Accentnews.ge
რატომ არ ფიგურირებს კრემლისთვის წაყენებულ სავარაუდო პირობებს შორის საქართველო

რატომ არ ფიგურირებს კრემლისთვის წაყენებულ სავარაუდო პირობებს შორის საქართველო

14/11/2022 15:30:42 ანალიზი

მოსკოვის მიერ უკრაინასთან „წინაპირობების გარეშე“ თუ „არსებული რეალიების გათვალისწინებით“ მოლაპარაკებების თემის ინტენსიფიკაციის ფონზე ყურადღება მიიქცია რუსი პოლიტოლოგის, ისტორიკოს ვალერი სოლოვეის ცნობებმა რუსეთისთვის მიწოდებული პირობების შესახებ, რომლებიც, მისივე ინფორმაციით, უკრაინულ მხარესთან უკვე შეთანხმებულია. პირობები, რომელთაც რუსი პოლიტოლოგი მოსკოვის კაპიტულაციად აფასებს, კერძოდ, ასე გამოიყურება:

1. რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინას სრულად ტოვებენ (დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიების ჩათვლით, რომლებიც რუსეთს უკვე "ფედერაციის სუბიექტებად" აქვს გამოცხადებული);

2. ყირიმის სტატუსის საკითხი 7 წლით "იყინება", თუმცა ნახევარკუნძული დემილიტარიზებულ ზონად ცხადდება (პოლიციასა თუ მესაზღვრეებს მხოლოდ სასროლი იარაღის ფლობის უფლება შეიძლება, ჰქონდეთ);

3. რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ყირიმს ტოვებს;

4. რუსეთსა და ბელარუსთან უკრაინის საზღვრებზე ყალიბდება 100 კმ სიგანის დემილიტარიზებული ზოლი, რომელშიც მძიმე შეიარაღების გამოჩენა იკრძალება;

5. რუსეთი დნესტრისპირეთს ტოვებს (მხედველობაშია იქ არსებული რუსული სამხედრო ბაზა);

6. 2023 წელს დნესტრისპირეთის რეგიონი რეინტეგრირდება მოლდოვას შემადგენლობაში და რუსეთი ვალდებულებას იღებს, ამას ხელი არ შეუშალოს.

6 პირობის სანაცვლოდ უკრაინა იღებს ერთადერთ ვალდებულებას, - 7 წლის განმავლობაში ნატო-ში არ გაწევრიანდეს.

სოლოვეის წყაროების ინფორმაციით, სამშვიდობო შეთანხმების აღსრულების გარანტორობა უკვე ითავა მსოფლიოს 6-მა წამყვანმა სახელმწიფომ.

ცხადია, წინადადებები საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება, თუმცა პროცესზე დამკვირვებელთა ნაწილი დარწმუნებულია, რომ რაც არარეალისტურად მოჩანს დღეს, ბუნებრივი მოცემულობა გახდება პირობითად, ხვალ – უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლის ფონზე. და მართლაც, ომის პირველ დღეებში, როდესაც უკრაინის პრეზიდენტს ევაკუაციას სთავაზობდნენ, ბევრს შესაძლოა, რთულად წარმოედგინა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინაში ომის გაჩაღების მეცხრე თვეს დეოკუპირებული ხერსონიდან გააკეთებდა განცხადებას და კითხვაზე, „ახლა რა მიმართულებით წავლენ უკრაინის ძალები?“ ხუმრობით უპასუხებდა, „არა მოსკოვზე. ჩვენ სხვისი ტერიტორიები არ გვჭირდებაო“.

უკრაინის მმართველი საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა დავით არახამიამ არა ამ პირობების, მაგრამ ზოგადად, მოლაპარაკებების თემის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ამგვარი შანსი შესაძლოა, 2023 წლის მეორე ნახევარში გაჩნდეს:

„ჩვენმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მკაფიოდ განსაზღვრა ის პირობები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელი იქნება რუსეთთან რაიმეზე საუბარი. ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ყველა ზიანის ანაზღაურება, ომის დამნაშავეთა დასჯა და მტკიცე გარანტიები, რომ მსგავსი რამ აღარასდროს განმეორდება. მნიშვნელოვანი ფაქტორია როგორც ჩვენი მოკავშირეების ელექტორალური ციკლი, ისე ოკუპანტის. მაგრამ ჩვენი პოზიცია ამის გამო არ იცვლება. უკრაინა მაშინ დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან, როცა ჩვენი პირობები შესრულდება“.

მწირი ცნობებიდან გამომდინარე, მკვლევრებს, რომელთაც „აქცენტი“ ესაუბრა, ცხადია, სანდოობაზე დაბეჯითებით საუბარი უჭირთ, მაგრამ თანხმდებიან, რომ ის ყურადღებას და დაკვირვებას ნამდვილად იმსახურებს, მით უფრო იმ წარუმატებლობის ფონზე, რასაც რუსეთი განიცდის უკრაინაში, ფრონტის ხაზზე. ხოლო საომარი მოქმედებების თეატრში შექმნილი მოცემულობა უკარნახებს მხარეებს ე.წ. სამშვიდობო დოკუმენტის ფორმულირებებსაც, თუ მსგავსი რამ რეალურად შედგა.

თუმცა, ამჟამინდელ მოცემულობაში საგარეო პოლიტიკის საკითხთა მკვლევარს გიორგი ბილანიშვილს გაჟღერებული პუნქტები მაინც გადაჭარბებულად მიაჩნია, ფიქრობს რა, რომ მსგავსი ნაბიჯისთვის ჯერ არ არის მზად ოფიციალური მოსკოვი. მას ეჭვებს წინადადებებს შორის დნესტრისპირეთის საკითხის ჩასმაც უმძაფრებს:

„დნესტრისპირეთი რომ ფიგურირებს ამ წინადადებებში, ესეც ცოტა გადაჭარბებულად მეჩვენება, რადგან ეს არის ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმება (თუ მსგავსი რამ შედგა). დნესტრისპირეთის საკითხი მგონია, რომ ცალკე თემაა“.

ამგვარად, უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო შეთანხმების პირობები, რომელიც რუსმა პოლიტოლოგმა კრემლში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გააჟღერა, მოიცავს მოლდოვას დეოკუპაციასაც, მაგრამ აქ არ ფიგურირებს საქართველო.

„24 თებერვლიდან მოყოლებული საქართველოს ხელისუფლებამ დისტანცირების პოლიტიკა არჩია უკრაინასთან მიმართებით მოტივით, რომ ქვეყანას აარიდებენ ახალ ომს. არსად არ დგას საკითხი, რომ საქართველო და უკრაინა უნდა იყოს ერთ პაკეტში (არ ვგულისხმობ რეზოლუციებს, რომელთაც მხარი დავუჭირეთ) – ამ დღის წესრიგის ნაწილი საქართველო სამწუხაროდ, არ არის. თუ ვინმეს წარმოუდგენია (კონკრეტულად არავისზე მივუთითებ, რადგან მეეჭვება, ამგვარად ვინმე ფიქრობდეს), რომ უკრაინაში რუსეთის მარცხით თავისთავად მოხდება ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია, მინიმუმ, ეს გულუბრყვილობაა. იმისთვის, რომ საქართველო ამგვარი დღის წესრიგის ნაწილი იყოს, აუცილებელია, ამაზე ვიმუშაოთ. თუ სათანადო დიპლომატურ „ფრონტი“ არ იარსებებს, ქართველების ნაცვლად საკითხს არავინ დააყენებს, რადგან დასავლეთს საკმარისზე მეტი პრობლემა აქვს რუსეთთან ამ მომენტისთვის. შესაბამისად, ვიმეორებ, თუ გვინდა, ამ დღის წესრიგის ნაწილი ვიყოთ, უნდა ვიმუშაოთ და უკრაინის ომი არ უნდა იყოს მხოლოდ შიდა პოლიტიკის ძალიან მდარე დისკუსიის საგანი (ვგულისხმობ როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას). ნაცვლად იმისა, რომ ამ ტრაგედიას შევხედოთ როგორც შესაძლებლობასაც, ერთი მხარე ამბობს, რომ ხელისუფლება რუსეთის მარიონეტია, ხოლო მეორე პასუხობს, „დანარჩენებს ომი უნდათ, ჩვენ კი მას ავიცილებთ“ და ამ პარადიგმაში ვართ გაჭედილები, მეტ სიღრმეში დისკუსია არ მიდის. ვხედავთ, რომ უკრაინელები ფანტასტიკურ წარმატებებს აღწევენ და რაც მეტი დრო გავა, შეთანხმების პირობები (დღეს ამ პირობებზე ვერ ვისაუბრებთ) რუსეთისთვის მით უფრო მძიმე იქნება. მოსკოვმა რამდენჯერმე გაუშვა შანსი, უკრაინასთან რაღაც შეთანხმებისთვის მიეღწია მისთვის უფრო სასურველი პირობებით. ამდენად, უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ თუ ხელმისაწვდომი ცნობებით ვიმსჯელებთ, ამისთვის საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს. პირიქით, დეკლარირებულად ცდილობს ამ ყველაფრისგან ჩვენი ქვეყნის დისტანცირებას, რაც არ მგონია მართებული მიდგომა არც პრაგმატული და არც მორალური თვალსაზრისით“,– ამბობს „აქცენტთან“ თემის კომენტირებისას მკვლევარი დავით ბრაგვაძე.

ნებისმიერ შემთხვევაში, მისი ხედვით, თუ ხდება რაღაც ისეთი, რასაც მივყავართ იმგვარ სამშვიდობო ხელშეკრულებამდე, რომელიც მოიცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, მის სრულ სუვერენიტეტს, მაგრამ არა კოლექტიური პასუხისმგებლობის დაკისრებას რუსული სახელმწიფოსთვის, როგორც ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოხდა გერმანიის შემთხვევაში, ხოლო საქართველო ამ პროცესისგან დისტანცირებული აღმოჩნდა, ბრაგვაძე შიშობს, რომ ეს ქვეყანას რთული მოცემულობის წინაშე დააყენებს:

„არ მგონია, რუსეთის ბუნება დრამატულად შეიცვალოს კოლექტიური პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე და მგონია, რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენ კონკრეტული საფრთხის წინაშე დავდგებით – რევიზიონიზმი სხვა მიმართულებით გადაინაცვლებს: რადგან უკრაინა არის ის „ლუკმა“, რომელიც რუსეთმა ვერ გადაყლაპა, ეცდება, სხვაგან გაატაროს მსგავსი პოლიტიკა. თეორიულად, ეს შეიძლება იყოს შუა აზია, მაგრამ ამ შემთხვევაში ნათლად ითქვა, რომ ამ ქვეყნებს გარკვეული გარანტიები აქვთ, მათ შორის, ჩინეთისგან. ჩვენ უსაფრთხოების მსგავსი გარანტორი არ გვყავს, თან გვაქვს ორი ოკუპირებული რეგიონი, საკმაოდ მილიტარიზებულიც ფართობის და მოსახლეობის გათვალისწინებით. არის ცნობები, თითქოს მილიტარიზაციის ხარისხი შესუსტდა უკრაინის ომის გამო, მაგრამ თუ რუსეთს მოუწევთ უკრაინიდან გასვლა, ცხადია, მილიტარიზაციას თუ სადმე გააძლიერებს, მათ შორის ნამდვილად იქნება ჩვენი ოკუპირებული რეგიონები. შესაძლოა, იყოს დნესტრისპირეთიც, სომხეთიც – ამ რკალში ყველა ვარიანტში ვხვდებით, რაც ჩვენს უსაფრთხოების გარემოს აუარესებს. რუსეთი შესაძლოა, არ იყოს იმ მდგომარეობაში, რომ ორიოდე წელში დაიწყოს ახალი სამხედრო ავანტიურა თუნდაც ჩვენს წინააღმდეგ, მაგრამ შესაძლოა, ეს მოდეს 5 წელიწადში, როდესაც სულს მოითქვამს. ჯერ–ჯერობით ჩემთვის არ არის ცხადი, რომ დასავლეთი ამ კოლექტიური პასუხისმგებლობის დაკისრებაზე მიდის“.

ბრაგვაძე ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში ქვეყნისთვის ერთგვარი „ხავსი“ შესაძლოა, აღმოჩნდეს სამხრეთ კავკასიაზე, მათ შორის, საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფანი: მისი ვარაუდით, მიუხედავად რიგ დასავლელ პოლიტიკოსებში ცდუნების არსებობისა, რომ უკრაინის საკითხზე სამშვიდობო შეთანხმება გამოიწვევს სანქციების რეჟიმის შემსუბუქებას და რუსეთთან ვაჭრობის გაძლიერებას, დასავლეთი საკითხს გაცილებით ფრთხილად მოეკიდება, ვიდრე ომამდე და რუსეთზე დამოკიდებულების ძველ ნიშნულს არ დაუბრუნდება.

გიორგი ბილანიშვილი ფიქრობს, რომ თუ რაიმე სახის შეთანხმება შედგა, ეს მოდება რუსეთსა და უკრაინას შორის და არ გადასწვდება ფართო რეგიონს: „ეს იქნება ერთი მხარისთვის მომგებიანი, იმედი გვაქვს, რომ უკრაინისთვის და ასეთ შემთხვევაში, ბევრი რამ გადალაგდება რეგიონში, სავარაუდოდ, რუსეთშიც“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S