
„კამერებით იღებდნენ“: უკრაინის ომბუდსმენი ხერსონში წამების მასშტაბით შეძრწუნებულია
17/11/2022 19:14:22 ევროპა
უკრაინის სახალხო დამცველი დიმიტრი ლუბინეცი ამბობს, რომ შეძრწუნებულია წამების მასშტაბით, რომელსაც ოკუპანტები ხერსონის რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ იყენებდნენ.
მისი თქმით, ხერსონში უკვე აღმოაჩინეს ორი საწამებელი კამერა და დადასტურებული ფაქტებია, რომ წამების შემდეგ მსხვერპლნი ხოცავდნენ.
ომბუდსმენის თქმით, ატყვევებდნენ როგორც პროუკრაინული განწყობის მოქალაქეებს, ასევე მდიდარ ადამიანებს, რომლებსაც ფულის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდნენ.
ის დარწმუნებულია, რომ მსგავსი საწამებელი კამერები სხვა დასახლებებშიც მოიძებნება:
"ასეთი მასშტაბი აქამდე არ მინახავს. პირადად მოვინახულე ყველა საწამებელი ადგილი უკრაინის სხვადასხვა რეგიონში. ეს მასშტაბი უბრალოდ საშინელია... როგორც ჩანს, რუსი სამხედროები იღებენ სიამოვნებას, როცა კლავენ და აწამებენ ჩვენს მოქალაქეებს...
დღესაც ველაპარაკე ბიჭს, რომელიც 45 დღე ჰყავდათ დატყვევებული ერთ–ერთ მსგავს ადგილზე და აწამებდნენ. ამ ხნის განმავლობაში მან ნახა ათობით ადამიანი, რომლებიც მასთან ერთად აწამებდნენ დენით, ლითონის მილებით, უმტვრევდნენ ძვლებს და ეს ყველაფერი ხდებოდა კამერების წინ. ანუ რუსებმა გადაიღეს ეს ყველაფერი“.
ხერსონი 11 ნოემბერს დაუბრუნდა უკრაინის კონტროლს რვათვიანი ოკუპაციის შემდეგ. იუწყებიან, რომ ქალაქში ათებულობით ნაწამები მოქალაქის ცხედარი იპოვეს.