სამადაშვილი: "ვარჰეის შეფასებები უცნაური იყო არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ბევრი მისი კოლეგისა და ევროპარლამენტის წევრებისთვის"
16/11/2022 12:41:03 პოლიტიკა
"ლელოს" წევრი დეპუტატი სალომე სამადაშვილი ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ "ევროპელი დიპლომტის შეფასებები უცნაური იყო არა მხოლოდ მისთვის, არამედ ევროკომისრის ბევრი კოლეგისა და ევროპარლამენტის წევრებისთვის".
მისი თქმით, რეალობას.აცდენილი იყო ვარჰეის შეფასება საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე:
"მგონი, საქართველოს მოქალაქეების 90 პროცენტზე მეტი, ვინც გუშინ მოისმინა, რომ ეკონომიკა ყვავის მაშინ, როცა ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს აწუხებთ სწორედ ეკონომიკური პრობლემები და უმუშევრობა, დაგვეთანხმება, რომ ეს შეფასება იყო აცდენილი რეალობას".
მისი თქმით, უცნაური იყო ვარჰეის განხადება, რომ არ იცნობს პრობლემებს, რაც აღწერილია ევროპარლამენტის დოკუმენტებში:
"ასევე ჩემთვის ძალიან უცნაური იყო განაცხადი ევროკომისრის მხრიდან, რომ მას არ სმენია მაგალითად, პოლიტიზირებული მართლმსაჯულების პრობლემებზე. მან განაცხადა, რომ არ იცნობს პრობლემებს, რაც აღწერილია ევროპარლამენტის ანგარიშებში და რეზოლუციებში. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მისი შეფასებები გუშინ იყო უცნაური არამხოლოდ ჩემთვის, არამედ ბევრი მისი კოლეგისთვისაც და დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ევროპარლამენტის წევრებისთვის".
როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, "ვარჰეის შეფასებები არის აცდენაში საერთო აზრთან, რომელიც არის ჩამოყალიბებული ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ევროკავშირში და ჩვენ არ უნდა მოვიტყუოთ თავი, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს შანსი მიიღოს კანდიდატის სტატუსი იმ პრობლემების გადაჭრის გარეშე, რომელიც აღწერილია ევროპარლამენტის მიერ, რომელსაც მხარს უჭერს "ქართული ოცნების" პარტნიორი პარტია "სოციალისტური პარტია" და ყველა სხვა ძირითადი პოლიტიკური ჯგუფი".
კითხვაზე, რატომ არ შეხვდა გუშინ ევროკომისარს, სამადაშვილმა შემდეგი განაცხადა:
"რამდენადაც მე არ ვარ ოფიციალურად „ლელოს“ პოლიტიკური ჯგუფის წევრი, რადგან რეგლამენტი ამის შესაძლებლობას არ მაძლევს, თავმჯდომარის კაბინეტმა დაადგინა, რომ მე არ მექნებოდა შესაძლებლობა ამ შეხვედრაში მონაწილეობის".
კითხვაზე, ხომ არ გრძნობს უხერხულობას თავის განცხადების გამო, რომ ევროკომისარი წარდგენილია ორბანის პარტიის მიერ, რომელიც რუსეთის ინტერესებთან არის დაკავშირებული, სამადაშვილი აღნიშნავს, რომ "ის აღწერს ფაქტებს, რომ ის წარმოადგენს პოლიტიკურ ძალას, რომელიც გარიყულია ევროპაში"
"ოლივერ ვარჰეი ორბანის პარტიის წარმომადგენელია, ევროკომისრის პოსტზე დასახელებულია ორბანის ხელისუფლების მიერ, მაღალ თანამდებობებს იკავებდა მის პარტიაში და ფაქტების აღწერა, რომ ის წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც გარიყულია ევროპაში, გარიცხულია "ევროპის სახალხო პარტიიდან" და რომ ამ პოლიტიკური ძალის პოზიცია არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს კანდოდატის სტატუსი, ეს პოზიცია მქონდა გუშინ, მაქვს დღეს და მექნება ყოველთვის, რადგან არავინ უნდა მოატყუოს "ქართულმა ოცნებამ", რომ თუ უმძიმესი გამოწვევები არ გადაიჭრა, წარმატებას მივაღწევთ სტატუსის მიღებაში, ეს არის ტყუილი"- დასძინა სამადაშვილმა.


