Accentnews.ge
ოკუპაციის სამი სცენარი: როგორ ამზადებს რუსეთის ФСБ მოლდოვაში “მეორე ფრონტს”

ოკუპაციის სამი სცენარი: როგორ ამზადებს რუსეთის ФСБ მოლდოვაში “მეორე ფრონტს”

08/11/2022 20:03:14 ანალიზი

მეორე თვეა, მოლდოვაში ანტისახელისუფლებო მიტინგები გრძელდება. საპროტესტო აქციების მონაწილეები მოითხოვენ პროდასავლური მთავრობის გადადგომასა და რუსეთთან “მეგობრობას” რუსული გაზის სანაცვლოდ. თავის მხრივ ხელისუფლება აცხადებს, რომ საპროტესტო ტალღის უკან კრემლი დგას. პროდასავლელ პრეზიდენტ მაია სანდუს გუნდი აწარმოებს გამოძიებებს, აკავებს მოსკოვის აგენტურას, ატარებს ჩხრეკებს. ადგილობრივ მედიაში არაერთგზის გამოქვეყნებულა იმის მამხილებელი მასალები, რომ საპროტესტო აქციების მონაწილეებს ფულს უხდიან, მათი ორგანიზატორები კი კავშირში არიან მოსკოვთან. თუმცა პროტესტი ჯერ-ჯერობით არ ცხრება.

ამ დღეებში “Настоящее время”-ს ჟურნალისტი ირინა რომალიისკაია ერთ-ერთ ასეთ აქციას დაესწრო. მისი დაკვირვებით, მომიტინგეთა ნაწილი შესაძლოა, არავის მიერ იყოს მართული და მართლაც საკუთარი ინიციატივით მოქმედებდეს, რაც მაღალ ინფლაციას, გაზისა და ელექტროენერგიის მნიშვნელოვან გაძვირებასა და სხვა ყოფით პრობლემებს უკავშირდება, თუმცა მომიტინგეთა დიდ ნაწილთან მიმართებაში სახეზეა მართულობის არაერთი ნიშანი. ბევრი მათგანი მედიის წარმომადგენლებთან საუბარს თავს არიდებს, სახეს მალავს, აქციაში მონაწილეობის მიზეზების ფორმულირებას ვერ ახდენს. გარდა ამისა, მომიტინგეთა მნიშვნელოვანი ნაწილი აქციებზე სპეცტრანსპორტით, ორგანიზებულად მიჰყავთ და ა.შ.

  • ცნობისთვის: მოლდოვა ევროპის უღარიბესი სახელმწიფოა, თუმცა ელექტროენერგია აქ ერთ-ერთი ყველაზე ძვირია. ძვირია გაზიც, რომელსაც მოლდოვას რუსეთი აწვდის და ამ რესურსს, ტრადიციულად, მუხთლურად იყენებს პოლიტიკურ იარაღად. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ბოლო ნახევარ წელიწადში გაზი მოლდოვასთვის ექვსჯერ გაძვირდა.

კრემლი ფსონს ძებნილ კრიმინალზე დებს

პროტესტისკენ მოქალაქეებს რუსი მომღერლის - ჟასმინის მეუღლე, პარტია “შორის” ლიდერი, ბიზნესმენი ილან შორი მოუწოდებს, რომელიც 2017 წელს სამი მოლდოვური ბანკის კუთვნილი მილიარდი დოლარის თაღლითური გზით დაუფლებისთვის გაასამართლეს და 7,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. როცა განაჩენი გასაჩივრდა და საქმე სააპელაციო ინსტანციამდე მივიდა, შორმა ისრაელში გაქცევა მოახერხა. 2020 წელს თელ-ავივმა მის ექსტრადიციაზე უარი განაცხადა. თუმცა მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს აშშ-მა ბიზნესმენის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო, მოლდოვას ხელისუფლებას მისი ექსტრადიციის მიღწევის იმედი გაუჩნდა. სექტემბერში პარტია “შორმა” ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნით უვადო პროტესტის დაწყება გამოაცხადა.

პრეზიდენტი მაია სანდუ ღიად აცხადებს, რომ შორის უკან მოსკოვი დგას. ამას ადასტურებს მოლდოვას გამომძიებელ ჟურნალისტთა ასოციაცია “RISE Moldova"-სა და ცენტრ "Досье"-ს ერთობლივი გამოძიებაც: მისი თანაავტორები ასახელებენ რუსეთის უშიშროების ფედერალური სასახურის (ФСБ) კონკრეტულ თანამრომლებს, შიფრავენ მათი მოქმედების სქემებს და გამოაქვთ დასკვნა, რომ კრემლი, რომელიც მოლდოვას ოკუპაციისთვის “მეორე ფრონტს” ამზადებს, ამ საქმეში ფსონს უკვე არა ექს-პრეზიდენტ იგორ დოდონზე, არამედ სწორედ ილან შორზე დებს.

მარტივად რომ ვთქვათ, მოსკოვი მართავს ძებნილ კრიმინალს, რომელიც თავის სატელიტ პლახოტნიუკთან ერთად უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში მოლდოვაში გავლენის მნიშვნელოვან ბერკეტებს ფლობდა, ახლა კი მათ დაბრუნებას ცდილობს და ამაში ღარიბ მოსახლეობას იყენებს.

ოკუპაციის სამი სცენარი

ერთობლივი გამოძიების შედეგების თანახმად, რუსულ სპეცსამსახურში მოლდოვას ოკუპაციის სამი სცენარი განიხილება. პირველი ნაწილობრივი ოკუპაციაა, დნესტრისპირეთის რეგიონის დაკავებითა და შემდგომი აღიარებით (სადღეისოდ რუსეთს დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობა აღიარებული არ აქვს), მაგრამ ამისთვის პუტინის არმიამ უკრაინის სამხრეთის დაპყრობა და დნესტრისპირეთისკენ დერეფნის გაჭრა უნდა შეძლოს. “მადლობა ღმერთს, გაგვაჩნია დაცვა უკრაინული არმიის სახით, რომელიც დღეს რუსეთს ყველას მაგიერ ებრძვის” - ამბობს ერთობლივი გამოძიების თანაავტორი, “RISE Moldova”-ს წარმომადგენელი ვლადიმირ ტხორიკი.

მეორე სცენარი, მისი ინფორმაციით, მთელი მოლდოვას აღებაა - “თუ რუსული ჯარის მიერ - ვერ, მაშინ რუსული ადმინისტრაციის მიერ” (გადატრიალების მოწყობა და ხელისუფლებაში პრორუსულად განწყობილი ადგილობრივი პოლიტიკოსების მოყვანა), მესამე კი – დნესტრისპირეთის საზღვარზე გასვლა მისი დამოუკიდებლობის აღიარების გარეშე. თუმცა სამივე ვარიანტი, ФСБ-ს ანალიტიკოსების ხედვით, სარისკოა მიღწეული შედეგის შესაძლო ხანმოკლეობის თვალსაზრისით. ამდენად, მათი აზრით, მოლდოვაზე კრემლის გავლენის შენარჩუნება/გასაზრდელად “სჯობს თამაში გრძელვადიან ეფექტზე”.

ამ მიზნით, როგორც ირკვევა, რუსული სპეცსამსახურის ანალიტიკოსებს მოლდოვას მოსახლეობისთვის შემუშავებული აქვთ ახალი საზოგადოებრივი კონტრაქტი სახელწოდებით "ქარტია-22" და მისი რეალიზება რეფერენდუმების გზით აქვთ ჩაფიქრებული. ამ სოუსით “ჩეკისტები” საჭიროდ მიიჩნევენ ქვეყნის შიგნით იმ ახალი პოლიტიკური ძალების ჩამოყალიბებას, რომლებიც მოლდოვას რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის იდეის ან სხვა აუცილებელი სტრატეგიების ლობირებას ამჯერად უკვე ხალხის სახელით მოახდენენ. რუსული პროექტი ასევე დევნილი მთავრობისა და უკრაინასთან საომრად “მოხალისეთა ბატალიონების” ჩამოყალიბების შესაძლებლობას ითვალისწინებს.

“თუ სადღეისოდ არსებული ვითარებით ვიმსჯელებთ, ჩვენი ხედვით, ყველაზე რეალურ ვარიანტად წარმოჩინდება ძალისმიერი გადატრიალება ტარიფების ზრდით გამოწვეული საპროტესტო ტალღის ფონზე” – აღნიშნავს ამასთან დაკავშირებით ვლადიმირ ტხორიკი.

მოლდოვას მრავალწლიანი “დამუშავება”

როგორც ირკვევა, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (ФСБ) მოლდოვას ხელში ჩასაგდებად ნიადაგს ჯერ კიდევ 2014 წლიდან ამზადებდა, უკრაინის ომის ფონზე კი ამ კუთხით მხოლოდ გააქტიურდა.

“ФСБ-ს საერთაშორისო საქმიანობა ძალზე ფართოა და მრავალწახნაგოვანი. მას ფართოდ აქვს მოცული ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ФСБ განსაკუთრებით გააქტიურდა და ამ დროისთვის მისი შეტევის მთავარ სამიზნეს მოლდოვა წარმოადგენს” – ნათქვამია ერთობლივ საგამოძიებო მოხსენებაში.

ავტორების მონაცემებით, რუსული სპეცსამსახურის ცნობილი მეხუთე სამმართველოს ოპერატიული ინფორაციის დეპარტამენტში ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან მიმართებაში ოპერატიულ გეგმებს გენერალი დიმიტრი მილიუტინი კურირებს, სწორედ მას დაევალა უკრაინის ომის ფონზე მოლდოვაში დნესტრისპირეთის მხრიდან “მეორე ფრონტის” გასახსნელად ნიადაგის მომზადება.

თუმცა საუბარი მხოლოდ ბოლო პერიოდზე როდია: ირკვევა, რომ მოლდოვას “დამუშავება” ФСБ-მ ბევრად ადრე, უკრაინასთან ერთდროულად, ჯერ კიდევ 2014 წლიდან დაიწყო. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, 2014 წლის შუა პერიოდიდან მოლდოვაში ყოველწლიურად შედიოდნენ რუსეთის მოქალაქეები დიპლომატიური საბუთებით, - ყოველ ჯერზე სამ-სამი და მათი დოკუმენტები, თუ სერიული ნომრებით ვიმსჯელებთ, ერთმანეთის მიყოლებით იყო გაცემული (იმის მსგავსად, როგორც სკრიპალების მოწამლვის შემდეგ რუსეთის მთავარი საგამოძიებო სამმართველოს აგენტებს აღმოაჩნდათ). მსგავსი სტუმრების უმრავლესობა ქვეყანაში შესვლისას “ერთწლიან პერიოდს” უთითებდა, თუმცა უკან აღარ ბრუნდებოდა, - ნათქვამია საგამოძიებო მოხსენებაში.

“მეხუთე სამსახური – ეს ჩეკისტური დაზვერვაა. მისი წარომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებში რუსეთის დაახლოებით 60 საელჩოში სხედან და დაზვერვას აწარმოებენ. ჩვენი გამოძიება ჯერ კიდევ ორი წლის წინ დავიწყეთ. მაშინ მოლდოვაში “ნიადაგის მზადებაში” ძალზე აქტიურ როლს ასრულებდა რუსეთის პრეზიდენტის რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველო, რომელსაც იმხანად საგარეო დაზვერვის სამსახურის გენერალი ვლადიმირ ჩერნოვი ხელმძღვანელობდა. გარკვეულ ეტაპზე მისი სამდივნოდან ასობით საბუთი მოგვაწოდეს, რომელიც მოწმობდა, მაგალითად, როგორ ერეოდა ეს "კულტუროლოგთა სამმართველო" საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის საქმეებში. დავუკავშირდით “რაის მოლდოვას” წარმომადგენელ ვლადიმირ ტხორიკს, მან კი გვიამბო, რომ ხელში ჩაუვარდა იმჟამინდელი პრეზიდენტის – იგორ დოდონის დაკარგული ტელეფონი. შევისწავლეთ ყველა მისი კონტაქტი, რომელთა შორის აღმოჩნდა, მათ შორის, გენერალი ჩერნოვიც, პრეზიდენტის ადმინისტრაციაც, მოლდოვაში რუსეთის ელჩიც, НТВ-ს მიმაგრებული საგარეო დაზვერვის სამსახურის პოლკოვნიკიც და სხვებიც. სწორედ მაშინ გადაწყდა, გვეთანამშრომლა და ერთობლივად გვეწარმოებინა გამოძიება. კიდევ მოგვიანებით ჩვენმა ერთ-ერთმა წყარომ გვირჩია, არ შემოვფარგლულიყავით მხოლოდ რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოთი და შეგვესწავლა მოლდოვაში მეხუთე სამმართველოს აქტივობებიც. ასე აღმოჩნდა ჩვენს ხელთ საბუთები, ფულადი გადარიცხვები, გეგმები, “რბილი ძალის” შესახებ მასალები და სხვა” – ყვება საგამოძიებო მოხსენების თანაავტორი სერგეი კანევი.

მისივე ინფორმაციით, დოდონის პრეზიდენტობის პერიოდი წარსულს ჩაბარდა, თუმცა რუსეთის ФСБ საკმაოდ აქტიურია მოლდოვაში დღესაც – პროდასავლელი მაია სანდუს პირობებში: “მოლდოვას სახელმწიფო სტრუქტურებში დღემდე მრავლადაა როგორც ФСБ-ს, ისე საგარეო დაზვერვის, მთავარი სადაზვერვო სამმართველოს აგენტურა და სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ, რომ თავის ძირგამომთხრელ საქმიანობაში ისინი განსაკუთრებულ სირთულეებს აწყდებოდნენ. ამავდროულად, კრემლი მოლდოვას მუდმივად აშანტაჟებს გაზით: “თუ კარგად მოიქცევით, ნორმალურ ფასად მოგაწვდითო”.

კრემლის მიზნები

პუტინის რეჟიმი აღარ მალავს, რომ განზრახული აქვს რუსეთის იმპერიის აღდგენა.

როგორც ამასთან დაკავშირებით რუსი პოლიტიკოსი და ანალიტიკოსი გენადი გუდკოვი აცხადებს, პუტინი, რომელიც სსრკ-ის დაშლას “XX საუკუნის უდიდეს ტრაგიკულ შეცდომად” აფასებს, საბჭოთა იმპერიის აღდგენის იდეით მრავალი წლის წინ, ფაქტობრივად გაპრეზიდენტებისთანავე განიმსჭვალა და ყველა ნეგატიური შედეგის მიუხედავად, ვერც დღეს ჩერდება.

