მოსკოვი კიევს მოლაპარაკებისთვის წინაპირობებს აღარ უყენებს
08/11/2022 12:22:47 პოლიტიკა
რუსეთი მზად არის უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს წინაპირობების გარეშე, – ირწმუნება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკომ.
მისი თქმით, წინა მოლაპარაკებები მარტში რუსეთის „ბრალეულობის გარეშე“ შეწყდა, მოგვიანებით კი უკრაინამ მიიღო კანონი, რომელიც "მას რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოებას უკრძალავს".
„ჩვენი მხრიდან არანაირი წინაპირობა არ არსებობს, გარდა მთავარი პირობისა: უკრაინამ გამოიჩინოს კეთი ნება“, - ციტირებს რუდენკოს რუსული სახელისუფლებო მედიარესურსი “რია ნოვოსტი“.
მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტი მხოლოდ მოლაპარაკებების გზით შეიძლება, გადაწყდეს და მოუწოდა კიევსა და მოსკოვს, არ დააყენონ რადიკალური წინაპირობები. ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რა პირობებში და როგორ მოხდება ეს, უკრაინა გადაწყვეტს.
რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები მაისში შეწყდა. ოქტომბრის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც კრემლმა უკრაინის ოთხი რეგიონი რუსეთის ნაწილად გამოაცხადა, ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთთან მოლაპარაკება შეუძლებელია, ვიდრე მის პრეზიდენტად ვლადიმირ პუტინი რჩება. პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არ არის მზად, განიხილოს ანექსირებული ტერიტორიების ბედი.
The Washington Post-მა 6 ნოემბერს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა სთხოვა უკრაინის პრეზიდენტს, საჯაროდ გამოეხატა მზადყოფნა მშვიდობის მოსაპოვებლად. აშშ არ უბიძგებს უკრაინას მოლაპარაკებებისკენ, – განაცხადეს გამოცემის თანამოსაუბრეებმა თეთრ სახლში. მიზანია უკრაინის მხარდაჭერა იმ ქვეყნებში, რომელთა მოქალაქეებს შესაძლოა, ეშინოდეთ ომის პერსპექტივის წლების განმავლობაში, – აღნიშნავს გამოცემა. მეორე დღეს ეს ინფორმაცია The Wall Street Journal-ის წყაროებმა დაადასტურეს.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა 7 ნოემბერს განაცხადა, რომ უკრაინას არასოდეს უთქვამს უარი რუსეთთან მოლაპარაკებაზე. თუმცა, ჯერ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან და მხოლოდ ამის შემდეგ „სხვა დანარჩენი“.
"მზადაა პუტინი? ცხადია, არა. ამიტომ, ჩვენ კონსტრუქციულები ვართ ჩვენს შეფასებაში: ჩვენ ვისაუბრებთ რუსეთის მომავალ ლიდერთან", - დაწერა პოდოლიაკმა Twitter-ზე.
იტალიური La Repubblica ნატოელ წყაროებზე დაყრდნობით 7 ნოემბერს წერდა, რომ შეერთებული შტატები უშვებს, რომ უკრაინა შეძლებს მოლაპარაკებების დაწყებას ხერსონზე კონტროლის აღდგენის შემდეგ.
იხილეთ ასევე: გენერალი ჰოჯესი: „უკრაინამ შეუქცევად იმპულსს მიაღწია ბრძოლის ველზე, ყველა გზა ყირიმისკენ მიდის“


