Accentnews.ge
იციკ მოშე ისრაელს მხარდაჭერისთვის და საქართველოს ტერაქტის ჩაშლისათვის მადლობას უხდის

იციკ მოშე ისრაელს მხარდაჭერისთვის და საქართველოს ტერაქტის ჩაშლისათვის მადლობას უხდის

16/11/2022 07:58:46 სამართალი

ებრაელი ბიზნესმენი, საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატის პრეზიდენტი იციკ მოშე ისრაელს მხარდაჭერისთვის და საქართველოს ტერაქტის ჩაშლისათვის მადლობას უხდის.

„გმადლობთ მხარდაჭერისთვის. მადლობა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს, იცხაკ ჰერცოგს გამამხნევებელი სიტყვებისათვის, მხარდაჭერისთვის და რა თქმა უნდა დიდი მადლობა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს ტერაქტის გამოაშკარავებისა და ჩაშლისათვის. სამუშაო და საქმე ბევრია. ჩვენ ვაგრძელებთ და ვემზადებით ახალი სამუშაო დღისთვის“, –წერს ბიზნესმენი სოციალურ ქსელში.

იციკ მოშეს მკვლელობის მცდელობის ფაქტს ეხმიანება საერთაშორისო სავაჭრო პალატაც:

"საერთაშორისო სავაჭრო პალატა მკაცრად გმობს ისრაელ-საქართველოს ბიზნეს პალატის პრეზიდენტის, ICC Georgia-ს მაღალი რანგის წევრის, იციკ მოშეს მკვლელობის მცდელობას", – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

საერთაშორისო სავაჭრო პალატა მადლობას უხდის საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს მკვლელობის მცდელობის დროული აღკვეთისთვის.

„იციკ მოშე წლებია, იბრძვის საქართველოში ბიზნესისა და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებისა და ქართველი ხალხის ცხოვრების დონის ამაღლებისთვის; ის არის ბიზნეს საზოგადოების უაღრესად პატივსაცემი წევრი და დიდი ქველმოქმედი, ეს მკვლელობის მცდელობა არის ყველა პასუხისმგებლიანი ბიზნესისა და ქვეყნის სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული", – აცხადებს საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლი.

ცნობისთვის: გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უწყების კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილ და აღკვეთილ იქნა დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოში დაგეგმილი ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა. მათივე ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებული არიან პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები.

მოგვიანებით, ებრაული მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "საქართველოში იციკ მოშეს მკვლელობა იგეგმებოდა".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S