კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ხელმძღვანელობის ვიზიტი აშშ-ში, ნიუ მექსიკოს სამხედრო ინსტიტუტში დასრულდა

12-11-2022 22:12:37 თავდაცვა

კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ხელმძღვანელობის ვიზიტი აშშ-ში, ნიუ მექსიკოს სამხედრო ინსტიტუტში დასრულდა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობდა შეხვედრები როგორც აშშ-ს ნიუ მექსიკოს სამხედრო ინსტუტუტის პრეზიდენტთან, ასევე, სასწავლო პროცესისა და სამხედრო მომზადების პროგრამების ხელმძღვანელ პირებთან. სასწავლებლის პრეზიდენტის შემდეგ, შეხვედრები გაიმართა დეკანთან დოქტორ გრიეგოსთან, სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელთან ვიცე-პოლკოვნიკ ვილეგასთან და საშუალო სკოლის დირექტორთან პოლკოვნიკ პორასთან.

შეხვედრისას განხილულ იქნა კონკრეტული წინადადებები, რომლებიც ხელს შეუწყობს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, თანამედროვე სასწავლო მეთოდების გაზიარებასა და დანერგვას. ამერიკის მხარემ გამოთქვა მზაობა ნიუ მექსიკოს სამხედრო ინსტიტუტში მიიღოს ლიცეუმის მასწავლებლები ინგლისური ენის კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე. საბოლოოდ, სასწავლებლების ხელმძღვანელებმა ვიზიტი ნაყოფიერად და დადებითად შეაფასეს. მათი თქმით ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ჩაეყაროს საფუძველი სასწავლებლებს შორის მჭიდრო საგანმანათლებლო საქმიანობას.

„ძალიან ნაყოფიერი, საქმიანი ვიზიტი გვქონდა აშშ-ს ნიუ მექსიკოს სამხედრო ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან. საფუძველი ჩავუყარეთ აქტიური თანამშრომობის დაწყებას. შედეგად ჩვენი კადეტები შეძლებენ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას, მასწავლებლები აიმაღლებენ კვალიფიკაციას, რაც მთავარია, გავიზიარებთ აშშ-ს ერთ-ერთი პრესტიჟული, წამყვანი სასწავლებლის გამოცდილებას. რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ყველაფერი დადებითად აისახება ლიცეუმის საგანმანათლებლო პროცესის ყველა სეგმენტზე", – აცხადებს ლიცეუმის დირექტორი პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი.

ვიზიტის ფარგლებში ლიცეუმის წარმომადგენლები სასწავლებლის მსმენელებს შეხვდნენ, დაესწრნენ ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას და დაათვალიერეს სასწავლებლის ინფრასტრუქტურა. ლიცეუმის ხელმძღვანელობა ლიცეუმში სიახლეების დანერგვის მიზნით ცდილობს გაზარდოს ლიცეუმის პარტნიორი სასწავლებლების რიცხვი, რათა გაიზიაროს სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო-საგანმანათლებლო დაწესებულებების გამოცდილება. თანამშრომლობის მემორანდუმები, რომელსაც ლიცეუმი აფორმებს პარტნიორ სასწავლებლებთან, მიზნად ისახავს კადეტთა მოტივაციისა და სამხედრო სფეროსადმი ინტერესის გაზრდას, მათი ენობრივი კომპეტენციების გაუმჯობესებას, უცხო გარემოში ადაპტაციისა და ჯგუფური მუშაობის უნარების გაუმჯობესებას, ქვეყნების ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა გაცნობას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები