
„მასსიმო დუტის“ საქართველოს წარმომადგენლობა განმარტებას აკეთებს
21/05/2019 12:59:58 სხვა, სამართალი
„მასსიმო დუტის“ (Massimo Dutti) საქართველოს წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ უკანონოდ ნიშანდებული საქონელი არ ამოუღიათ „მასსიმო დუტის“ ბრენდ-მაღაზიებიდან, არამედ საქმე ეხებოდა ლილოში მდებარე ერთ-ერთი საწარმოს.
„დღეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ პრესაში გავრცელებულმა ინფორმაციამ თბილისში უკანონოდ ნიშანდებული საქონლის ამოღების შესახებ გამოიწვია მოსახლეობაში აზრთა სხვადასხვაობა.
ამასთან დაკავშირებით, გვსურს, განვაცხადოთ, რომ ყალბი პროდუქციის ამოღება არ მომხდარა Massimo Dutti-ს ბრენდ-მაღაზიებიდან, არამედ შემთხვევა ეხებოდა ერთ-ერთი ინდმეწარმის ლილოში მდებარე საწარმოს, სადაც ხდებოდა ყალბი პროდუქციის კერვა, ეტიკეტირება და რეალიზაცია.
ფაქტის გამოვლენის შემდეგ საქართველოში Massimo Dutti-ს წარმომადგენლობამ თავად მიმართა წერილობით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და სთხოვა რეაგირება, რის საფუძველზეც ამ უკანასკნელმა მოახდინა ინდმეწარმის მიერ სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენების ფაქტის დადგენა და ყალბი პროდუქციის კონფისკაცია“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის: შემოსავლების სამსახურმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში „მასსიმო დუტის“ (Massimo Dutti) წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე კონტროლის ღონისძიებები განხორციელდა, რის შედეგადაც, 23 640 ლარის ღირებულების სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული საქონელი გამოავლინეს.