
პუტინმა კადიროვის ცოლს გმირი დედის წოდება მიანიჭა
14/11/2022 14:31:51 კავკასია
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის - რამზან კადიროვის ცოლს მედნი კადიროვას გმირი დედის წოდება მიანიჭა, - იუწყება რუსული მედია.
რამზან და მედნი კადიროვები 14 შვილს ზრდიან, მათგან ორს - ნაშვილებს.
ოფიციალური ინფორმაციით, კადიროვების ორი უფროსი ვაჟი ამჟამად ვითომდა უკრაინაში იბრძვის, თუმცა ფეიქ-ვიდეოების გარდა, ამას არაფერი ადასტურებს.
კადიროვების უფროსი შვილების უმრავლესობა რესპუბლიკაში სხვადასხვა მაღალ თანამდებობებს იკავებს.
ცნობისთვის: გმირი დედის წოდება, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 10 და მეტი შვილის დედებს ენიჭებოდათ, რუსეთში ბოლოს 1991 გაიცა და შემდეგ აღარავის მინიჭებია. თუმცა მიმდინარე წლის ზაფხულში პრეზიდენტმა პუტინმა ამ ტრადიციის აღდგენა გადაწყვიტა.
წოდებასთან ერთად, გმირი დედა იღებს შესაბამის ორდენს, დამზადებულს ოქროსგან, ემალისა და ბრილიანტებისგან, ასევე ერთჯერად ფულად თანხას 1 ლნ რუბლის ოდენობით.
ცნობისთვის: გასული წლის ზაფხულში გამოცემა "Проект"-მა გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომელთა მიხედვით, რამზან კადიროვს უკვე მრავალი წელია, ოფიციალურის გარდა, რამდენიმე არაოფიციალური ცოლიც ჰყავს. მის მეორე ცოლზე - 2006 წელს ჩეჩნეთში გამართული სილამაზის კონკურსის გამარჯვებულ ფატიმა ხაზუევაზე მრავალმილიონიანი ქონებაა გაფორმებული.