Accentnews.ge
“ქართული ოცნებისა” და “ხალხის ძალის” ანტიდასავლური კამპანიის “საამაყო მიღწევა”: რატომ ციტირებს სოხუმი თბილისში მჟღერ სიცრუეს

“ქართული ოცნებისა” და “ხალხის ძალის” ანტიდასავლური კამპანიის “საამაყო მიღწევა”: რატომ ციტირებს სოხუმი თბილისში მჟღერ სიცრუეს

13/11/2022 19:14:08 კონფლიქტები

მმართველ პარტია "ქართულ ოცნებასთან" აფილირებულ ახალგაზრდა მოძრაობა "ხალხის ძალას" სულ რამდენიმეთვიანი მოქმედების შედეგად უკვე “საამაყო მიღწევები" აქვს: სოხუმში მისი განცხადებების ციტირებას მოუხშირეს და დიდი სიამოვნებით მოჰყავთ არგუმენტად, ოღონდ იცით, რისთვის? - აფხაზურ საზოგადოებაში რუსეთისადმი ლოიალური დამოკიდებულების შესანარჩუნებლად და ანტიქართული განწყობების გასაღვივებლად!

დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ ამ დღეებში სწორედ "ხალხის ძალის" განცხადებები დაიმოწმა და მათზე დაყრდნობით როგორც "ქართველებთან ომისთვის მზადების", ისე "რუსეთისადმი ლოიალობის გაგრძელების" აუცილებლობაზე ისაუბრა.

"რუსეთს [უკრაინასთან ომში - რედ.] რითიც შეგვიძლია, ყველაფრით ვეხმარებით. ის კი არა, სადღეისოდ ჩვენის მხრივ მეტიც კი გვაქვს გაკეთებული, ვიდრე დსთ-ის წევრ ზოგიერთ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკას. თუმცა ამავდროულად, ჩვენს საზღვრებსაც ვერ დავტოვებთ დაუცველს, რადგან შექმნილ ვითარებაში ყველაფერი შეიძლება, მოხდეს. საქართველოს პარლამენტში ჩამოყალიბდა ასეთი ჯგუფი, რომელიც თავს რიცხოვნობით მესამედ მიიჩნევს, "ხალხის ძალა" ჰქვია. მას უკვე არაერთგზის განუცხადებია იმის შესახებ, რომ ამერიკელები საქართველოს აქ მეორე ფრონტის გახსნისკენ უბიძგებენ... უნდა გვახსოვდეს, რომ ყაზახეთში, ასევე ყარაბაღში განვითარებული მოვლენები შემთხვევითი არ იყო, რომ იგივეს მოწყობა სურდათ [დასავლეთს - რედ.] საქართველოშიც, მოლდოვაშიც და ჩვენ არც ახლა ვიცით, რა როგორ იქნება ხვალ და ზეგ. გასაგებია, რომ ყველას მზერა მიპყრობილია უკრაინას, იმას, თუ როგორ განვითარდება იქ მოვლენები. სსრკ-ის დაშლის შემდეგ ფაქტობრივად, მიმდინარეობდა ბრძოლა მსოფლიო სისტემის გადალაგებისთვის, ეს ბრძოლა გამწვავდა და ახლა ვუახლოვდებით ერთგვარ კულმინაციურ მომენტს, რომელიც არავინ ვიცით, რით შეიძლება, დასრულდეს" – განმარტა შამბამ.

ანალოგიური განცხადებები სექტემბერში დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამაც გააკეთა: "საქართველოში აშშ-ის საელჩო ზეწოლას ახორციელებს საქართველოს მთავრობაზე, რათა ეს უკანასკნელი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ მორიგ სამხედრო ავანტიურაზე წავიდესო".

ეს – სოხუმში. თბილისში კი ალბათ, ყველას გვსმენია ბოლო თვეების განმავლობაში მსგავსი მოსაზრებები მთელი რიგი ქართველი პოლიტიკოსების, თანაც არა მარტო "ხალხის ძალის", არამედ მმართველი პარტია "ქართული ოცნებისა" წარომადგენლებისა და ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდანაც კი.

ასე, მაგალითად, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ჯერ კიდევ მაისში ცდილობდა მოსახლეობის დარწმუნებას იმაში, რომ ხელისუფლება "მეორე ფრონტის გახსნას არ დაუშვებდა": "მოსახლეობას გრძელვადიანი მშვიდობის გარანტიას ვაძლევთ. არანაირი მეორე ფრონტი, არანაირი ომი ქვეყანაში არ იქნება, - პირიქით, იქნება განვითარება, აღმშენებლობა და მშვიდობაო".

სხვაობა მხოლოდ იმაშია, რომ ღარიბაშვილი და მმართველი პარტიის სხვა წარმომადგენლები, "ხალხის ძალისგან" განსხვავებით, თავს არიდებდნენ იმის დაკონკრეტებას, თუ ვინ "ცდილობდა", თბილისისთვის რუსეთთან მორიგი ომისკენ ვითომდა ებიძგებინა.

თუმცა მას შემდეგ, რაც უკრაინამ "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ორი წლის წინ პოლიტიკიდან ოფიციალურად წასული, თუმცა დღემდე ქვეყნის არაფორმალურ მმართველად მიჩნეული ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა სასანქციო სიაში შეიყვანა, მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებებიც გამწვავდა.

"საქართველო არავითარ შემთხვევაში არ გახსნის მეორე ფრონტს, რა შანტაჟიც არ უნდა განახორციელონ. ისინი არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს… სურდათ, შანტაჟით ეიძულებინათ იგი, პოლიტიკაში დაბრუნებულიყო, რათა ქვეყანა ომში ჩაეთრიათ, ახლა კი ეს კულუარული მცდელობა სააშკარაოზე გამოიტანეს", – განაცხადა 20 ოქტომბერს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უკრაინული სანქციების კომენტირებისას, ამ განცხადებიდან მალევე კი უშუალოდ აშშ "ქართული სასამართლოს საქმიანობაში ჩარევაში" დაადანაშაულა.

თავის მხრივ, "ხალხის ძალის" წევრი დეპუტატები პირდაპირ აცხადებენ, თითქოს საქართველოს დასავლეთის ქვეყნები "აშანტაჟებენ". 7 ნოემბერს მათ ისიც კი თქვეს, “მმართველ პარტიას არ ჰყოფნის გამბედაობა, ამერიკელებს წინააღმდეგობა გაუწიოს" და "მხოლოდ "ხალხის ძალას", სიმართლით შეიარაღებულს, ძალუძს, დაიცვას ქვეყანა იმ მანკიერებებისაგან, რომლებიც ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას განსაკუთრებულ რისკებს უქმნისო".

აშშ-ის პასუხი

ხსენებული ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან გახშირებული იმ სიტყვიერი თავდასხმების საპასუხოდ, რომლებიც ჩრდილს აყენებს ორი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობებს, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ერთ-ერთ ამასწინანდელ ინტერვიუში განაცხადა: «რიგი ამერიკელი მაღალჩინოსნები კითხვებს მისვამენ მათი მოტივების თაობაზე, ვინც აგრძელებს რუსულ დეზინფორმაციასთან თანხვედრაში მყოფი სიცრუისა და შეთქმულების თეორიების ტირაჟირებას. არსებობს ასევე კითხვები იმასთან დაკავშირებით, რატომ არ დისტანცირდებიან ამ დეზინფორმაციისგან მმართველი პარტია და მთავრობა. ისმის კითხვები მათი მოტივების შესახებ, ვინც საზოგადოების კიდევ უფრო მეტი დაყოფისა და შუღლის გაღვივებისთვის იღწვის. ვფიქრობ, რეალური კითხვა იმაში მდგომარეობს, რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი: ხომ არ იღწვიან ისინი აშშ-სა და საქართველოს შორის 30-წლიანი მტკიცე პარტნიორობისთვის ძირის გამოსათხრელად?”.

მანამდე აშშ-ის ელჩზე თავდასხმების საპასუხოდ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სამსახურის უფროსმა ნედ პრაისმა ვაშინგტონის მიერ კელი დეგნანის სრული მხარდაჭერა დაადასტურა და იქვე ისიც აღნიშნა, რომ დეზინფორმაცია და ელჩსა და საელჩოზე ეს თავდასხმები “პარტნიორობის სულისკვეთებას არ შეესაბამება”.

ორმხრივი ურთიერთობების დისკურსში რუსული დეზინფორმაციის შეტანის მცდელობები ოქტომბერში თბილისში ვიზიტის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ბონი ჯენკინსმაც დაგმო. ვაშინგტონი “ღრმადაა შეშფოთებული” საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანზე სიტყვიერი თავდასხმების გამო და რიგი ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან მისი მისამართით მჟღერ კრიტიკას სადეზინფორმაციო სქემის ნაწილად მიიჩნევს, – აღნიშნა მან. “მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და სრული მხარდაჭერის სიგნალი გადმოვცე აშშ-ის ელჩს იმ უზარმაზარი და მნიშვნელოვანი სამუშაოს გამო, რომელსაც კელი დეგნანი და მისი გუნდი საქართველოში ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და განხორციელებისთვის ასრულებენ, ასევე საქართველოს მთავრობას – ამ საკითხების გადასაჭრელად ჩვენთან თანამშრომლობის მზადყოფნის გამო. თუმცა ეს ძალისხმევა მარტივი არ ყოფილა, განსაკუთრებით – ბოლო დროს, როცა ღრმად ვიყავით შეშფოთებულები პიროვნულად ელჩ დეგნანსა და საელჩოზე სიტყვიერი თავდასხმებით. მოდით, ძალიან ცალსახად და მკაფიოდ ვთქვათ: ეს არის ნაწილი უფრო მასშტაბური სადეზინფორმაციო სქემისა, რომელიც ევროპაში შექმნილი კრიზისის ირგვლივ სიმართლის მიჩქმალვაზეა მიმართული, – კრიზისისა, რომელიც ერთმა ადამიანმა შექმნა”, – განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე მიანიშნა.

ბენეფიციარი - მოსკოვი

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი თვლის, რომ ერთის მხრივ, საქართველოს ხელისუფლებისა და მასთან აფილირებული “ხალხის ძალის”, ხოლო მეორეს მხრივ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების იდენტური განცხადებები “მეორე ფრონტისა” და “საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობების” თაობაზე მართალია, განსხვავებულ მიზნებს ემსახურება, თუმცა ორივე შემთხვევაში მოსკოვს აწყობს.

მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” ერთადერთი მიზანი – ძალაუფლების შენარჩუნება ამოძრავებს. “იგი ხვდება, რომ დასავლეთისგან განსხვავებით, მხოლოდ რუსეთისთვის იქნება მისაღები დემოკრატიისგან გადახრა, რომელსაც “ოცნება” ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებს. შესაბამისად, “ქართული ოცნება” ცდილობს, კარგი ურთიერთობები იქონიოს მოსკოვთან და თავი აარიდოს რუსეთის კრიტიკას, მაგრამ იმის გამო, რომ ხედავს ქართული საზოგადოების მძლავრ პროდასავლურ განწყობას, იძულებულია, ქმნიდეს ილუზიას, თითქოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს მიჰყვება. აკეთებს რა განცხადებებს დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ ვითომდა სწრაფვის თაობაზე, მმართველი პარტია არ ატარებს ნატო-სა და ევროკავშირისკენ გზაზე წინ წასაწევად აუცილებელ რეფორმებს და ამით აფერხებს ქვეყნის პროგრესს. თავის მხრივ, მოსკოვში აცნობიერებენ, რომ მათთვის სრულიად მისაღები “ოცნების” ხელისუფლებისგან პრორუსული განცხადებების მოთხოვნა კონტრპროდუქტიული იქნებოდა, რადგან ამ ხელისუფლების ჩამოშლას გამოიწვევდა, ამიტომაც “ოცნებისგან” ანტიდასავლურობას სჯერდებიან. უკანასკნელი მოვლენები, მათ შორის ნარატივი “დასავლეთის მიერ საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობებისა” და “საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის” შესახებ სწორედ ამის დასტურია”, – დარწმუნებულია ზაქარეიშვილი.

რაც შეეხება სოხუმის განცხადებებს, როგორც კონფლიქტოლოგი აღნიშნავს, დე ფაქტო ხელისუფლებამ მშვენივრად უწყის, რომ “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში არ უნდა ეშინოდეს ქმედებების, რომლებიც მოსკოვს არ მოეწონება. თუმცა აფხაზურ საზოგადოებაში მძლავრი ანტირუსული განწყობების გათვალისწინებით, რომლებიც განსაკუთრებით მომძლავრდა მიმდინარე წელს, რუსეთის მიერ ბიჭვინთაში უნიკალური ნაკრძალის ტერიტორიის მითვისების მცდელობის გამო, დე ფაქტო ხელისუფლებას სურს, “მეორე ფრონტის” თემა აფხაზების დაშინებისა და “რუსეთის მფარველობის მნიშვნელობაში” მათი დარწმუნებისთვის გამოიყენოს. სწორედ ამის დასტურად მიიჩნევს პაატა ზაქარეიშვილი სერგეი შამბას სიტყვებს, “აუცილებელია რუსეთისთვის ლოიალობის დემონსტრირება და ამავდროულად აფხაზეთის შიგნით ერთობის გამყარებაო”.

პოლიტოლოგი ალექსანდრე მიქიაშვილი კი ყურადღებას თბილისის უმოქმედობაზე ამახვილებს. მისი თქმით, თუ რუსეთს უკრაინის დატოვება მოუწევს, არ უნდა ველოდოთ, რომ იგი ავტომატურად გაიყვანს თავის ჯარს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდანაც.

“თუ თბილისი დუმილს შეინარჩუნებს და კვლავაც არაფერს მოითხოვს, არაფერი შეიცვლება. საქართველოში ომი არ სურთ და არ აპირებენ, იომონ, მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, შეწყვიტონ ასევე აქტიური დიპლომატიური საქმიანობაც. საქართველო ცალკე დგას, უკვე აშკარად აღარაა დასავლეთის გვერდით, დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე კი ნაკლებ სავარაუდოა, ტერიტორიების დაბრუნება გამოვიდეს”, – ასკვნის პოლიტოლოგი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S