„მძიმე დარტყმა პუტინისთვის“: ჯო ბაიდენი, სი ძინპინი და G20

15-11-2022 16:45:10 ანალიზი

G20-ის სამიტის მთავარ მოვლენად, რომელიც 15-16 ნოემბერს ინდონეზიის კუნძულ ბალიზე იმართება, მის ოფიციალურ გახსნამდე იქცა აშშ-ის და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა. სამიტს კრემლის ლიდერი ვლადიმირ პუტინი უშუალოდ არ ესწრება, მაგრამ ცხადია, იგრძნობა მისი „აჩრდილი“, არის რა ღონისძიების ერთ–ერთი საკვანძო თემა რუსეთის მიერ ევროპაში გაჩაღებული მასშტაბური ომი.

ორი ზესახელმწიფოს ლიდერებს, რომლებიც პლანეტას მსოფლიო წესრიგის ორ სრულიად განსხვავებულ მოდელს სთავაზობენ, სამსჯელო ნამდვილად დაუგროდათ დაძაბული ურთიერთობების ფონზე, რომელიც კიდევ უფრო გამწვავდა მოსკოვთან პეკინის თანამშრომლობის გამო, რაც უცვლელი დარჩა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგაც.

ბევრი ამერიკელი ოფიციალური პირი და პოლიტიკოსი თვლის, რომ პეკინი და მოსკოვი (მიუხედავად იმისა, თუ როგორია მათი ურთიერთობა – სიტუაციური თუ ძლიერი ალიანსი) გაერთიანებულნი არიან ვაშინგტონისთვის წინააღმდეგობის გაწევის სურვილით, რათა ჩაშალონ მისი გეგმები ყველგან, სადაც ამას შეძლებენ. იმავდროულად, პროცესზე დამკვირვებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის, ჩინეთს განიხილავს შემაკავებელ ფაქტორად რუსული პერიოდული ბირთვული შანტაჟის ფონზე.

როგორც მოსალოდნელი იყო, ლიდერებმა ისაუბრეს რუსეთ–უკრაინის ომზე და თეთრი სახლის ცნობით, მხარეებმა უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების დაუშვებლობას გაუსვეს ხაზი: "პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკი ომისა და ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ უპასუხისმგებლო რუსული მუქარის საკითხები წამოსწია. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბირთვული ომის დაწყება დაუშვებელია და რომ მასში მოგებული არავინ იქნება. მათ მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას არ ეთანხმებიან“.

თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო უწყება თავის პრეს-რელიზში მხარეების მიერ ამ თემის განხილვას ცალსახად არ აფიქსირებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ჩინეთი "უკიდურესად შეშფოთებულია უკრაინაში არსებული ვითარებით", "ყოველთვის იდგა მშვიდობის მხარეს და სამომავლოდაც მხარს დაუჭერს მშვიდობიან მოლაპარაკებებს": "ჩინეთი რუსეთ-უკრაინის მშვიდობიანი მოლაპარაკებების განახლებას უჭერს მხარს და ასევე იმედოვნებს, რომ აშშ და ევროკავშირი მოსკოვთან ყოვლისმომცველ დიალოგს წარმართავენ". ხოლო აშშ–ის პოზიციაა, რომ უშუალოდ კიევი გადაწყვეტს რუსეთთან მოლაპარაკებების დროსა და პირობებს.

ოფიციალურ რელიზში ასევე ნათქვამია, რომ ორმა ლიდერმა „ღიად განიხილა“ ორმხრივ ურთიერთობებში არსებული პრობლემები: ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ კონკურენციას გაუწევს ჩინეთს, მაგრამ არ ესწრაფვის მასთან კონფლიქტს. მისივე თქმით, ვაშინგტონი მზადაა, ითანამშრომლოს პეკინთან ისეთ საკითხებში, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, სურსათის უსაფრთხოება, გლობალური ეკონომიკა და ჯანდაცვა. საპასუხოდ სი ძინპინმა თქვა, რომ ორმა ქვეყანამ უნდა იპოვონ "სწორი კურსი" ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში, რადგან "მსოფლიო ამას მოელის“ მათგან.

ჯო ბაიდენმა მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სი ძინპინთან საუბარს "ღია და პირდაპირი" უწოდა. თქვა ისიც, რომ ვერ დაინახა ნიშნები, რომ ჩინეთი ემზადება ტაივანში შეჭრისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიოს შეუძლია, თავიდან აიცილოს ახალი „ცივი ომი“ აშშ-სა და ჩინეთს შორის.

პოლიტოლოგი გეორგი ბოვტი აშშ–ჩინეთს შორის ურთიერთობების დათბობას პროგნოზირებს, იმავდროულად, ფიქრობს, რომ პეკინი ამერიკა–ჩინეთის „ურთიერთობებს არ შესწირავს რუსეთს, ისევე როგორც რუსეთთან ურთიერთობებს – აშშ–ს“:

„ის ბალანსირებული პოლიტიკის შენარჩუნებას შეეცდება, ცხადია, ამერიკის მიმართულებაზე პრიორიტეტის მინიჭებით. აქ უპირველესად, ეკონომიკური ინტერესია მთავარი. ჩინეთისთვის ამერიკულ ტექნოლოგიებზე დაშვება ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ვხვდები, ამ თემამ შეხვედრაზეც წამოიწია, მაგრამ საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არაა, რამდენადაც, ამერიკა ამ სფეროში ჩინეთს კონკურენტად განიხილავს. თუმცა, ვფიქრობ, ორი ლიდერის შეხვედრის შემდეგ, ამერიკისთვის ამ მგრძნობიარე მიმართულებით შემსუბუქებას უნდა ველოდოთ.

რაც შეეხება რუსეთთან მოლაპარაკებების თემას, თეთრი სახლის პოზიციაა, რომ დროს და პირობებს უკრაინა გადაწყვეტს და ეს სიტყვები პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ: აშშ არ უბიძგებს უკრაინას მოლაპარაკებებისკენ, ხოლო უკრაინის მხრიდან არ იგრძნობა მსგავსი განწყობა – მას ბრძოლის ველზე მიღწეული წარმატების განვითარება სურს. და იმ პირობებში, როდესაც საუბარია კონტრშეტევაზე, როგორც წესი, მოლაპარაკებები არ იწყება. ვფიქრობ, თურქეთში აშშ–ისა და რუსეთის წარმომადგენლების ამასწინანდელი შეხვედრა [შეხვედრის დეტალები არ გამჟღავნებულა – რედ.] ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების საშიშროების თაობაზე რუსეთის მორიგ გაფრთხილებას ემსახურებოდა და ამ მხრივ საყურადღებო იყო ჩინეთის პრეზიდენტის პოზიციაც, რომელმაც ამგვარად გაიჟღერა, „უკრაინაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება მიუღებელია!“. ხოლო თუ რუსეთმა მსგავსი ნაბიჯი მაინც გადადგა, ვფიქრობ, ეს იქნება გადამწყვეტი მომენტი, რათა რუსეთს ზურგი აქციონ იმგვარმა პირობითმა მოკავშირეებმა, როგორებიც არიან ჩინეთი და ინდოეთი. აღარაფერს ვამბობ სხვა ქვეყნებზე“.

პოლიტოლოგი, ჰადსონის ინსტიტუტის მიწვეული მეცნიერი ანდრეი პიანტკოვსკი უპრეცედენტო ცვლილებად განიხილავს აშშ–ისა და ჩინეთის მიერ რუსეთის ერთობლივ გაფრთხილებას. მისი ხედვით, თავად შეხვედრა, კომენტარების იდენტური სტილი მოიცავდა მეგობრული ურთიერთობების თაობაზე მთელ რიგ მინიშნებებს:

„ნიშანდობლივი, საერთო სტილი იყო, რომ ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ვაჭრობის, უსაფრთხოების და ა.შ. საკითხებშიო. რიტორიკის ცვლილება იმას უკავშირდება, რომ როგორც ეს გენერალმა ჰოჯესმა თქვა, ჩინეთი არასდროს აპატიებს რუსეთს, რომ გააღვიძა დასავლეთი და აიძულა, ოფლი დაეღვარა. ძინპინს, ისევე როგორც პუტინს, ჰქონდა სუსტი დასავლეთის სურათი. უკრაინა, რომელსაც აშშ ეხმარება, რომ დამარცხებულიყო, ეს ძინპინს აფიქრებინებდა, რომ მსოფლიოს ლიდერია. მან გააცნობიერა, რომ ძლიერი მეტოქე ჰყავს. მოკლედ, სი ჯოს შეურიგდა“.

საერთო სურათში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება ამოიკითხა დიპლომატმა ვალერი ჩეჩელაშვილმაც და საკუთარ დაკვირვებას „აქცენტს“ უზიარებს:

  • „შეხვედრა რომ პოზიტიური იყო, ორივე მხარე თანხმდება. ამაზე ირიბად ისიც მიუთითებს, დაგეგმილი იყო ორსაათიანი შეხვედრა, თუმცა მან სამ საათს გასტანა, რაც ნიშნავს, რომ ლიდერებმა მსოფლიოს დღის წესრიგის მნიშვნელოვანი პრობლემები დეტალურად გაიარეს; მათ ერთმანეთთან საუბარი აინტერესებდათ; მოძებნეს საერთო ენა და მეტი ურთიერთგაგების ატმოსფერო ჩამოყალიბდა ამ ორ ზესახელმწიფოს შორის.
  • მეორე – როგორც ჩანს, შევდივართ ახალ სამყაროში, რომელიც იქნება ორპოლუსიანი. აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობა ორივე ლიდერს აქვს გააზრებული, მასზე უარს არ ამბობენ, პირიქით, ხაზს უსვამენ, რომ იქნებიან კონკურენციაში, მაგრამ ამ კონკურენციამ უნდა მიიღოს სამართლებრივ წესებზე დაფუძნებული ხასიათი და რომ მსოფლიომ ამ ორი ქვეყნის თანამშრომლობით უნდა ისარგებლოს და არა დაპირისპირებით. ეს ცალსახად მნიშვნელოვანია, რადგან ამ შეთანხმებული თამაშის წესებიდან შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ ისინი კატეგორიულად გამორიცხავენ ბირთვული იარაღის გამოყენებას, მათ შორის, ევროპაში. ეს პირდაპირი მითითებაა ორი ლიდერის მხრიდან რუსეთისთვის, რომ შეწყვიტოს ბირთვული შანტაჟი. ჩინეთი ყოველთვის ცდილობდა ნეიტრალური პოზიციის დაკავებას, მაგრამ ეს პოზიცია ახლა ხდება უფრო ნეიტრალურ–ცენტრისტული და მეტად იხრება უკრაინისკენ რუსეთის მხარდამჭერი პოზიციონირებიდან. მართალია, იმას, რომ დაუშვებელი იყო ბირთვულ იარაღზე საუბარი, ყოველთვის ამბობდა ჩინეთის ლიდერი, თუმცა ამჟამად პოზიციამ უფრო მკაფიო ფორმა მიიღო“.

ამასთან, დიპლომატის დაკვირვებით, შეგვიძლია, დავასკვნათ ისიც, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრით, პრაქტიკულად, დაკარგა გლობალური მოთამაშის პოტენციალი.

  • „ის გლობალურ სურათში არ ჩანდა – არ ჩანდა არც ამერიკის, არც ჩინეთის ხედვაში. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე მძიმე დარტყმა, რომელიც პუტინმა განიცადა. თან ძალიან სიმბოლური იყო, რომ ორი დღით ადრე ხერსონი [უკრაინის ერთადერთი რეგიონული ცენტრი, რომლის დაკავებაც შეძლო რუსეთმა 24 თებერვლის შემდეგ – რედ.] გადავიდა უკრაინელების კონტროლ ქვეშ. ვფიქრობ, სერგეი ლავროვის [რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – რედ.] ვიზიტი სამიტზე იმთავითვე განწირული იყო, რადგან, ჯერ ერთი, საგარეო საქმეთა მინისტრი მსოფლიო ლიდერების ფონზე ბუნებრივად დაიკარგებოდა, მით უფრო, არსებულ ვითარებაში. არც მისი შეხვედრის თუ განცხადების შესახებ მსმენია. ნუ, თუ იმისთვის ჩავიდა, რომ არატრადიციული სამედიცინო მომსახურებით ესარგებლა და მოცეკვავეებისთვის აეროპორტში დაეკრა ტაში, მაშინ დიახ, მისია შესრულებულია“,– ირონიულად აღნიშნავს ჩეჩელაშვილი.

შესაბამისად, დიპლომატი ასკვნის, რომ ამ ეტაპზე შეგვიძლია, „უფრო თავისუფლად ამოვისუნთქოთ“, ვინაიდან აშშ–სა და ჩინეთს შორის დაძაბულობა უკრაინის ომის ფონზე არავის აძლევდა ხელს და რომ „ახლა მთავარია, პრობლემა, რომელსაც მსოფლიო ეჯახება რუსეთის სახით, მოიხსნას – რუსეთი დაუბრუნდეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს; მიხედოს საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობას, რაც პრობლემურად დაუდგება უკრაინაში საბოლოო მარცხის შემდეგ“.

„მსოფლიოს ახალი უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყება და ამ ეტაპის მხოლოდ დასაწყისი იქნება რუსეთის მარცხი. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ „თამაშში“ ჩვენ რა დიპლომატიური პოტენციალით შევალთ – სად ვიქნებით რეგიონში, რა საფუძველი და შესაძლებლობა გვექნება პოზიციების გასამყარებლად და დასაცავად, მათ შორის – ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის კუთხით; რამდენად გვექნება ნდობა და ავტორიტეტი სტრატეგიული პარტნიორების თვალში, რომელიც ამჟამად ერთობ შელახულია და ეს დაუყოვნებლივაა გამოსასწორებელი“.

ამ კონტექსტში დიპლომატი თვლის, რომ რამშტაინის ფორმატში ჩართულობა საქართველოს გარკვეულ ნიადაგს უქმნის პოლიტიკის გასააქტიურებლად, თუმცა ეს შესაძლებლობა გამოყენებას, შესაბამისად კონკრეტულ გადაწყვეტილებებს საჭიროებს. ამ კუთხით, მას ეფექტურ და დროულ ნაბიჯად მიაჩნია, მაგალითად, უკრაინაში რუსეთის საჰაერო იერიშების შედეგად ენერგეტიკის კუთხით შექმნილი პრობლემების გათვალისწინებით, ჰუმანიტარული დახმარების სახით გაიგზავნოს ელექტროგენერატორები, რაც უკრაინელების მხრიდან აუცილებლად დაფასდება და ხელს შეუწყობს ურთიერთობების დათმობას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები