
რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილი მასიური სარაკეტო იერიშის გამო, ელექტროენერგია მოლდოვაშიც გაითიშა
15/11/2022 18:48:43 ევროპა
რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილი მასიური სარაკეტო იერიშის გამო, ელექტროენერგია მოლდოვაშიც გაითიშა.
ქვეყნის ინფრასტრუქტურის მინისტრ ანდრეი სპინუს ცნობით, მოლდოვას რუმინეთიდან დენის მიწოდება შეუწყდა. მიზეზად უკრაინაზე მიტანილი სარაკეტო დარტყმების გამო, ელექტროგადამცემი ხაზის ავტომატურად გათიშვა დასახელდა.
„ელექტროგადამცემი ხაზი არ დაზიანებულა – უსაფრთხოების მიზნით გაითიშა. ახლა კომპანია მის აღდგენაზე მუშაობს“, – განაცხადა მოლდოვის ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
მოლდოვაში რუმინეთიდან დენის მიწოდება დღეს ადგილობრივი დროით 16:40 საათზე შეწყდა. შედეგად ათასობით აბონენტი დენის გარეშე დარჩა. კიშინიოვში შეჩერებულია ტროლეიბუსების მოძრაობაც.
ქეყნის პრეზიდენტმა მაია სანდუმ თავდასხმა დაგმო.
„კრემლის რეჟიმმა დღეს უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის, 100 რაკეტა გაუშვა. ისინი მოხვდა სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, საფრთხეში ჩააგდო ათასობით ადამიანის სიცოცხლე. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ თავდასხმას – უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე ყველაზე ძლიერი თავდასხმას.
უკრაინაში რუსეთის თავდასხმამ ასევე გამოიწვია იმ ხაზის ავტომატური გათიშვა, რომლითაც ჩვენს ქვეყანას მიეწოდება ელექტროენერგიაა, ამისთვის ათასობით მოქალაქე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მადლობას ვუხდი ყველა ადამიანს, ვისაც ახლა დენი არ მიწოდება, სიმშვიდისა და გაგებისთვის. სპეციალისტები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, რათა ელექტროენერგიის მიწოდება რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს“, – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.