა, ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთთან მოლაპარაკება შეუძლებელია, ვიდრე მის პრეზიდენტად ვლადიმირ პუტინი რჩება. პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არ არის მზად, განიხილოს ანექსირებული ტერიტორიების ბედი.
The Washington Post-მა 6 ნოემბერს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა სთხოვა უკრაინის პრეზიდენტს, საჯაროდ გამოეხატა მზადყოფნა მშვიდობის მოსაპოვებლად. აშშ არ უბიძგებს უკრაინას მოლაპარაკებებისკენ, – განაცხადეს გამოცემის თანამოსაუბრეებმა თეთრ სახლში. მიზანია უკრაინის მხარდაჭერა იმ ქვეყნებში, რომელთა მოქალაქეებს შესაძლოა, ეშინოდეთ ომის პერსპექტივის წლების განმავლობაში, – აღნიშნავს გამოცემა. მეორე დღეს ეს ინფორმაცია The Wall Street Journal-ის წყაროებმა დაადასტურეს.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა 7 ნოემბერს განაცხადა, რომ უკრაინას არასოდეს უთქვამს უარი რუსეთთან მოლაპარაკებაზე. თუმცა, ჯერ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან და მხოლოდ ამის შემდეგ „სხვა დანარჩენი“.
"მზადაა პუტინი? ცხადია, არა. ამიტომ, ჩვენ კონსტრუქციულები ვართ ჩვენს შეფასებაში: ჩვენ ვისაუბრებთ რუსეთის მომავალ ლიდერთან", - დაწერა პოდოლიაკმა Twitter-ზე.
თავის მხრივ, კრემლი აგრძელებს მტკიცებს, რომ ღიაა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ახლა ისინი ვერ ხედავენ მსგავს შესაძლებლობას, რადგან კიევმა უარი თქვა დიალოგზე.
იტალიური La Repubblica ნატოელ წყაროებზე დაყრდნობით 7 ნოემბერს წერდა, რომ შეერთებული შტატები უშვებს, რომ უკრაინა შეძლებს მოლაპარაკებების დაწყებას ხერსონზე კონტროლის აღდგენის შემდეგ.