
ზელენსკი - ჰააგის განაჩენზე: "ტრიბუნალის წინაშე დამკვეთებიც უნდა წარდგნენ"
17/11/2022 18:26:46 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „მნიშვნელოვანი“ უწოდა რეისი MH17-ის ჩამოგდების თაობაზე ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ შემსრულებლების გარდა, ტრიბუნალის წინაშე ამ დანაშაულის დამკვეთებიც უნდა წარდგნენ.
„არის პირველი განაჩენი MH17-ის კატასტროფაში დამნაშავეთა მიმართ. მაგრამ აუცილებელია, რომ საბრალდებო სკამზე აღმოჩნდნენ დანაშაულის დამკვეთებიც, რადგან დაუსჯელობა ახალ დანაშაულებს გამოიწვევს. ეს ილუზია უნდა დაიმსხვრეს. რუსეთის მიერ ჩადენილი როგორც ადრინდელი, ისე ამჟამინდელი მხეცობებისთვის სასჯელი გარდაუვალი უნდა იყოს“, - დაწერა თავის ტვიტერში ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
2014 წლის 17 ივლისს „ბოინგი“ (რეისი MH17) ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა, როცა მან დონბასში განიცადა კატასტროფა. დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 298-ვე ადამიანი - ათი სახელმწიფოს მოქალაქეები. მათი უმრავლესობა ნიდერლანდელები იყვნენ.
ავიაკატასტროფამდე რამდენიმე თვით ადრე რუსეთმა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსია მოახდინა და გააძლიერა აღმოსავლეთ უკრაინელი სეპარატისტების დახმარება.
17 ნოემბერს ჰააგის სასამართლომ 2014 წლის ივლისში მალაიზიური ბოინგის ჩამოვარდნაში მონაწილეობისთვის დამნაშავედ ცნო რუსეთის ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე: იგორ გირკინი (სტრელკოვი), სერგეი დუბინსკი და უკრაინის მოქალაქე ლეონიდ ხარჩენკო.
საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის თანახმად, MH-17 ჩამოაგდეს რაკეტით, რომელიც რუსეთის კონტროლქვეშ მყოფმა სეპარატისტებმა ისროლეს.
17 ნოემბერს სასამართლომ განაცხადა, რომ გირკინმა, დუბინსკიმ და ხარჩენკომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მარშრუტის კოორდინაციაში, „Бук-ის" ტრანსპორტირებასა და დაცვაში. ამავდროულად, სასამართლო დაეთანხმა გამოძიების დასკვნებს, რომ რაკეტის გაშვებაში პირადად არცერთ მსჯავრდადებულს არ მიუღია მონაწილეობა.
ამასტან სასამართლომ გაამართლა რუსეთის მოქალაქე, ბრალდებული ოლეგ პულატოვი, რომელიც 2014 წლის ზაფხულში რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალების რეზერვის პოდპოლკოვნიკი იყო.