Accentnews.ge
პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ ცნობებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ეხმიანებიან

პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ ცნობებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ეხმიანებიან

15/11/2022 20:24:07 ევროპა

პოლონეთში რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობებს ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ეხმაურება.

„შემაშფოთებელი ახალი ამბავი პოლონეთიდან სულ მცირე ორი აფეთქების შესახებ. მჭიდრო კონტაქტზე ვართ პოლონელ მეგობრებთან. ლიეტუვა მტკიცედ დგას პოლონეთის გვერდით. ნატო-ს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი დაცული უნდა იყოს“, – წერს გიტანას ნაუსედა.

საკუთარი პოზიცია გამოხატეს აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმაც:

"ბოლო ცნობები პოლონეთიდან აღმაშფოთებელია. აქტიურ კონსულტაციებს გავდივართ პოლონეთთან და ჩვენს სხვა მოკავშირეებთან. ესტონეთი მზად არის, დაიცვას ნატოს ტერიტორიის თითოეული გოჯი",- ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მანამდე კომენტარი გააკეთა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა არტის პაბრიკსმა:

"რუსეთის დანაშაულებრივმა რეჟიმმა გაუშვა ორი რაკეტა, რომელიც არა მარტო მშვიდობიან უკრაინელებს მოხდათ, არამედ ჩამოვარდა ნატო-ს ტერიტორიაზეც - პოლონეთში. ლატვია სრულად უჭერს ხარს პოლონელ მეგობრებს და გმობს ამ დანაშაულს".

ამერიკის თავდაცვის უწყება ამ დროისთვის ვერ ადასტურებს ინფორმაციას პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ. განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით პენტაგონის პრესსპიკერმა პატრიკ რაიდერმა გააკეთა.

მისი თქმით, ამერიკის მთავრობა მხოლოდ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ფლობს.

„შემიძლია, გითხრათ, რომ ამ დროისთვის არ ვფლობთ არანაირ ინფორმაციას გავრცელებულ ვერსიასთან დაკავშირებით და მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ შესაბამის უწყებებთან“, – განაცხადა პატრიკ რაიდერმა.

პოლონური მედიისა და ოფიციალური პირების განცხადებებს პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების სავარაუდო დაცემის შესახებ „ესკალაციის მიზნით განზრახ პროვოკაცია“ უწოდეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

უწყება ირწმუნება, რომ ადგილობრივი მედიის მიერ გამოქვეყნებული ფოტოები არავითარი კავშირი არ აქვს რუსულ იარაღთან.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინა-პოლონეთის სახელმწიფო საზღვართან მდებარე სამიზნეებისთვის არ შეუტევიათ.

***

რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასობრივი სარაკეტო იერიშის დროს ორი რაკეტის პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდის შესახებ სხვადასხვა წყაროები იუწყებიან. Radio Zet-ის ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა ქალაქ პრჟევოდაში, ლუბელსკის რაიონში მდებარე მარცვლეულის საცავის მიდამოებში. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

რუსული რაკეტების მიერ პოლონეთის საზღვრის კვეთისა და შედეგად პოლონეთის ორი მოქალაქის დაღუპვის ფაქტი Associated Press-ს აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსანმაც დაუდასტურა.

Reuters–ის ინფორმაციით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის საგანგებო სხდომა მოიწვია. კომიტეტში შედიან თავდაცვის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე სპეცსამსახურების წარმომადგენლები.

განსხვავებულ ცნობებს ავრცელებს რადიო Lublin. მედიასაშუალების ინფორმაციით, ინციდენტი პრჟევოდოვში დაახლოებით 15:40 საათზე მოხდა, თუმცა აფეთქდა არა რაკეტები, არამედ ტრაქტორი, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S