
უკრაინამ კადიროვი ძებნაში გამოაცხადა
17/11/2022 07:04:21 ევროპა
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი ძებნილთა ბაზაში შეიყვანა.
როგორც განიმარტა, მას ბრალად ედება აგრესიული ომის გაჩაღება, წარმოება და უკრაინის საზღვრების შეცვლისა და კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის მიზნით ქმედებების ჩადენა, რამაც გამოიწვია ადამიანების სიკვდილი და სხვა მძიმე შედეგები.
მითითებულია, რომ კადიროვი წინასწარ გამოძიებას 12 სექტემბრიდან ემალება.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კადიროვის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო 26 აგვისტოს.
„2022 წლის თებერვალ-მარტში კადიროვი პირადად აკონტროლებდა ჩეჩნეთის ქვედანაყოფების ინდივიდუალური სამხედრო ოპერაციების განვითარებას და დაგეგმვას, აძლევდა ბრძანებებს, ისმენდა მოხსენებებს“,– განმარტავს უწყება.
თავად კადიროვმა თავის ტელეგრამ–არხის მეშვეობით განაცხადა, რომ გააგრძელებს მონაწილეობას "სპეცოპერაციაში". მან არ უარყო მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შესახებ ბრალდებები.
„მე ვიღებ ყველაფერს, რაც გავაკეთე უკრაინაში, თუ თქვენ ასე ამბობთ“, - განაცხადა კადიროვმა.