პაპუაშვილი: "საქართველოს პროგრესის შეფასებით კუთხით ევროპარლამენტარების დამოკიდებულებებს, განცხადებებს თუ ასე შემდეგ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს"
08/11/2022 10:43:45 პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ "საქართველოს პროგრესის შეფასებით კუთხით ევროპარლამენტარების დამოკიდებულებებს, განცხადებებს თუ ასე შემდეგ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს".
მისი თქმით, ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების პროგრესს აფასებს ევროკომისია და არა – ევროპარლამენტი.
„ჩვენ ვხედავთ და მთელი საზოგადოება თვალყურს ადევნებდა, როგორ ხდებოდა ეს. ერთი მხრივ, მომზადდა რეზოლუციის პროექტი, რომელიც მოამზადა მომხსენებელმა, პარლამენტის წევრმა, რომელიც დაკავებულია საქართველოს საკითხებით. ვნახეთ, რომ შემდეგ ამ პროექტზე სხვადასხვა შესწორება დაინიცირდა იმავე ხალხის მიმართ, ვინც ცნობილი არიან საკუთარი დამოკიდებულებით საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ. რა თქმა უნდა, ეს საწყენია, რადგან ვხედავთ რამდენიმე ევროპარლამენტარს, რომელთაც, სამწუხაროდ, საქართველოს მიმართ აქვთ ერთადერთი დამოკიდებულება – მეგობრობა მიხეილ სააკაშვილთან. მეგობრობა მიხეილ სააკაშვილთან ავტომატურად ნიშნავს, რომ ეს არ არის მეგობრობა საქართველოსთან. სამწუხარო რეალობის მომსწრენი ვართ ამ დისკუსიის ფარგლებში. ვნახოთ, შემდეგ რას გაითვალისწინებს პარლამენტი, თუმცა ეს არის გატკეპნილი გზა, რომლის მომსწრეც არაერთხელ ვიყავით. მთავარია, ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების პროგრესს აფასებს ევროკომისია და არა – ევროპარლამენტი. ჩვენ რამდენჯერმე, სპეციალურად დაგვიდასტურეს, რომ საქართველოს პროგრესის შეფასებით კუთხით ევროპარლამენტარების დამოკიდებულებებს, განცხადებებს თუ ასე შემდეგ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, შალვა პაპუაშვილმა.


