
ბრეგაძე: "სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე დასკვნის მომზადების შემდეგ მხარეებს შეუძლიათ, მიმართონ სასამართლოს"
08/11/2022 10:48:17 პოლიტიკა, სამართალი
იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების მოთხოვნით დაცვის მხარემ სასამართლომ უნდა მიმართოს.
მინისტრის შეფასებით, ჯანმრთელობის მდგომარეობით ნებისმიერი სპეკულაცია არაეთიკურია.
მისი თქმით, "ემპათიის" დასკვნა ჯერ არავის უნახავს და ამ საკითხზე წინასწარ შეფასებებს ვერ გააკეთებს.
"ჯანმრთელობის მდგომარეობით ნებისმიერი სახის სპეკულაცია, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, არის არაეთიკური. შესაბამისად, მე ამ საკითხზე მეტს ვერაფერს გიპასუხებთ, მე ვერ დავიწყებ წინასწარ შეფასებებს. როგორც მოგეხსენებათ, ცენტრი "ემპათიის" დასკვნა ჯერჯერობით არავის უნახავს, ეს დასკვნა უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს. მას შემდეგ როდესაც იარსებებს ეს დასკვნა, მრავალჯერ ვთქვი, ახლაც გავიმეორებ კიდევ ერთხელ, მხარეებს შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ არის თუ არა ამა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთი მძიმე, რომ არ შეესაბამებოდეს სასჯელის მოხდის მიზნებს. მე ერთი რამ შემიძლია ამ საკითხზე ვთქვა, რომ ამ ადამიანს აქვს ყველა პირობა შექმნილი სახელმწიფოსგან იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული, და მისი ეს შესაბამისი უფლებაც იყოს უზრუნველყოფილი და ის იმყოფება შესაბამის კლინიკაში", - განაცხადა ბრეგაძემ.
ცნობისთვის: დღეს მიხეილ სააკაშვილი ბრიტანელმა ფსიქიატრმა უნდა მოინახულოს. "ემპათიას" ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში, ყველა ექსპერტის მოსაზრება შეჯამდება და საბოლოო დასკვნაში აისახება.