
კოალიციამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მის მიერ მხარდაჭერილი 5 არამოსამართლე წევრობის კანდიდატი წარადგინა
10/11/2022 08:17:27 სამართალი
კოალიციამ "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოში მის მიერ მხარდაჭერილი 5 არამოსამართლე წევრობის კანდიდატი წარადგინა. ესენია:
- ლიკა საჯაია - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი;
- ანა აბაშიძე - პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის ხელმძღვანელი;
- დიმიტრი ხაჩიძე - ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი;
- სულხან სალაძე - კარგი მმართველობის და ინფორმაციის თავისუფლების პროგრამის ხელმძღვანელი (ღია სივრცე კავკასია);
- გიორგი ბურჯანაძე - საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე;
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრის შესარჩევი კონკურსი პარლამენტში 30 სექტემბრიდან გამოცხადდა. იურიდიული კომიტეტის მიერ 4 ოქტომბერს ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად კი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევისას მათი საჯარო მოსმენის ვალდებულება დადგინდა.
"კოალიცია დიდი ხანია საუბრობს სასამართლო ხელისუფლების ფუნდამენტური რეფორმისა და ამ რეფორმის სტრატეგიის რადიკალური ცვლილებების საჭიროებაზე. საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ პროცესში გადასადგმელი ნაბიჯები მიმართული უნდა იყოს სასამართლოს სისტემის მართვის კონსენსუსზე ორიენტირებული რეფორმისკენ და მყარ დაბრკოლებებს უნდა უქმნიდეს ძალაუფლების კონცენტრირებას, რომლის მანკიერი პრაქტიკა დღეს სასამართლო სისტემაში არსებობს. პარლამენტის სესიაზე 5 არამოსამართლე წევრის არჩევა ამ მიზნის მიღწევისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი შეიძლება იყოს", - აცხადებს კოალიცია.
კოალიცია ამბობს, რომ აუცილებელია, თანამდებობაზე მოხვდნენ მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი და კომპეტენტური კანდიდატები - მოქალაქეები, რომელთა მიმართაც იქნება მაღალი საზოგადოებრივი ნდობა და პოლიტიკურ პარტიებს შორისაც ფართო კონსესუსი იარსებებს.