Accentnews.ge
ხერსონის ოლქში შეტევა გრძელდება – უკრაინის გენშტაბი

ხერსონის ოლქში შეტევა გრძელდება – უკრაინის გენშტაბი

11/11/2022 06:05:18 ევროპა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დღეს დილით განაცხადა, რომ ხერსონის ოლქში შეტევა გრძელდება.

გენშტაბის ცნობით, ოპერაციის უსაფრთხოების გამო, შედეგებს ოფიციალურად მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ 10 ნოემბერს განაცხადა, რომ 9 ნოემბერს თავდაცვის ძალებმა კონტროლი აღადგინეს ხერსონის ოლქის 12 დასახლებულ პუნქტზე.

გენერალური შტაბის მიერ დღეს, 11 ნოემბერს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ჩამოთვლილია 12-ივე გათავისუფლებული დასახლებული პუნქტი.

რუსეთმა 9 ნოემბერს განაცხადა, რომ სამხედრო ქვედანაყოფებს გადაიყვანს მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე და შესაბამისად, დატოვებს მარჯვენას, სადაც ქალაქი ხერსონი მდებარეობს. უკრაინის ეს ტერიტორია რუსმა სამხედროებმა 2022 წლის გაზაფხულზე დაიკავეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალმა კონაშენკოვმა 10 ნოემბერს, მოსკოვში ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამხედრო დაჯგუფებამ დაიწყო გადაადგილება მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან, კერძოდ, "დამტკიცებული გეგმის მკაცრად დაცვით, ნიკოლაევი-კრივოი-როგის მიმართულებით ხორციელდება რუსული ქვედანაყოფების მანევრი დნეპრის მარცხენა ნაპირზე მომზადებულ პოზიციებზე".

10 ნოემბერს, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთს ქალაქ ხერსონიდან ჯარების გასაყვანად სულ მცირე, ერთი კვირა დასჭირდება. რეზნიკოვის ინფორმაციით, მთლიანად ხერსონის ოლქში 40 000 რუსი სამხედრო იმყოფება.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები ანექსირებულად გამოაცხადა 2022 წლის 30 სექტემბერს. უკრაინის არმიამ ხერსონის ოლქში კონტრშეტევა ჯერ კიდევ ზაფხულში დაიწყო და შემოდგომაზე კიდევ უფრო ინტენსიური გახადა.

10 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ 1 ოქტომბრიდან, უკრაინის ჯარებმა ხერსონის მიმართულებით კონტროლი აღადგინეს 41 დასახლებულ პუნქტზე. წუხანდელი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხერსონის ოლქის დასახლებული პუნქტების გათავისუფლებისთვის მადლობა გადაუხადა შეიარაღებულ ძალებს, დაზვერვას და სპეცსამსახურებს. ზელენსკის განცხადებით, გათავისუფლებულ რაიონებში სამხედროებს კვალდაკვალ მიჰყვებიან ეროვნული პოლიციის ძალები და სტაბილიზაციის ღონისძიებები იწყება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S