
ვარჰეი – კანდიდატის სტატუსის შესახებ: "ისტორია არასოდეს იძლევა შანსს ორჯერ"
15/11/2022 10:34:42 პოლიტიკა
ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ "ისტორია არასოდეს იძლევა შანსს ორჯერ".
"მომდევნო კვირების და თვეების განმავლობაში, მოგვიწევს ძალიან ბევრი მუშაობა, საქართველოს მოუწევს დიდი ჯაფის გაწევა იმისათვის, რომ აჩვენოს, რომ მზად არის, გახდეს კანდიდატი ქვეყანა, აქვე უნდა გავუსვა ხაზი იმას, რომ ეს სურვილი მხოლოდ იმ შემთხვევაში ახდება, თუ მთელი ქვეყანა, მთელი საქართველო და ყველა ქართველი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, იმუშავებს ამ მიზნისკენ იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, რომ ისტორია არასოდეს იძლევა იგივე შანსს ორჯერ. ამიტომ უნდა ვტაცოთ ამ შესაძლებლობას ხელი და ვაქციოთ რეალობად. ამის გასაკეთებლად გვჭირდება 12 პრიორიტეტის შესრულება და ამ მიმართულებით კარგი ისტორიის ჩვენება და მახარებს, რომ ვხედავ აქეთ გადადგმულ ნაბიჯებს. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, შემოთავაზებები მზადდება პარლამენტში და ვხედავ, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ამ საქმის შესრულებაზე", – განაცხადა ვარჰეიმ.
მისი თქმით, რაც უფრო სწრაფად შეასრულებს საქართველო ამ რეკომენდაციებს, მით უფრო სწრაფად წაიწევს წინ ამ გზაზე.
"მინდა, ხაზი გავუსვა შემდეგს - რაც უფრო სწრაფად შეასრულებს ამ დათქმებს საქართველო, მით უფრო სწრაფად მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები იმ სარგებელს, რაც მოდის თქვენკენ კანდიდატის სტატუსის მონიჭების საფუძველზე. ვფიქრობ, არ გვაქვს დასაკარგი დრო. ჩვენ მზად ვართ, თქვენთან ვიმუშაოთ, დაგეხმაროთ ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე და ყველა ნაბიჯში შეიწყოთ ხელი იმიტომ, რომ საქართველომ მკაფიოდ გვაჩვენა მისი სურვილი და განზრახვა, როდესაც განაცხადი გააკეთა გაწევრიანებაზე. საქართველოს ერთგულება ევროპული ფასეულობების დაა ევროპული გზის მიმართ, არის რამდენიმე ათწლეულის წინანდელი და ეს ხაზი მკაფიოდ გამოიკვეთა დამოუკიდებლობის პერიოდში. ამიტომ, მზად ვართ, თქვენთან ერთად ვიმუშაოთ ამ მიზნისკენ", – განაცხადა ევროკომისარმა.