
ებრაული მედია: "საქართველოში იციკ მოშეს მკვლელობა იგეგმებოდა"
15/11/2022 20:20:51 სამართალი
ებრაელი ბიზნესმენი, რომლის მკვლელობასაც, საქართველოს უშიშროების მონაცემებით, პაკისტანის მოქალაქე და საქართველოსა და ირანის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები გეგავდნენ, საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატის პრეზიდენტი იციკ მოშეა, - იუწყება ებრაული მედია.
გამოცემა "The Jerusalem post"-ის სტატიაში ნათქვამია, რომ "ირანული შეთქმულების" ორგანიზატორები "ქუდსის" (ისლამური რევოლუციის მცვლეთა კორპუსის სპეციალური სამხედრო ქვედანაყოფი) ძალები იყვნენ. გარდა ამისა, ქილერების ერთი ჯგუფი პაკისტანიდან, რომელიც თბილისში ჩამოვიდა ბიზნესმენის შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად, ტერორისტულ ორგანიზაცია "ალ-ქაედასთანაა" კავშირში, - წერს სტატიის ავტორი.
გამოცემა "The Times of Israel" კი ებრაულ სპეცსამსახურებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანი იციკ მოშეზე თავდასხმას ადრეც გეგმავდა და ტერორისტული თავდასხმები საქართველოში 2021-2022 წ.წ. უნდა განხორციელებულიყო.
ცნობისთვის: იციკ მოშე 1959 წლის 31 დეკემბერს დაიბადა. 1971 წელს იგი საქართველოდან ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად. 1996 წელს მოშემ საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატა დააფუძნა, ხოლო 2013 წელს – "ისრაელის სახლი".
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ უწყების კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილ და აღკვეთილ იქნა დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოში დაგეგმილი ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა. მათივე ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებული არიან პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები.