
ბრიტანული სპეცსამსახურის გენდირექტორი რუსეთის დაზვერვისთვის მიყენებულ სტრატეგიულ დარტყმასა და ევროპის უსაფრთხოების მთავარ გამოწვევებზე საუბრობს
17/11/2022 07:18:13 ევროპა
ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის MI5-ის გენერალურმა დირექტორმა კენ მაკკალუმმა განაცხადა, რომ წელს ევროპიდან, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან, გააძევეს 600-ზე მეტი რუსი აგენტი. მათგან 400-ზე მეტი, სავარაუდოდ, დიპლომატიური და სხვა საქმიანობის საფარქვეშ ჯაშუშობით იყო დაკავებული.
ამას მაკკალუმმა უწოდა ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული დარტყმა რუსეთის დაზვერვისთვის ევროპის უახლეს ისტორიაში.
”ამ მასშტაბმა [აგენტების გაძევებამ–– რედ], სანქციებთან ერთად, რა თქმა უნდა, გააოცა პუტინი [რუსეთის პრეზიდენტი – რედ.],” - თქვა მაკკალუმმა.
მისი თქმით, ბრიტანულმა დაზვერვამ რუსი ჯაშუშების წინააღმდეგ ბრძოლა 2018 წელს სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის მცდელობის შემდეგ გააძლიერა. მას შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა გააუქმა რუსეთის მოქალაქეებზე გაცემული 100-ზე მეტი დიპლომატიური ვიზა. რუსეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა ახალ ფაზაში გადავიდა უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის დაწყების შემდეგ. დიდი ბრიტანეთი იყო და რჩება უკრაინის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ ევროპაში და ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობებს, დაადანაშაულოს იგი დივერსიაში, მაგალითად, მაკკალუმმა ხაზი გაუსვა „ჩრდილოეთ ნაკადის“ გაზსადენების გაჩერებას.
მას მიაჩნია, რომ დიდი ბრიტანეთი მზად უნდა იყოს რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის კიდევ მრავალი წლის განმავლობაში - მათ შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში.
თუმცა, მან აღმოსავლეთიდან წამოსულ საფრთხეს დიდი ბრიტანეთისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის მთავარი საფრთხე უწოდა.
მისი აზრით, ჩინეთმა „დიდხნიანი თამაში დაიწყო“ დასავლეთის წინააღმდეგ და ცდილობს პოლიტიკური ცხოვრებით მანიპულირება მოახდინოს როგორც ევროპაში ჩინურ დიასპორაზე, ისე ადგილობრივ პოლიტიკოსებზე გავლენით.
მაკკალუმმა აღნიშნა ევროპაში ჩინელი დისიდენტების გატაცების შემთხვევები, რომლებიც დაკავშირებულია ჩინური სპეცსამსახურების საქმიანობასთან. თავად ჩინური მხარე კავშირს უარყოფდა.
ბრიტანეთის დაზვერვის უფროსი კიდევ ერთ პრობლემად ირანის სპეცსამსახურების საქმიანობას მიიჩნევს.
მისი თქმით, დიდ ბრიტანეთში მხოლოდ წელს სულ მცირე, 10 შემთხვევა დაფიქსირდა ადამიანების გატაცების ან მკვლელობის საფრთხის შესახებ ირანის საიდუმლო აგენტებისგან.