ნატო–ს პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტმა ქართულ მხარესთან, მათ შორის ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესი განიხილა

14-11-2022 19:23:33 თავდაცვა

2022 წლის 10-11 ნოემბერს ნატო–ს პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტი (PCSC) ორდღიანი ვიზიტით საქართველოს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას ნატო–ს სამეკავშირეო ოფისი ავრცელებს.

"კომიტეტის წევრებმა, რომლებიც ზედამხედველობენ ნატო–ს ურთიერთობებს ყველა პარტნიორ სახელმწიფოსთან, ვიზიტი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების შესახებ შეხვედრით დაიწყეს.

შემდეგ დელეგაცია ეწვია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, სადაც კომიტეტის წევრებს ქვეყნის უსაფრთხოების მდგომარეობის, საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში განვითარებული მოვლენებისა და შავი ზღვის ფართო რეგიონში არსებული ვითარების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ვიზიტის პირველი დღის ბოლოს, კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად ევროკავშირის თორმეტი რეკომენდაციის შესრულების პროცესი განიხილა. მეორე დღეს, ადგილზე არსებული ვითარების უშუალოდ გაცნობის მიზნით, PCSC საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონთან მდებარე ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს (ABL) ეწვია.

მოგვიანებით, დელეგაცია ნატოს სამეკავშირეო ოფისში სამოქალაქო საზოგადოების, სახალხო დამცველის აპარატისა და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ვიზიტი განხორციელდა საქართველოს მთავრობის მასპინძლობითა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით. ვიზიტის განმავლობაში, კომიტეტს თან ახლდა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ვინიკოვი", – აცხადებენ ნატო–ს სამეკავშირეო ოფისში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები