
რუსეთის მასირებული სარაკეტო იერიშის შედეგად, უკრაინაში 15 ენერგეტიკული ობიექტი დაზიანდა
15/11/2022 18:42:45 ევროპა
ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშების შედეგად, უკრაინაში შვიდ მილიონამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ გააკეთა.
ტიმოშენკოს თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 90-დან 70 რაკეტის ჩამოგდება მოახერხეს, თუმცა იერიშის შედეგად 15 ენერგეტიკული ობიექტი დაზიანდა.
უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებების მიხედვით, ქვეყანაში ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა სავარაუდოდ, ხვალ დილამდე ვერ მოხერხდება.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთმა ძირითადად ენერგეტიკულ ობიექტებზე მიიტანა იერიში:
„85 რაკეტა გამოუშვეს უკრაინის მიმართულებით, დაარტყეს ჩვენს ქალაქებს და ძირითადად ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. გასაგებია, რაც მტერს სურს. ის ამას ვერ მიაღწევს. კიდევ წინ არის 20 დარტყმა. რაკეტები მოფრინავს. ასე რომ გთხოვთ, თავს გაფრთხილდით და იყავით თავშესაფრებში. ვიცი, რომ დარტყმების შედეგად ჩვენს ქალაქებში ენერგეტიკა გათიშულია. ყველაფერს აღვადგენთ. ყველაფერს ავიტანთ“.
რუსეთის მიერ უკრაინაზე სარაკეტო იერიშის შემდეგ, რომელიც სავარაუდოდ, ყველაზე მასშტაბურია ამ ომის განმავლობაში,ელექტროენერგია მოლდოვაშიც გაითიშა.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიმს კლევერლის თქმით, უკრაინის ქალაქების დაუნდობელი დაბომბვა მხოლოდ პუტინის სისუსტეზე მიუთითებს:
„პუტინი ბრძოლის ველზე აგებს და როგორც ჩვენ დღეს „დიდი ოცეულის“ სამიტზე ვნახეთ, დიპლომატიურ ველზეც“.
განცხადება გააკეთა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა:
„როდესაც მსოფლიო ლიდერები „დიდი ოცეულის“ სამიტზე იკრიბებიან, რომ განიხილონ მსოფლიოში მოსახლეობის ცხოვრებისა და საარსებო წყაროსთვის მნიშვნელოვანი საკითხები, რუსეთი ისევ უქმნის საფრთხეს მათ სიცოცხლეს და ანადგურებს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას“.