
რუსეთმა კიევსა და კიდევ რამდენიმე ქალაქზე მიიტანა სარაკეტო იერიში
15/11/2022 14:59:52 ევროპა
რუსეთმა, კიევის გარდა, უკრაინის კიდევ რამდენიმე ქალაქზე მიიტანა სარაკეტო იერიში.
მედიის ცნობით, ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემა ამუშავდა ჩერნიგოვის, პოლტავის, ვინიცის, სუმისა და ჟიტომირის ოლქებში.
ტელეგრამ–არხებში ვრცელდება ცნობა, რომ აფეთქებების ხმები ისმოდა ქალაქ ლვოვში. ქალაქის მერი ამბობს, რომ შედეგად, ლვოვის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.სოციალურ ქსელებში ასევე ვრცელდება ცნობები ქალაქ ხარკოვში აფეთქებების შესახებ. სარაკეტო დარტყმების შედეგად გაჩერდა მეტროპოლიტენი. ქალაქს დენი არ მიეწოდება. აფეთქების ხმა ისმოდა კრივოი როგში, ხმელნიცკში და ოდესაში. ცოტა ხნის წინ განმეორებითი აფეთქებების ხმა გაისმა კიევში.
დედაქალაქის მერის თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ კიევის თავზე ოთხი რუსული რაკეტა ჩამოაგდო. ქალაქის ცენტრალურ უბანში საცხოვრებელ კორპუსებზე ორი დარტყმა განხორციელდა.
კლიჩკომ აღნიშნა, რომ თავდასხმის გამო ენერგეტიკოსებმა დაიწყეს ელექტროენერგიის გადაუდებელი შეწყვეტა მთელ უკრაინაში, მათ შორის კიევში.
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, სარაკეტო დარტყმების სამიზნე ძირითადად კრიტიკული ინფრასტრუქტურა იყო.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ თითქმის 4 500 რაკეტა გამოიყენა.