”პუტინისთვის არასაკმარისია, მართავდეს რუსეთს. მას სურს, სარდლობდეს კიდევ სადმე, იყოს დიადი, ძლევამოსილი, მილიონობით ადამიანის ბედის განმკარგველი… ამ იდეით შეპყრობილმა, მან ჯერ კიდევ წლების წინ დაიწყო მოქმედება, მაგრამ ისე, როგორც იცოდა და შეეძლო – უვიცად, უნიჭოდ, ხისტად. სწორედ ამის შუალედურ შედეგად იქცა დსთ-ისა და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ფაქტობრივი დაშლა, რომელსაც ახლა ვადევნებთ თვალს, ასევე უკრაინის ომი და ბევრი სხვა უმძიმესი რამ. მაგრამ პუტინი ვეღარ ჩერდება. მისთვის სულერთია, ჰყავს თუ არა სსრკ-ის აღდგენის იდეას იდეური მიმდევრები ამა თუ იმ ქვეყანაში, - რეჟიმი ახალი რუსული იმპერიის შექმნის ხაზს მიჰყვება და მთავარი მიზანი აქ ან რუსეთთან მიერთებაზე, ან, სულ მცირე, მის მაქსიმალურ მხარდაჭერაზე მიმართული პოლიტიკის ფორმირებაა. ეს ხორციელდება მოლდოვაშიც, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც, ევროპაშიც კი. ასე, მაგალითად, სერბეთი, ბულგარეთი, უნგრეთი კრემლის თვალში წარმოადგენდნენ ერთგვარ ტროას ცხენებს, რომელთა მეშვეობით რუსეთის რეჟიმი ევროპის ერთიანობის მორყევას გეგმავდა. ხსენებული მიზნის მისაღწევად რუსეთი იბრძვის როგორც დიპლომატიურ და პოლიტიკურ ფრონტზე, ისე, ცხადია, სპეცსამსახურების დონეზეც. ჩვენ ეს ვიცით, გვესმის და ამ საქმიანობის ეფექტიანობის შესამცირებლად არსებობს ერთი გზა: რუსეთის გავლენას მეტ-ნაკლები ხარისხით დაქვემდებარებული ყველა ქვეყანა კრემლის მავნე ზემოქმედებას ერთიანი ფრონტით უნდა დაუპირისპირდეს. თითოეულმა მათგანმა კარგად უნდა გაიაზროს და გააცნობიეროს, რომ პუტინის რუსეთის ეს პოლიტიკა მათი მომავლის განადგურებაზეა მიმართული” – ამბობს გუდკოვი.

რაც შეეხება საკუთრივ მოლდოვას, როგორც ერთობლივი გამოძიების მონაწილეები ასობით შესწავლილ საგამოძიებო მასალაზე დაყრდნობით აცხადებენ, რუსეთი კიშინიოვს თავისი ლეგიტიმური მემკვიდრეობის ნაწილად და გავლენის ზონად განიხილავს. “დარწუნებული ვარ, შესაძლებლობა რომ მიეცეთ, ყველა ღონეს იხმარენ, რათა მოლდოვა აქციონ მეორე ბელარუსად, მათ შორის ერთგვარ სამხედრო პლაცდარმად უკრაინაზე შემდგომი თავდასხმების განხორციელებისათვის” – ამბობს მკვლევარი სერგეი კანევი.

"რბილი ძალა”

ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, მოლდოვაშიც კრემლის ერთ-ერთ მთავარ იარაღს მედია წარმოადგენს. ერთობლივი გამოძიების მონაწილეთა ინფორმაციით, მოლდოვას შემთხვევაში პროპაგანდის კუთხით განსაკუთრებული აქცენტი კეთდება 35 წლამდე ასაკის მოსახლეობაზე.

“ჩვეულებრივ, ახალგაზრდული სეგმენტი ყველაზე რთულად ექვემდებარება პროპაგანდის ზეგავლენას, თუმცა ისეთ ღარიბ და უამრავი სხვა პრობლემის მქონე ქვეყნებში, როგორიც მოლდოვაა, ეს შედარებით მარტივია. არსებულ მძიმე სოციალურ ფონზე ჩნდებიან გარკვეული პერსონები, რომლებიც ცდილობენ, დააჯერონ ახალგაზრდობას, რომ რუსეთთან დაახლოება მათ ყველა პრობლემას მოაგვარებს – “გაზიც გექნებათ, შუქიც, იაფი პროდუქტიც, კარგი სამსახურიც, ღირსეული ხელფასიცო”. სანამ მოლდოვაში რუსული ტელეარხები მაუწყებლობდნენ, მოსახლეობა ყოველდღიურ რეჟიმში ექვემდებარებოდა კრემლის მასირებულ სადეზინფორმაციო პროპაგანდას. მაყურებელს დილიდან ღამემდე უჩვენებდნენ, როგორ დაიარება “ძლევამოსილი, აყვავებული” რუსეთის “ბრძენი” პრეზიდენტი, როგორი “დიდი პატივით” იღებენ მას მთელს მსოფლიოში, როგორ “მდიდრდება დღითიდღე” რუსეთის მოსახლეობა, როგორი “კმაყოფილია რუსეთში ყველა” - და მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ამას, სამწუხაროდ, იჯერებდა. როცა რუსული ტელემაუწყებლობა შეწყდა, ამას წერტილი დაესვა, თუმცა დარჩა ასობით პროპაგადისტული ინტერნეტ-საიტი და ტროლების არმია, რომლებიც ან ღიად, ან ლატენტურად ლობირებენ კრემლის დღის წესრიგს. შედეგი სახეზეა: თუ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პუტინისა და რუსეთის რეიტინგი მოლდოვაში საგრძნობლად დაეცა (იანვრის 56–57%-დან მარტ-აპრილის 35%-მდე), ბოლო თვეებში კვლავ ზრდის ტენდენცია ფიქსირდება” – აღნიშავენ საგამოძიებო ჯგუფის წევრები და ამას, მათ შორის, მოლდოვას ხელმძღანელობის “არასაკმარისად გააზრებულ და აქტიურ საინფორმაციო პოლიტიკას, მოსკოვის არგაღიზიანების კურსს” უკავშირებენ.

