
რუსული თეორია, რომ უკრაინის რაკეტა ჩამოვარდა პოლონეთში, ტყუილია– კულება
15/11/2022 22:15:54 ევროპა
საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ განაცხადა, რომ პოლონეთში უკრაინის საჰაერო თავდაცვის ფრაგმენტები არ ჩამოვარდნილა.
„რუსეთი ახლა ავრცელებს შეთქმულების თეორიას იმის თაობაზე, რომ უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა თითქოს პოლონეთის ტერიტორიაზე დაეცა. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. არ არის საჭირო რუსულ პროპაგანდასთან თამაში ან მისი მესიჯების გავრცელება. ეს გაკვეთილი დიდი ხნის წინ უნდა გვესწავლა, MH17-ის ჩამოგდების შემდეგ“,– ამბობს კულება.
რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასობრივი სარაკეტო იერიშის დროს ორი რაკეტის პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდის შესახებ გახდა ცნობილი. Radio Zet-ის ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა ქალაქ პრჟევოდაში, ლუბელსკის რაიონში მდებარე მარცვლეულის საცავის მიდამოებში. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის საგანგებო სხდომა მოიწვია. კომიტეტში შედიან თავდაცვის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე სპეცსამსახურების წარმომადგენლები. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პოლონეთი სამხედრო მზადყოფნას ზრდის.
ცნობებს „ესკალაციის მიზნით განზრახ პროვოკაცია“ უწოდეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში. ამასთან რუსი პროპაგანდისტები ავითარებენ ვერსიას, რომ მომხდარი „ბრიტანეთის ან პოლონეთის პროვოკაციაა, ან უკრაინის შეცდომა“.