
სომხეთმა ყირიმის ხიდის აფეთქებასთან დაკავშირებით "ტერორიზმის ხელშეწყობის" მუხლით საქმე აღძრა
13/11/2022 13:37:33 კავკასია
სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურმა ყირიმის ხიდის აფეთქებასთან დაკავშირებით "ტერორიზმის ხელშეწყობის" მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, გამოძიება მედიაში იმ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დაიწყო, რომ სატვირთო მანქანას, რომელშიც 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში მდებარე ხიდის ასაფეთქებლად გამოყენებული მოწყობილობა იყო დამონაჟებული, სომხეთის მოქალაქე მართავდა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი ქვეყანაში უცხო სახელმწიფოდან შევიდა და შემდეგ რუსეთში გაემგზავრა.
სომხური უშიშროების პრეს-სამსახურის ცნობით, სისხლის სამართლის საქმე "პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით საერთაშორისო ტერორიზმისთვის ხელშეწყობის", "ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საზღვრების გავლით ასაფეთქებელი მასალების კონტრაბანდისა" და "დოკუმენტების გაყალბების" მუხლებითაა აღძრული.
ცნობისთვის: აფეთქებიდან ორიოდ დღეში, 12 ოქტომბერს რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ "დაადგინა ყირიმის ხიდზე მომხდარი ტერორისტული აქტის 12 თანამონაწილის ვინაობა“ და რომ 8 მათგანი უკვე დააკავა. „დაკავებულია რუსეთის 5, ასევე უკრაინისა და სომხეთის 3 მოქალაქე, რომლებიც დანაშაულის მზადებაში მონაწილეობდნენ. ასაფეთქებელი მოწყობილობა სატვირთო მანქანაში იყო მოთავსებული და შენიღბული იყო ტვირთად, რომელიც ჯამში 22 ტონაზე მეტს იწონიდა. დადგინდა, რომ ასაფეთქებელმა მოწყობილობამ აგვისტოს დასაწყისიდან ოდესის პორტიდან ბულგარეთის, საქართველოსა და სომხეთის გავლით იმგზავრა" - ირწმუნებოდა რუსეთის უშიშროება და დამკვეთად უკრაინის უშიშროების სამსახურს ასახეელებდა.
საქართველომ და ბულგარეთმა განაცხადეს, რომ სატვირთო მანქანას, რომელიც ყირიმის ხიდზე აფეთქდა, ამ ქვეყნების საზღვრები არ გადაუკვეთავს. სომხეთი კი ირწმუნებოდა, რომ ქვეყნის საბაჟო სამსახურმა ყველა საჭირო პროცედურა შეასრულა, მაგრამ ტვირთში, რომელიც საქმეში ფიგურირებს, საფრთხე არ შეუნიშნავს.