“ომის მიმართ საკმაოდ მკაფიო პოზიციის დაფიქსირების მიუხედავად, მოლდოვამ, როგორც ნეიტრალურმა სახელმწიფომ, სამწუხაროდ, ვერ/არ გამოიმუშავა ასეთივე მკაფიო და მტკიცე პოზიცია ზოგადად რუსეთთან და რუსულ პოლიტიკასთან მიმართებაში. ცდილობდნენ, გაეგრძელებინათ მოსკოვის არგაღიზიანების კურსი, მიამიტად სჯეროდათ რა, რომ ამის შედეგად კრემლის აგრესიული პოლიტიკა, მათ შორის ენერგეტიკული შანტაჟი სადღაც გაქრებოდა, ისევე, როგორც მთლიანობაში რუსეთის საოკუპაციო გეგმა, რომელსაც არგაღიზიანების პოლიტიკა რეალურად, არანაირად არ ცვლის” – ამბობს სერგეი კანევი.

რუსული ფინანსური რესურსი, როგორც იარაღი

გენადი გუდკოვი მოლდოვის ხელისუფლებას ურჩევს, სათანადოდ გაითვალისწინოს კრემლის კიდევ ერთი იარაღის – ფინანსური რესურსის მნიშვნელობა.

“პუტინს გიგანტური ფინანსური რესურსი აქვს, რომლის წყალობით ბევრგან, განსაკუთრებით კი ღარიბ ქვეყნებში ყველას და ყველაფრის ყიდვას ცდილობს. ევროპაში ამას კორუფციის ექსპორტად მოიხსენიებენ. “რბილი ძალის” ნაცვლად ხდება ბევრად მარტივი და სწრაფი ეფექტის მომტანი მეთოდის – ყიდვა-მოსყიდვის გამოყენება: ვიღაცას რაღაცაში წაეხმარებიან, ვიღაცას პირდაპირ გადაუხდიან, სადაც შესაძლებლობა ექნებათ, რაღაცას იყიდიან და ა.შ. ეს მარტო მოლდოვასა და პოსტსაბჭოეთს კი არა, იგივე ევროპასაც ეხება. ყველას გვახსოვს, მაგალითად, გაზთან დაკავშირებული სკანდალი ბულგარეთში, როცა გაირკვა, რომ ენერგოკომპანიების დიდი ნაწილი რუსეთიდან “იკვებებოდა”. პუტინის ეს რესურსი სათანადოდ უნდა შეფასდეს. ამ კუთხით სიფრთხილე და სიფხიზლე ჰმართებს ყველა სახელმწიფოს, რომელიც რუსეთის ინტერესთა სფეროში შეიძლება, მოიაზრებოდეს” – ამბობს გუდკოვი.

როგორ დავძლიოთ რუსული გავლენა

რუსი ანალიტიკოსი იზიარებს ერთობლივი გამოძიების მონაწილეთა შეფასებას, რომ პრეზიდენტ მაია სანდუს იგორ დოდონისგან განსხვავებული – პროდასავლური ხედვების მიუხედავად, მოლდოვაში რუსულ აგენტურას საქმიანობა დიდად არც დღეს უჭირს, თუმცა დარწმუნებულია, რომ სათანადო მოქმედების შემთხვევაში ამ პრობლემის გადაჭრა სრულიად შესაძლებელია.

“ბულგარეთში კიდევ უარესი ვითარება იყო, პუტინის რეიტინგი უკრაინის ომამდე ლამის 64%-ს აღწევდა, მაგრამ სადღეისოდ იგი უკვე 20%-ზე დაბალია. რატომ? სწორი პრიორიტეტების ფორმირება, დემოკრატიული ძალების, კოალიციების ჩამოყალიბება, სათანადო პოლიტიკური კურსის, ევროპული პოლიტიკის გატარება და მოქალაქეებთან სწორი მუშაობა შედეგს აუცილებლად იძლევა. მოგეხსენებათ, ბულგარეთმა რუსეთის უამრავი აგენტი გააძევა და საკმაოდ ხისტად იმოქმედა ამ მიმართულებით. დიახ, ის დღესაც მზადაა, იმეგობროს რუს ხალხთან, მაგრამ არა პუტინის რეჟიმთან და არამც და არამც არ აპირებს მის ფარვატერში ყოფნას” – ამბობს გუდკოვი.

ანალიტიკოსის შეფასებით, დღეს სურვილის შემთხვევაში რუსულ გავლენასთან ბრძოლა ბევრად ადვილია, ვიდრე ადრე, რადგან ვლადიმირ პუტინიც და მისი ქვეყანაც იმდენად არიან კომპრომეტირებულები, რომ მათთან ურთიერთობას ყოფილი უახლოესი პარტნიორებიც კი არიდებენ თავს: “შეხედეთ სერბეთს, ჩრდილოეთ მაკედინიას, სხვებს: ნელ-ნელა ყველა აცნობიერებს, რაოდენ საზიანოა დღევანდელ რუსეთთან ურთიერთობა, არათუ პარტნიორობა. უბრალოდ საჭიროა ამ აზრის მხარდაჭერა, არგუმენტირებულად და სისტემურად დაცვა, მისი მუდმივი მკაფიო ასახვა სახელმწიფო პოლიტიკაში. დიახ, ჯერ კიდევ რჩება დამოკიდებულება რუსულ ენერგო- და სხვა რესურსებზე, მაგრამ ბოლო დროის მსოფლიო პრაქტიკამ ნათლად აჩვენა, რომ სრულიად შესაძლებელია ალტერნატიული წყაროების მოძიება, თუკი იქნება ამის რეალური ნება და ერთობლივი, კოორდინირებული მოქმედება დასავლეთთან. ფაქტი ისაა, რომ როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ისე მთლიანად მსოფლიოში პუტინისა და მისი რუსეთის გავლენა ეცემა. პუტინი ხომ სადღეისოდ სისხლიანი ჯალათია, ადამიანი-ტერორისტი, რომელიც პოლიტიკაში ტერორისტულ და ფაშისტურ მეთოდებს იყენებს. და ამ გავლენის დაცემას იგი მხოლოდ საკუთარ თავს უნდა “უმადლოდეს”: ვერც ერთი ოპოზიცია, ვერც ერთი დასავლეთი ვერ დააზიანებდა პუტინის რეჟიმს ისე, როგორც მან თავად დააზიანა”.

გუდკოვის აზრით, სადღეისოდ ყველა სახელმწიფოს, რომელიც მეტად თუ ნაკლებად იყო დაქვემდებარებული რუსეთის გავლენას, ჰმართებს სიფხიზლე და აქტიურობა სწორი მიმართულებით:

“კი არ უნდა ისხდნენ ქვიშაში თავჩარგულები იმ იმედით, რომ აგონიაში მყოფი რუსული გველეშაპის კუდის ბოლო მოქნევა ასცდებათ, არამედ ყველაფერს უნდა აკეთებდნენ იმ ფინალის მოსაახლოებლად, რომლისკენაც პუტინის სისხლიანი რეჟიმი გარდაუვლად მიდის”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S