
ევროკავშირი რუსეთის მრავალწლიანი იზოლაციის სტრატეგიას ამზადებს
14/11/2022 19:06:44 ევროპა
ევროკავშირი რუსეთთან ურთიერთობების ახალ გრძელვადიან სტრატეგიას ამზადებს, რომელშიც საკვანძო პრინციპს პუტინის ქვეყნის მრავალწლიანი იზოლაცია წარმოადგენს, - იუწყება გამოცემა "Politico" დოკუმენტის პროექტზე დაყრდნობით და იქვე დასძენს, რომ ბრიუსელში დიპლომატები მის განხილვას უკვე შეუდგნენ.
ახალი სტრატეგია ჩაანაცვლებს 2016 წლიდან მოქმედ ამჟამინდელს, რომელიც შეიცავდა ისეთ პუნქტებს, როგორიცაა, მაგალითად, "ნაწილობივი ურთიერთქმედება" ტერორიზმთან ბრძოლისა და "ადამიანთა კონტაქტების მხარდაჭერის" მიმართულებით. ახალი დოკუმენტის პროექტიდან ეს თეზისები ამოღებულია. ამიერიდან ევროკავშირის მიზნად განსაზღვრულია "რუსეთის გრძელვადიანი საერთაშორისო იზოლაცია", "შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება" და "სანქციების დარღვევების პრევენცია".
გარდა ამისა, ევროკავშირი გეგმავს, მიაღწიოს რუსეთისთვის "პასუხისმგებლობის დაკისრებას" ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისათვის, ასევე ნატო-სთან "მჭიდრო თანამშრომლობას", კიბერუსაფრთხოებისა და ინტერნეტში დეზინფორმაციის გავრცელებასთან ბრძოლის საშუალებების გაძლიერებას.
"რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების დაბრუნება შეუძლებელია, სანამ იგი საერთაშორისო სამართალს არღვევს", - აღნიშნულია სტრატეგიის პროექტში.
"Politico"-ს წყაროების ცნობით, ბალტიისპირეთის ქვენები კიდევ უფრო მკაცრი ფორმულირებების დაფიქსირებას მოითხოვდნენ, მაგრამ ჯერ-ჯერობით არჩევანი შეჩერდა კომპრომისულ ვარიანტზე, რომელიც გერმანიას აწყობს.
ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა დოკუმენტის განხილვა დღეს დაიწყეს.
შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბრიდან ევროკავშირმა რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი შეაჩერა. ამასთან, ევროვიზების ღირებულება 35-დან 80 ევრომდე გაიზარდა, ისევე, როგორც ვიზაზე განაცხადისთვის აუცილებელი საბუთების რაოდენობა, ხოლო მათი განხილვის ვადა - 45 დღემდე. ამასთან, ევროკავშირის 6-მა წევრმა ქვეყანამ (ჩეხეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, ესტონეთმა, ფინეთმა და პოლონეთმა) რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები სრულად ჩაკეტა.