
ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთ-უკრაინის ომში ნახევარწლიან პაუზას პროგნოზირებს
12/11/2022 18:32:29 ანალიზი
მომავალი წლის პირველ თვეებში უკრაინის ფრონტზე მოვლენები მნიშვნელოვნად შენელდება და "ზამთრის პაუზა" შესაძლოა, 6 თვემდე გაგრძელდეს, - თვლიან "The New York Times"-ის წყაროები აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
უკრაინის ჯარების მიერ ხერსონის გათავისუფლება ომში უკრაინელთა მორიგ გამარჯვებად იქცა. სულ რამდენიმე თვეში უკრაინამ რუსეთის მიერ 24 თებერვლიდან ოკუპირებული ტერიტორიების 48%-ის გათავისუფლება შეძლო, - დაითვალა "Newsweek"-მა.
კრემლს ხერსონიდან უკან დახევა სერიოზულ მარცხად ექცა, - ამბობენ თეთრ სახლში და იქვე დასძენენ, რომ ეს იყო იძულებითი გადაწყვეტილება, რადგან ზამთრის დადგომასთან ერთად ქალაქში დარჩენილი სამხედროები მოწყვეტილები აღმოჩნდებოდნენ მომარაგებას.
"უკრაინულმა არმიამ გაანადგურა ან დააზიანა ქალაქში მოსახვედრად არსებული ყველა ხიდი, გარდა ერთისა. ამან რუსეთს ფაქტობრივად გაუნულა მისი იმ 20-30 ათასი მებრძოლის მომარაგების შესაძლებლობა, რომლებიც კრემლმა ფრონტზე პრაქტიკულად მოუმზადებლები გაგზავნა", - განმარტავენ ნატო-ში.
აწი ფრონტზე მოვლენები ბევრად ნელი ტემპით განვითარდება, - თვლიან აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ზამთრის პაუზა, ჩინოსნების აზრით, შესაძლოა, უახლოესი 6 თვით გაიწელოს. წვიმა და რბილი გრუნტი ნოემბრის ბოლოს ორივე ჯარის გადაადგილებას შეაფერხებს. შემდეგ, როცა ტემპერატურა დაიკლებს და მიწა გაიყინება, ტანკებსა და მანქანებს გადაადგილება გაუადვილდებათ, თუმცა ძლიერი თოვა და ყინვა ცუდად აღჭურვილ რუსულ ჯარს შეტევას ძალიან გაურთულებს და მაღალი ალბათობით, ერთადერთი, რასაც მოსკოვი მოახერხებს, უკრაინის ინფრასტრუქტურის ობიექტებზე შეტევების გაძლიერებაა მოსახლეობის დემორალიზებისათვის, - ვარაუდობენ ამერიკელი ჩინოსნები.
აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების ხელმძღვანელთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი, გენერალი მარკ მილი უკრაინულ მხარეს მისი სამხედრო მიღწევების გასამყარებლად რუსულთან მოლაპარაკებებზე დათანხმებას სთავაზობდა. თავის მხრივ, პრეზიდენტი ბაიდენი და მისი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი დარწმუნებულები არიან, რომ უკრაინას ფრონტზე კიდევ მეტის მიღწევა ძალუძს და რუსეთთან მოლაპარაკებებზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
თავად უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ზამთრისთვის პაუზის აღებასა და კონფლიქტის "გაყინვას" არ აპირებს. "განურჩევლად წელიწადის დროისა და ამინდისა, ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლება უნდა განვაგრძოთ. ჩვენ საყინულე კამერა არ ვართ და ვერაფერს გავყინავთ", — განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა.
თავის მხრივ, ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები თვლიან, რომ ზამთრის პაუზა უკრაინამ შემტევი და თავდაცვითი შეიარაღების მარაგების შესავსებად უნდა გამოიყენოს.
გასულ კვირას პენტაგონმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი - $400 მლნ-იანი პაკეტის გამოყოფა დააანონსა. მასში შევა, მათ შორის, 4 ერთეული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Avenger და რაკეტები Stinger. თუმცა კიევის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ გამარჯვებისთვის უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მეტი სისტემა, მეტი ტანკი და გამანადგურებელი ესაჭიროება.